შავი ჭირის პანდემიას მოსახლეობის საყოველთაო ფსიქოზი სდევდა თან - დიდი ჟამიანობა

"ჭირმა უკანონობა წარმოშვა. უცებ შეიცვალა ყველაფერი: მდიდარი კვდებოდა და უქონელი ეუფლებოდა მის ქონებას... აღარ აკავებდა კაცს ბოროტებისგან აღარც ღმერთებისა და აღარც კანონის შიში, რადგან ყველა ერთნაირად იხოცებოდა"

შავი ჭირის ეპიდემია ცნობილი იყო ძველი შუმერულ-ბაბილონური სამყაროსთვის და ბიბლიაშიც მრავლად არის დაცული ცნობები ჟამიანობის შესახებ. ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. ათენის სამხედრო შენაერთებმა დიდი ზარალი განიცადეს. პოტიდეასთან მდგარი 4000 მეომრიდან 40 დღეში 1500 დაიღუპა. შავმა ჭირმა 2700 მძიმედ შეჭურვილი ჰოპლიტიდან 400 მოსპო...

 

შავი ჭირის ეპიდემიები მსოფლიოში

შავი ჭირის პირველი ყველაზე დიდი პანდემია აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს. დასაწყისში ჟამი 541 წელს გამოჩნდა ეთიოპიასა და ეგვიპტეში, საიდანაც ის მოედო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სიღრმეშიც შეაღწია. კონსტანტინოპოლში შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევები 542 წლის მაისით თარიღდება. ბიზანტიელი მემატიანის, პროკოპი კესარიელის თანახმად, ავადმყოფობა თავს დაატყდა დედამიწის არა ერთ რომელიმე ნაწილს ან საზოგადოების ერთ ფენას, არამედ ის შეეხო ყველას - სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს. "სენი ოთხ თვეს გაგრძელდა, თუმცა განსაკუთრებით ბობოქრობდა სამი თვის განმავლობაში. თავიდან ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ხალხი კვდებოდა, შემდგომ კი სიკვდილიანობამ იმატა და იმატა. გარდაცვლილთა რიცხვი დღეში 5 ათას აღწევდა, შემდეგ - 10 ათასს და მეტსაც". მიაჩნიათ, რომ იუსტინიანეს დროინდელ შავ ჭირს 30-დან 50 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შავი ჭირის პანდემიამ დასავლეთ ევროპაში მიიღო XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც 1347-1534 წლებში მისი მასობრივი გავრცელების 17 შემთხვევა აღირიცხა. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში შავი სიკვდილით მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ინგლისში ეპიდემიამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. ყველაფერი კი 1347 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულიდან გენუელთა 12 გემი სიცილიის ქალაქ მესინას ნავსადგურში ჩავიდა და შავი ჭირით დაავადებული მეზღვაურები ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ეპიდემიის კერები გაჩნდა გენუაში, ვენეციასა და მარსელში. 1348 წელს შავი ჭირი მძვინვარებდა ესპანეთში, საფრანგეთში, საიდანაც ინგლისში შეაღწია. შავი ჭირის პანდემია დროდადრო ჩაწყნარდებოდა, შემდეგ ევროპის რომელიმე რეგიონში კვლავ იფეთქებდა. სხვადასხვა შეფასებით, 1347-1351 წლებში ჭირმა 75-დან 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.
 

XIV საუკუნის შუა პერიოდის "დიდი პანდემიის" შემდეგ, შავი ჭირი დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს ბიზანტიასა თუ ევროპის სახელმწიფოებს. XV საუკუნის დასაწყისში ჟამი მძვინვარებდა კონსტანტინოპოლსა და იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. ამ სენმა 1409-1410 წლებში იმსხვერპლა იმპერატორ მანუელ II პალეოლოგის ორი შვილი - უფლისწული მიხეილი და დიმიტრი. 1417 წელს ამ სენისგან გარდაიცვალა იმპერატორ იოანე VIII-ის მეუღლე - მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი I-ის ასული ანნა. 1438 წლის დასაწყისში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა ქალაქ ფერარაში (იტალია), სწორედ იმ დროს, როდესაც იქ დიდი საეკლესიო კრება მიმდინარეობდა (1438 წლის აპრილიდან). მოსალოდნელი საფრთხის გამო წმინდა კრებულმა ქალაქ ფლორენციაში გადაინაცვლა და იქ განაგრძო მუშაობა. ბიზანტიელი ისტორიკოსის, გიორგი სფრანძესის ცნობით, შავი ჭირი ბიზანტიაში XV საუკუნის 40-50-იან წლებში მძვინვარებდა. 1448 წელს ამ სენმა იმსხვერპლა მორეის დესპოტი თეოდორე II პალეოლოგი, ხოლო 1455 წელს ჟამისგან გარდაიცვალა გიორგი სფრანძესის 14 წლის ქალიშვილი თამარი.

 

შავი ჭირი მსოფლიო ლიტერატურაში
 
შეუძლებელია შავი ჭირის სენზე საუბრისას მკითხველს არ გაახსენდეს ალბერ კამიუს ცნობილი ნაწარმოები "შავი ჭირი" (La Peste), რომელშიც ეს ეპიდემია ნაციზმისა და ფაშიზმის ალეგორიაა. ამ ქვეტექსტების მიუხედავად, კამიუმ შეძლო თავად დაავადების ევოლუციის რეალისტური სურათის დახატვა. რომანი იწყება შავი ჭირის ბაცილით დაავადებული ვირთაგვების სიკვდილიანობის აღწერით. ავტორს მკითხველი თანდათან შეჰყავს იმ სამყაროში, სადაც სიკვდილი სუფევს. პატარა ქალაქ ორანში ჟამიანობის პირველი მსხვერპლიც მალე გამოჩნდა.
 
შავი ჭირის პანდემიას მოსახლეობის საყოველთაო ფსიქოზი სდევდა თან. ფასი ეკარგებოდა ყოველგვარ ღირებულს. ადამიანები ეჩვეოდნენ სიკვდილს.
 
 
ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებული შავი ჭირის აღწერა მოცემულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის, თუკიდიდეს ნაწარმოებში: "ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა. რასაც ადრე მალულად თუ ჩაიდენდა კაცი, ახლა ამას აშკარად და უტიფრად კადრულობდა. უცებ შეიცვალა ყველაფერი: მდიდარი კვდებოდა და უქონელი ეუფლებოდა მის ქონებას. რაკი სიცოცხლე და სიმდიდრე წარმავალ ღირებულებად იქცა... განცხრომა უპირველეს და უმშვენიერეს საქმედ შეიქნა. აღარ აკავებდა კაცს ბოროტებისგან აღარც ღმერთებისა და აღარც კანონის შიში, რადგან ყველა ერთნაირად იხოცებოდა და არავინ იცოდა, იცოცხლებდა თუ არა კანონიერ სასჯელამდე. უფრო მძიმე განაჩენი ხომ უკვე გამოტანილი იყო და მის აღსრულებამდე ყველას უნდოდა სიცოცხლით დამტკბარიყო".
 
 

 
ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ შექმნილი რეალობაა გადმოცემული ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონის" შესავალში. ეს ნაწარმოები 1350-1353 წლებში იწერებოდა, სწორედ მაშინ, როცა იტალიასა და, საერთოდ, ევროპაში "შავი სიკვდილი" მძვინვარებდა. ბოკაჩოს გმირები ფლორენციიდან შავ ჭირს გაურბიან და მომაკვდინებელ სენს ქალაქგარეთ ვილაში ემალებიან. სწორედ აქ ყვებიან ისინი იმ ამბებს, რომლებიც "დეკამერონშია" გადმოცემული. "ჭირი ჯერ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაჩნდა და იქ აუარებელი ხალხი იმსხვერპლა, მერე შეუჩერებლივ გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ბოლოს დასავლეთამდეც მოაღწია და აქ საშინლად მოედო ყველგან. ამის წინააღმდეგ ვერ გასჭრა ვერავითარმა სიბრძნემ და ნაცადმა საშუალებამ; ქალაქს სიბინძურისაგან აწმენდინებდნენ საგანგებოდ ამისთვის მიჩენილ ხალხს, ყველა სნეულს ქალაქში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა; გამოსცეს მრავალი დარიგება სისუფთავის დასაცველად; აღარა შველოდა არცა მხურვალე ლოცვა-ვედრება, რომელსაც მრავალგზის აღავლენდნენ ზეცად ლიტანიობისა თუ სხვა სახით კეთილმსახურნი ადამიანნი..."
 
როგორც ერიხ ფრომი აღნიშნავს, კრიზისების ჟამს ადამიანთა ერთ ნაწილში ყოველივე ღვთაებრივი უფასურდება და "მამაში ღმერთს აღარ ხედავს და ამით მისი სახით მშობლის მხარდაჭერას კარგავს. იმავდროულად, მისთვის არსებობას წყვეტს ყველა დიდი რელიგიური პოსტულატების ჭეშმარიტებაც". ასეთ სულიერ განწყობათა ჟამს, რელიგიურ რიტუალებსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს ანაცვლებდა ხორციელი სიამოვნებები, გართობა-ღრეობა. მარადიულობაზე ზრუნვის მაგიერ ადამიანი ცხოველური ინსტინქტების ტყვეობაში ექცეოდა, რასაც მოჰყვებოდა ზნეობრივი დაცემა, ძალადობა და ა.შ.
 
 
საზოგადოების მეორე ნაწილში მომაკვდინებელმა სენმა, პირიქით, რელიგიური გრძნობები გაამძაფრა. ამას ხელს უწყობდა თავად ოფიციალური ეკლესიის პოზიცია. 1348 წელს რომის პაპმა კლემენტი VI-მ შავი ჭირი "ღმერთის სამართლად" გამოაცხადა და განაცხადა, რომ უფალმა ეს რისხვა კაცობრიობას მოუვლინა თავისი ცოდვების გამო.
 

ვფიქრობთ, პანდემიის დროს საზოგადოებრივი განწყობების მსგავსი ტრანსფორმაცია არ შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდს ან რეგიონს. მისი განზოგადება თავისუფლად შეიძლება საქართველოზეც. თუკიდიდე, პროკოფი კესარიელი თუ ბოკაჩო სხვადასხვა ეპოქისა და გეოგრაფიული გარემოს მკვიდრნი არიან, თუმცა, მომაკვდინებელი სენის მძვინვარების აღწერისას თითქოს იმეორებენ სიკვდილის საუფლოში მოხვედრილ ადამიანთა საპასუხო რეაქციებს. როგორც ჩანს, კრიტიკულ ვითარებაში საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის დროსა და სივრცეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.



დაავადების შესახებ

საუკუნეების განმავლობაში ყველაზე საშინელი დაავადების, შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიაა Yersinia pestis-ი, რომელიც 1894 წელს დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა და იაპონელმა ექიმმა და ბაქტერიოლოგმა კიტასატო სიბასაბურომ.
 
 

 
შავი ჭირის ბაცილა ცუდად იტანს მაღალ ტემპერატურას, სინათლესა და სიმშრალეს. სამაგიეროდ, კარგად ეგუება სინოტივესა და დაბალ ტემპერატურას. ბაქტერია Yersinia pestis-ი­ ბუნებაში დახურული კერის სახით არსებობს. ამიტომაც არის, რომ მეცნიერები განარჩევენ ბუნებრივ, ანუ პირვანდელ და მეორად ("ქალაქურ") კერებს. ბუნებაში ინფექციის ძირითადი რეზერვუარები მღრღნელებია. ასეთი კერები არის საქართველოშიც. ეს ბაქტერია საშიშია მაშინ, როცა ხდება ტრანსმისია, ინფექციის გადაცემა ძირითადი რეზერვუარიდან ისეთ მატარებელზე, რომლის საბინადროც არ შემოიფარგლება მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიით. ასეთია რუხი, შავი და წითელი ვირთაგვები, 100-ზე მეტი სახის რწყილი, სხვადასხვა ცხოველი. მათი მეშვეობით ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
 

ვირთაგვების გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო შუა საუკუნეებში. განსაკუთრებით ამას ხელს საზღვაო ვაჭრობის განვითარება უწყობდა. მღრღნელები გემებთან ერთად "მოგზაურობდნენ" და ყველაზე საშინელი სენის გადამტანი ხდებოდნენ. ამ შემთხვევაში ვირთაგვები ბაქტერიის მოძრავ რეზერვუარებს წარმოადგენდნენ. ისინი თუნდაც დაავადებული ყოფილიყვნენ, ბაქტერია არ გადაეცემოდა ადამიანს, თუ ვირთაგვებთან პირდაპირი შეხება არ ექნებოდა. ადამიანსა და დაავადებულ ცხოველებს - მღრღნელებს შორის გადამტანი კი რწყილი იყო.

 

 

ჯაბა სამუშია
(ჟურნალი "ისტორიანი", #4/112)
წაკითხვა 631 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.