იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა და ახალი პრინციპით იმუშავებს

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა და იმუშავებს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.

 

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

 

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
➡ ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის კალენდარი;
➡ დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
➡ წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
➡ ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;
➡ ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;
➡ ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
➡ მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება;
➡ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე;
➡ სერვისის დაჯავშნას მომხმარებელი სატელეფონო ცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით ვერ შეძლებს. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი – my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.

 

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

 

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

 

ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.

წაკითხვა 678 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.