უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა და ის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული.
სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიმდინარეობაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობ და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.
სიახლეები
- “შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
- პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
