მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს

“პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც გაჩნდა მითი, რომ 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას იწვევდა, რაც ისედაც პანიკაში მყოფ მოსახლეობას ძალადობისკენ უბიძგებდა, მაგალითად, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში მოქალაქეებმა 5G ანძები გადაწვეს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს ეგზავნებოდათ ვრცელი ტექსტი, სადაც მოსახლეობას 5G -სა და კოვიდ-ის ურთიერთკავშირზე აფრთხილებდა, ტექსტში ასევე დართული იყო, რომ ეს ინფორმაცია სხვებისთვისაც გადაეცათ...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს / “ადამიანების დიდი ხნით იზოლაციაში ყოფნამ ხელი შეუწყო შეთქმულების თეორიების გავრცელებას.”

 

“სოციალურ ქსელში ასევე ვირუსულად გავრცელდა რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეოც, რომელზეც ასახული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ხანძრის ალში გახვეული ანძები, რომელსაც თან ახლდა ტექსტი შინაარსით, რომ ანძებს წვავენ და ანგრევენ მსოფლიოს ქალაქებში, რადგან ისინი კორონავირუსის გავრცელებას იწვევენ. გარდა ამისა, დაიწყეს თუ არა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ფიქრი, უმალვე გავრცელდა ჭორები, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინით მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვას და პლანეტის მოსახლეობის შვიდი მილიარდიდან ერთ მილიარდამდე დაყვანას აპირებს. ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ჭორის მექანიზმი ყველა დროში კარგად მუშაობს და სანამ ადამიანი რაღაცის გადაიჯერებს, ჭორი მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას უკვე ახდენს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელების უკან შეთქმულების თეორიების მომხრე ძალები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ადამიანები ყოველთვის იწყებენ რაიმე მოვლენების ახსნას და ეს ძალიან ადამიანურია, ამასთან (კორონავირუსთან) დაკავშირებით უამრავი თეორია და ჭორი არსებობს, იზოლაციამ კი თავისთავად წყალი დაუსხა ამ ტიპის ინფორმაციებს, რადგან ადამიანები სახლში იყვნენ და უფრო მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში - ადამიანი კი ნატურაა, რომ უნდა რაღაცის ახსნა და შესაბამისად რაღაცას უნდა დაუკავშიროს, აქ გასაოცარს ვერ ვხედავ. ჭორის მექანიზმის ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებდა და იყენებს, არსებობს უამრავი ჯგუფი, ვისთვისაც მედია იარაღია იმიტომ, რომ ესაა ინფორმაციის გავრცელების წყარო. ესაა ძალიან მარტივი უტყუარი ფსიქოლოგიური კანონი - მაგალითად წინა მთავრობა გააჟღერებდა ხოლმე ყოვლად არამართებულ ჭორს, მაგრამ ეს ჭორი მუშაობდა - სანამ ამის გადაჯერება მოხდება, ამან რაღაცა ემოციური ზეგავლენა ჩემზე უკვე მოახდინა - ამიტომ ამას იარაღად კარგად იყენებენ. რისთვისაც სოციალურ ქსელებს და მედიას იყენებენ, ეს ოდითგან იყო, არის და იქნება, ეს ადამიანის ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფსიქოლოგი მამულაშვილი.

 

“5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ ასეთი ქმედებები შეთქმულების თეორიის ვარიანტია, ასევე იყო ნათქვამი, რომ კორონავირუსი თურმე ხელოვნურადაა გავრცელებული, თავისთავად ცხადია ამის უკან დგას რაღაცა ძალა. მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ როგორც ჩანს ეს შეთქმულების თეორიის მომხრე ძალები არიან, რომლებიც ფანატიკური ინფორმაციებს გავრცელებით ამას ახორციელებენ. მეორე ვარიანტია ის, რომ არაა გამორიცხული აქ კონკურენციის ვარიანტიც იყოს, 5G ტექნოლოგია ჩინური გამოგონებაა და არაა გამორიცხული, რომ ეს ქმედება ჩინეთის წინააღმდეგაცაა მიმართული - იმის გათვალისწინებით, რომ იგი საკმაოდ ეკონომიკურად მძლავრი სახელმწიფო გახდა. მესამე ვარიანტად არ მინდა წარმოვაჩინო, რომ შესაძლოა ანტიჩინური ძალების გაკეთებული ქმედებაა, მაგრამ ეს საკითხიც შესაძლოა რაღაც დონეზეც განხილულ იქნას. ვინ დგას ამ ძალების უკან, ასე ხელის დადება რთულია. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლოა რუსეთის თემაც იყოს და შესაძლოა ისინი ჩინეთს ფარულად ებრძვიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“დღეს სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგია - ეს უცნაური სისტემაა, სადაც რეალური აქტორები აშშ და ჩინეთია,რუსეთი კი ერთგვარი დანამატია. კი გასაგებია, დიდი სახელმწიფოა და სამხედრო ტექნოლოგიების საკმაოდ მძლავრი ელემენტი და ასევე გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია, მაგრამ, ის მაინც სუსტია - ეკონომიკური პოტენციალით ჩინეთთან და ამერიკასთან შედარებლად დაბლა დგას. ვისაც შეთქმულების თეორიების და ფანტაზიების სჯერა ან უნდა რომ დაიჯეროს, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ვაქცინაციაზეც და ამის საშუალებით დაჩიპვაზეც არის გარკვეული მითები. იმის ახსნა რომ არ შეუძლიათ, თუ კორონავირუსი საიდან წამოვიდა და რა არის, შემდეგ რაღაც ფანტასტიკურ სცენარებს უკავშირებენ. არა მხოლოდ ბილ გეითზე, არამედ სოროსზეც იყო საუბარი - დამოუკიდებელ მილიარდერებს თითქოს უნდათ, რომ ფარულად მართონ მსოფლიო ხალხები, ესაა ფარული მართვის თეორია, რომელიც შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. მე შეთქმულების თეორიების არ მჯერა”, - დასძენს მაისაია.

 

“მე ეს პოზიცია მაქვს - სხვებს საპირისპირო პოზიცია აქვთ, ყველას თავისი აზრი აქვს. ეს უფრო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, პანდემიამ უკვე ფსიქოზი მოახდინა, პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგიურ მომენტებს კარგად იყენებენ” - თვლის მაისაია. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მსგავსი პროპაგანდის გავრცელებას ხელს კონკრეტული სახელმწიფოები უწყობენ. “სამწუხაროდ ესეთი ინფორმაციები დასავლეთის რაღაც ნაწილშიც ვრცელდება ხოლმე, ეს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და პოსტ-სოციალისტურ ქვეყებშია პოპულარული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კონსპირაციული თეორიები საკმაოდ მოდაშია”, - მიიჩნევს კაკაჩია, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ჩვენც ამ ქვეყნების რიგში შევდივართ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ბუნებრივია, რომ ასეთი თეორიების გავრცელება კონკრეტული სახელმწიფოების მიერ ხდება, მრავალი კვლევა არსებობს, რომ ამ პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი ხელს უწყობს, რომ ამითი როგორღაც შექმნას საპირწონე იდეოლოგია, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ, ამისი რეალურად აშინებთ განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასეთი ტიპის ინფორმაციებზე საკმაოდ მოწყვლადია - რომელთა შორის რელიგიური თემი და უამრავი სხვა ადამიანია. ამით ბუნებრივია ისინი სარგებლობენ რომლის შემდეგაც პოლიტიკური მიზნებისთვის ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება. ასეთი რამ ძირითადად ისეთ საზოგადოებაში ჩნდება, სადაც კრიტიკული აზროვნების დაბალი დონეა, ამითი სხვადასხვა ჯგუფები მათ შორის პოლიტიკური ჯგუფებიც სარგებლობენ, კონსერვაციული, რელიგიური თუ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

წაკითხვა 646 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.