პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი ფულად დახმარებას ვერ იღებს

“კორონავირუსის გამო სამსახური უამრავმა ადამიანმა დაკარგა, რის შემდეგაც, მთავრობამ მათთვის დახმარებების გაცემა დაიწყო.

თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა შემოსავალდაკარგულს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ არ მიუღია. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ანტიკრიზისული გეგმაა ხარვეზიანი, რომელიც მოსახლეობის მცირე სეგმენტს მოიცავს. მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი დახმარებების გაცემა უკვე დაწყებულია, მაგრამ ამით ყველა ვერ სარგებლობს. არის კატეგორია, რომელსაც თანხა არ ჩაერიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი ფულად დახმარებას ვერ იღებს / “კომპანიებს ჯერ აქვთ სიების წარდგენის ვალდებულება და მონაცემი შეიცვლება”.

 

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც აპრილში დაკარგეს ოფიციალური სამსახური, ვერ იღებენ 200-ლარიან დახმარებას იმ მიზეზით, რომ მათ მარტის ხელფასი აპრილის პირველ რიცხვებში ჩაერიცხათ. “მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიზერულ დახმარებებს ითვალისწინებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის, თუნდაც ის დაპირებული 200 ლარი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს დახმარების გაცემისას შეისწავლოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პირველი კვარტალის შემოსავლები და არ იხელმძღვანელოს მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებით. სხვა შემთხვევაში, ათასობით თანამოქალაქე უსამართლოდ დარჩება დაპირებული მინიმალური დახმარების გარეშე”, - აღნიშნა მიქაუტაძემ. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც სამსახური კოვიდ-19-ისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგეს და ბუნებრივია, ისინი სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ვერ მიიღებენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტორს უკავშირებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე სამსახურიდან წასულთა შესახებ მონაცემის უქონლობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ადამიანმა დახმარება თუ ვერ მიიღო, არ ნიშნავს, რომ მიზეზი ყოველთვის კოვიდ-19-ს უკავშირდება. კომპანიებში მუდმივად ხდება სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლების დათხოვნა, მიღება და ა.შ. შეიძლება ისიც, რომ დასაქმებულმა დაწერა განცხადება და წავიდა. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი მოთხოვნაა კომპანიების მიმართ, რომ სიაში არ მოხვდნენ მოქალაქეები, თუ პირდაპირი კავშირი არ იკვეთება კორონავირუსსა და მათი სამსახურიდან წასვლას შორის. შესაბამისად, ასეთი შეიძლება იყო სამუშაო დაკარგულთა, მაქსიმუმ, 10%, ვინც სხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო ხელფასი აპრილში. კომპანიებს ჯერ აქვთ სიების წარდგენის ვალდებულება და მონაცემი შეიცვლება. თუმცა, თუკი ვერ ახერხებენ სიების გადაგზავნას, შეიძლება, პრობლემა უკავშირდებოდეს წვრილ კომპანიებს და ტექნიკურად იყო ელექტრონული სიების შექმნის და სხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი. მსხვილ კომპანიებს, ყველა მათგანს, რომელიც ბიზნესასოციაციის წევრები არიან, ეს პრობლემა არ აქვთ”, - თქვა ლევან ვეფხვაძემ პრესასთან საუბრისას. საბოლოო ჯამში, კორონავირუსმა უამრავი ადამიანი დააზარალა. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისული ვითარების დროს, მთავრობა მოსახლეობის მცირე ნაწილს დაეხმარა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დახმარება უამრავ ადამიანს ჰაერში ტოვებს. თვითონვე გვეუბნებიან, რომ 840 ათასი თვითდასაქმებულიდან დახმარებას რეალურად 250 ათასი ადამიანი იღებს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ასი ათასობით მოქალაქე რჩება მის გარეშე. დახმარება უნდა იყოს ყველასთვის. მაგალითად, უმუშევრების დახმარება უნდა იყოს მიბმული იმ შემოსავალზე, რომელიც მათ ჰქონდათ, ანუ შემოსავლის რაღაც პროცენტი უნდა აუნაზღაუროს მთავრობამ. უამრავი ადამიანია, ვისაც უნდა მიეღოთ დახმარება, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ. ხელისუფლება ძალიან მცირე ნაწილს დაეხმარა. ამიტომ, ეს პროცესი მიდის ძალიან ნელა, უსამართლოდ და ისე, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირ შეღავათს ვერ ნახავს. სინამდვილეში, ეს ანატიკრიზისული გეგმაც კი არ არის, ესაა სოციალური დახმარების გეგმა. ანტიკრიზისული პროგრამა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ეკონომიკა მინიმალურად შემცირდეს და უმუშევარი ნაკლები ადამიანი დარჩეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ხორგუაშვილი.

 

“ანტიკრიზისულმა გეგმამ, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, უამრავი ადამიანი მოიცვა, თუმცა ფულადი დახმარება ყველას არ ჩაერიცხა. შემოსავალდაკარგული უამრავი ადამიანი სწორედ მთავრობის იმედად იყო დარჩეილი. ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის აზრით, მთავრობამ თავისი რესურსები არასწორად გადაანაწილა”, - დასძენს გამოცემა.

 

“წარმოდგენილი ბიუჯეტის ახალ პროექტში სოციალური უზრუნველყოფის მუხლში ჩადებული არის 4 მილიარდი ლარი. ეს თანხა მარტივად რომ გაეყოთ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე (გარდა 40 ათასზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს და საჯარო მოხელეებზე), თითოეულ სამსულიან ოჯახზე გამოვიდოდა 1000-1200 ლარამდე. გამოდის, რომ ბიუჯეტში ფული იყო და ისეთი არასწორი ნაბიჯები შევიმუშავეთ, რომ ახლა ადამიანები დახმარებას ვერ იღებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არასწორი კრიტერიუმები შემუშავდა. მაგალითად, სოციალურად დაუცველები 164 ათასი ოჯახი გვყავს ისეთი, რომელთაც იმიტომ, რომ სამი შვილი არ ჰყავთ, დახმარებას ვერ მიიღებენ. რა შუაში იყო შვილი, როგორც კომპონენტი? 550 თვითდასაქმებულიდან დაახლოებით 150 ათასი პენსიონერია, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, მაგრამ ფულად კომპანსაციას ვერ მიიღებენ, რადგან საბუთებს ვერ წარადგენენ. რესურსები არასწორად და არაეფექტურად განაწილდა, როცა შეიძლებოდა, რომ თითოეულ ოჯახს დახმარება ჰქონდა 1200 ლარი. ეს არის უსამართლო ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც, რესურსების არსებობის პირობებშიც კი, სიღარიბეში დატოვა ათასობით ადამიანი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი.

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.