რა კავშირი აქვს გაბუნიასთან და საქართველოსთან უკრაინის უშიშროების გენერალს, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა
“სუს-ის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც ერთ ვერსიით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, შესაძლოა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და მისი ჯგუფის სხვა წევრები ამჟამადაც საქართველოში იმყოფებიან.
ანალიტიკოსები ამას არ გამორიცხავენ და ახლო მომავალში გამოძიებისაგან საქმის ახალ დეტალებს ელიან. პარალელურად კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე უკრაინის უშიშროების ყოფილ გენერალ ვალერი შაიტანოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კავშირი აქვს გაბუნიასთან და საქართველოსთან უკრაინის უშიშროების გენერალს, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა.
“როგორც გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ჟურნალისტს რამდენიმე ხნის განმავლობაში სხვადასხვა პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სურათებს უღებდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. გვარამიამ აღნიშნა, რომ მათ თავდაპირველად ეჭვი გაუჩნდათ, ხომ არ იყო ეს საქართველოს სპეცსამსახური. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შემდეგ კი უკრაინიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მტრების ლიკვიდაციას გეგმავდა. სწორედ ამ დროს ამოტივტივდა გაბუნიას გვარიც. გიორგი გაბუნია “ტვ პირველთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მის ლიკვიდაციას არა ერთი ადამიანი, არამედ კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა. შესაბამისად, გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს უშუალოდ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევია თუ არა დაქირავებული ქილერი, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა უნდა შეესრულებინა. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი პირი არ გეგმავს და არ ასრულებს. მით უმეტეს, თუ ეს კადიროვის შეკვეთილი საქმეა, მისი ხელწერა ზუსტადაც რომ ჯგუფის მოქმედებას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამიტომაც ახლა ჩვენმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულად ამ პირის კონტაქტების და კავშირების დადგენა უნდა შეძლოს, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ მათ სხვა გეგმაც ჰქონდეთ. როგორ ჩავარდა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადება - ამის დეტალებზე “მთავარ არხთან” უკრაინაში მოღვაწე ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე ყვება. მისი ინფორმაციით, გვარამიას საქმე გაზაფხულზე უკრაინაში მომხდარ სკანდალურ დაკავებას უკავშირდება, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი რუსულ “ეფ-ეს-ბესთან” კავშირში ამხილეს. საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, გენერალი შაიტანოვი რუსულმა დაზვერვამ 2014 წელს გადაიბირა. მისი ფსევდონიმი გახლდათ “ბობილი” მისი უშუალო კურატორი კი - რუსული “ეფ-ეს-ბეს” პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი. ეგოროვი და შაიტანოვი დასავლეთ ევროპაში კონსპირაციულად ხვდებოდნენ ერთმანეთს - საფრანგეთში, გერმანიასა და ხორვატიაში. გამოძიების მასალებით, ამ შეხვედრებისას შაიტანოვი თავის კურატორს გადასცემდა საიდუმლო მასალებს და აქვე ხდებოდა სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის ტერორისტული აქტებისა და კრემლისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციის დაგეგმვა”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინული კონტრდაზვერვა ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრების აუდიო ჩანაწერები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლი მოხალისის, ადამ ოსმაევის ლიკვიდაციის შესაძლებლობა. ამ ოპერაციისათვის გენერალმა შაიტანოვმა უკრაინული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა, რომელიც საბოლოოდ უკრაინის კონტრდაზვერვის აგენტი აღმოჩნდა. მას ოსმაევის მკვლელობაში 200 ათას დოლარს, რუსეთის მოქალაქეობას და სრულ უსაფრთხოებას სთავაზობდნენ. ამჟამად უკრაინაში გენერალ შაიტანოვის სასამართლო მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს - სამშობლოს ღალატში მხილებული გენერლის ინტერესებს სასამართლოში ქართველი ადვოკატი იცავს - გიორგი ტიგიშვილი. გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. ნადირაძის ცნობით, სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა ცნობილი უკრაინელი სამართალდამცავებისთვის რუსული “ეფ-ეს-ბეს” სხვადასხვა გეგმებისა და მათ შორის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს”, - დასძენს გამოცემა.
“უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში მხოლოდ ეს ერთი დაკავებული პირი ფიგურირებდეს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებდნენ, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წავიდეს. პირველი ამოსავალი წერტილი გიორგი გაბუნიას უასფრთხოების დაცვა უნდა იყოს, რადგანაც არ ვიცით რა სახის და რა ხარისხის თავდასხმა მზადდებოდა. რუხაძე ამბობს, რომ ეს ისტორია შესაძლოა კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო. შესაძლოა საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც მოდიოდეს, რომლების გამოვლენაზე უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად უნდა იმუშავოს. თუკი ერთი ჩავარდა, შესაძლოა ამ გეგმის შესრულების სხვა ვარიანტებიც ჰქონდეთ და ეს მიზანი სხვადასხვაგვარად აღასრულონ”, - წერს სტატიის ავტორი.
“ვარაუდის დონეზე შეიძლება ისიც ითქვას, რომ შესაძლოა ვინც გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ. თვალთვალი ორ მხრივ შესაძლებელია ყოფილიყო. თუ ჩვენს სპესამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, მასზე თვალთვალს, რა თქმა უნდა, დაიწყებდნენ. თუმცა, დიდი ალბათობით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაკავებული მარტო არ მოქმედებდა. მას შესაძლოა წინასწარ ნიადაგი მოუმზადეს და გაბუნიას გადაადგილების და მოქმედების სქემას სხვები ადგენდნენ. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უამრავი კითხვა არსებობს ასევე, იმ ადამიანთან, რომელიც დააკავეს - არის თუ არა ეს პირი რეალურად ე.წ. ქილერი, რომელიც უკვე დაკვეთის შესასრულებლად იყო ჩამოსული, თუ იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც გაბუნიას უთვალთვალებდა. ამ ხნის განმავლობაში დაკავებულს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, სახელი და გვარები უნდა გადამოწმდეს. ასევე ვინ არის ეს პირი და ამ ხნის განმავლობაში ვისგან და რა სახის დირექტივებს იღებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.
“შემდეგი ისტორიაა, რომ დადგინდეს დაკავებული პირი როდის, როგორ და რა ფორმით აპირებდა გაბუნიაზე თავდასხმას. ხოლო ყველაზე მთავარია - თუკი გამოძიება ადგენს, რომ ეს რეალობაა, მაშინ ეს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა კი აღარ არის, არამედ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ გადადგმული მტრული ნაბიჯია. ამას კი სახელმწიფოს დონეზე პასუხი სჭირდება. განცხადებაა საჭირო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ კონტექსტში თანამშრომლობა მოვთხოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ საფუძვლიანი ეჭვია ეს იყოს მინიმუმ რუსეთის მაღალჩინოსნის დონეზე გადაწყვეტილი დაკვეთა ან კიდევ თავად რუსეთის პრეზიდენტის, ამიტომაც ამ ყველაფერზე პასუხებია საჭირო. კადიროვისთვის ეს რთული გასაკეთებელი არ არის, რადგანაც არაერთი ჟურნალისტი, ბლოგერი და სხა სამოქალაქო აქტივისტი მოუკლავთ“, - დაასკვნის რუხაძე.
“კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულის გარდა საქმეში ჩართული სხვა პირებიც იყვნენ. მისი თქმით, მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ გეგმავს და არ ახორციელებს და მინიმუმ რამდენიმე კაციანი ჯგუფია საჭირო. მით უმეტეს, რომ კადიროვის და პუტინის დაკვეთილი მკვლელობის ხელწერა ასეთია. თუნდაც საქართველოს მოქალაქის ხანგოშვილის ბერლინში მომხდარი მკვლელობა რომ ავიღოთ, სადაც, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე კაცი ფიგურირებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
“ასეთი დანაშაული ძირითადად მხოლოდ ერთი კაცის მიერ არ ხორციელდება. იგივე ხანგოშვილის ამბავი როდესაც მოხდა, იქაც რაღაც ჯგუფზე იყო საუბარი. ზოგადად არ არის გამორიცხული, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში რამდენიმე კაცი იყოს ჩარეული. ამიტომაც პირველ რიგში იმ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, რეალურად ამ ერთი კაცის დაკავებით საფრთხემ გადაიარა თუ არა. აშკარად ამ ყველაფერს კი პოლიტიკური განზომილება აქვს. ამიტომაც სახელმწიფოს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ღია იყოს. მესმის, ასეთ საქმეებზე ყველაფერი არ ითქმის, მაგრამ სხვა კონტექსტი რომ არ მიეცეს, გამჭვირვალობა ბევრად სჯობს. საქართველოს ხელისუფლებამ იგივე ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობის დროსაც წაყრუების პოლიტიკა აირჩია. არადა აქ საუბარი ჩვენს მოქალაქეზეა. აქაც აშკარა კვალი კადიროვამდე მიდის. ზოგადად ამ ამბავში გასაკვირი არაფერია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.
“საქართველოში კი არა, მთლიანად ევროპაში და აზიაში მსგავსი არაერთი შეკვეთილი მკვლელობა მომხდარა. ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ან რაიმე მიმართულებით მათ ინტერესებს გადაეღობებიან, მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. რამდენიმე თვის წინ ბლოგერი იპოვეს ბელგიაში ყელგამოჭრილი. ნორვეგიაში იპოვეს ასევე ბლოგერი მოკლული, რომელსაც ქილერი თავს ჩაქუჩით დაესხა. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო და დაცვითაც სარგებლობდა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ამიტომაც კადიროვისგან გასაკვირი არაფერი არ არის და ასეთი შეკვეთილი მკვლელობები მისი ხელწერაა“, - განმარტავს კანაშვილი.
“მისივე თქმით, გაბუნია საფრთხეში მანამდე იქნება, სანამ პუტინი და კადიროვი ცოცხლები იქნებიან. კანაშვილი ამბობს, რომ როდესაც გაბუნიას მონოლოგი მოისმინა, როგორც ადამიანი ძალიან შეეცოდა, რადგანაც ის მთელი თავისი ცხოვრება შიშში იქნება. კანაშვილის თქმით, რუსეთში გინებაზე კი არა, ელემენტარულ კრიტიკაზეც სასტიკად სჯიან. სატელევიზიო ეთერებში ბოდიშს საჯაროდ ახდევინებენ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მისი ლიკვიდაცია ზუსტადაც ამ ფორმით ეცადათ. მისივე თქმით, ამ ყველაფერში ასევე პოლიტიკური კონტექსტი ჩნდება, რადგანაც ყველაფერი შესაძლოა 20 ივნისს დამთხვეოდა და ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ისევ დაწყებულიყო”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი