მთავრობის გადაწყვეტილებით ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება
საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.
ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში PCR ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი PCR ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.
ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო