სახელმწიფოს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ აღწევს - უმუშევრობის კომპენსაციაზე გათვლილი თანხის ნახევარიც არ არის ათვისებული
“სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაფართოვდება.
მიზეზი ნაკლები მიმართვიანობაა, რის გამოც ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად უცნაურია იმ პირობებში, როცა სამუშაო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ეს ან გაზრდილი ბიუროკრატიის, ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრალია, რის გამოც, დასაქმებულები ვერ ადასტურებენ, რომ სამსახურში მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფოს კომპენსაციის თხოვნით მოსალოდნელზე ნაკლებმა ადამიანმა მიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უმუშევრობის კომპენსაციაზე გათვლილი თანხის ნახევარიც არ არის ათვისებული / ხალხი მძიმე დღეშია და ამ დროს სახელმწიფოს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ აღწევს.
“შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა, ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის - სპეციალური სამთავრობო ფონდიდან”, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. მისივე განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. “როგორც იცით, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4 %. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის”, - თქვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ. იმას, რომ უმუშევრობის კომპენსაციების გაცემის საკითხში დიდი ხარვეზებია, ადასტურებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მისი ინფორმაციით, რეალურად, დაგეგმილი ბიუჯეტის ნახევარიც არ არის ათვისებული გასაცემი კომპენსაციების კუთხით. კრიტერიუმებს არ ეთანხმება კიდევ ერთი, დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე. მისი შეხედულებით, პრობლემა დასაქმებულთა სწორედ ასე დაყოფაა და დახმარება უნდა მიეღო ყველას, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა”, - დასძენს გამოცემა.
“მიზეზი იყო თვითდასაქმებულთა მიმართ ბიუროკრატიული ბარიერები. ერთ-ერთი საზოგადოებამ იხილა კიდეც დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებთან მიმართებით, როცა ბაზრის დირექცია არ აძლევდა მოწმობას, რომ ისინი მართლაც არიან დასაქმებულნი. მოწმის ინსტიტუტი მუშაობს სასამართლოშიც კი და გაუგებარია, რატომ არ მუშაობს ამ ნაწილში. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს კომპენსაციის მიმღებ პირთა წრის გაფართოებისას კრიტერიუმების ცვლილების კომპონენტი. ასევე უამრავი ადამიანია, ვინც საერთოდ არ იცის, როგორ უნდა აიღოს კომპენსაცია და ჩვენც არაერთი მათგანი მოგვმართავდა მსგავსი თხოვნით. ადამიანი ინდმეწარმედ თუ არ იყო რეგისტირებული, მისთვის დიდი სირთულე გახლდათ კომპენსაციის მიღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი პეტრიაშვილი.
“საქართველოში თავისთავად არ არის განსაზღვრული, თვითდასაქმებულთა კატეგორია ვის მოიცავს , შესაბამისად, შემდგომში რთულდება ამ ადამიანებისათვის ნებისმიერი თანხის მიღება. ეს არის ძირითადი პრობლემა, რაც ჰქონდა კომპენსაციის გაცემის დაგეგმვას. შეიძლებოდა, ყველაფერი განხორციელებულიყო ძალიან მარტივად - დახმარება მიეღო ყველას, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა. ჩვენ არაერთი ადამიანი მოგვმართავდა კითხვებით, თუ როგორ შეეძლოთ დახმარების მიღება, რადგან ბიუროკრატიულ აპარატში გარკვევა მოქალაქეებისათვის არ არის მარტივი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფო ჯაფარიძე.
“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის მდგომარეობით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია 84 564-მა თვითდასაქმებულმა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 155 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი