"დაზიანებები მეტლახის ნატეხით მიიყენეს" -პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა არ მომხდარა და სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

 

„2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

 

2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ (ბრალდებულია საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახში ძალადობა) და მსჯავრდებულებმა გ.შ.-მ (მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 276-ე მუხლის II ნაწილით, – ქურდობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა) და შ.ჭ.-მ (მსჯავრდებულია 179-ე მუხლის II, III ნაწილებით, 177-ე მუხლის III, IV და 160-ე მუხლის III ნაწილით – ყაჩაღობა, ქურდობა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით.

 

პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

 

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

 

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი.

წაკითხვა 321 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.