"შესაძლოა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში 3 000-ს გადასცდეს"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ცერცვაძის თქმით, შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია და შესაძლოა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში 3 000-ს გადასცდეს, რაც ქვეყანას და პირველ რიგში კლინიკურ სექტორს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
„ხედავთ, რომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით იზრდება და როგორც ეპიდემიოლოგები, ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, მატება გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და ამ ეტაპზე პირველ რიგში კლინიკურ სექტორს, რადგან ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების ახალი რეკორდები. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდები, ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, ლოკდაუნზე უარის თქმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის ინტერესების, ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგებისა და საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით მიიღო.
„ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო ლოკდაუნის მიმართ, მეორე ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს, რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, მესსმე – იყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი და ამას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი, არ უნდა გამხდარიყო სხვადასხვა ინსინუაციების საფუძველი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- "დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი" - კახა კალაძე
- "უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რამდენიმე თვეში ატომური ბომბის შექმნა შეუძლია, თუ დონალდ ტრამპი სამხედრო დახმარებაზე უარს იტყვის" - „თაიმსი“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 ნოემბრისთვის
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ
- რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ