"ჯერ ფაქტებისგან თავს ვიკავებ, მერე ამასაც გამოვაქვეყნებ" - რას წერს მამა პეტრე
მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.
მისი თქმით, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა სასულიერო პირებიც დააზარალა და ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
როგორც მამა პეტრე წერს, ძალიან ბევრი მღვდლის ოჯახს სადილ-ვახშამი ენატრება.
,,ჰო, პანდემიამ და საყოველთაო დაძაბულობამ ყველა დააზარალა. ცხადია, მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო ის სირთულეები, რაც ზოგადად ახლავს მტკივნეულ ცვლილებებს.
თითქოს გამოჩნდა იმედი, რომ მოხსნან ყველა აკრძალვა და ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს ყოველდღიურობა, მაგრამ... მააააგრამ...
ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე არის დარჩენილი და ღირსება რომ არა, ნაკლებად არ იწუწუნებდნენ... ჰო, იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ არ, აღარ აქვთ არჩევანის საშუალება და საჯარო თუ კერძო სამსახურებში ვერ დასაქმდებიან, რადგან საეკლესიო კანონიკა ამას კრძალავს.
მარტო ერთი ადამიანი რომ იყოს, არაუშავს, სამადლოდ ვიღაც ლუკმა პურს მიაწვდიდა... ოჯახს, შვილებს რა უნდა იყონ?! ზოგს (ყველა ღმერთმა ამრავლოს) უამრავი შვილი ყავს... ვიცი ფაქტები, სახლში შესვლას თავს არიდებენ. ჩამოთვლილი ნუსხიდან მეოთხედი ვერ შეაქვთ შვილებისთვის.
მარტო ცილისცამება და განკითხვა რომ შველოდეს, მღვდლებზე მდიდარი არავინ იქნებოდა.
ახლა ძალიან ,,ჭკვიანი” და ,,კომპეტენტური” ოპონენტი გამოხტება და იტყვის, საპატრიარქოს მილიონები მიაქვს...
არ მაინტერესებს, ვის რა მიაქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს, უბრალო მღვდლის ჯიბეზე თეთრი არ ჩადის...
არც ჯვრისწერები ტარდება, მით უფრო ახლა, მძიმე მარხვის პერიოდში... არც ნათლობებზე იკლავენ თავს...
ფილმი ,,ლაზარე” მახსენდება... ,,გშია?! იცეკვე”...
ბატონო, ცეკვასაც გვიშლიან, აქაოდა ნახე მხიარულობსო, თორემ ბევრი ერისკაცობაში ცეკვაზეც დადიოდა და მუსიკაზეც...
მღვდელს რომ რამე შეეშალოს, გამოსდებენ შარა-გზაზე, მარიტასავით ქვებით ჩაქოლავენ. სამაგიეროდ იმას არავინ კითხულობს, როგორ უნდა გადარჩეს მღვდლის ოჯახი, როცა მშიერი მოზარდები ლამის ღვთის გმობამდე მივიდნენ, იმის გამო, მამამისი იმიტომ არის ღარიბი, რომ მღვდელია, თორემ საჭმელი ექნებოდათ...
ნურც მორალის კითხვას დაიწყებთ, სასულიერო პირის შვილებს მეტი სულიერება მართებს... ისადა, სულიერება რადიაცია არ არის, რომ გავრცელდეს... რწმენა ყველას არ გააჩნია, მათ შორის არც მას, ვინც ტაძარში 30 ლარიან სანთელს აანთებს და ხატთან თავს ამით მოიწონებს, სამაგიეროდ მღვდელს არ მოიკითხავს, იქნებ მისი ოჯახი გადარჩეს...
ჯერ ფაქტებისგან თავს ვიკავებ, მერე ამასაც გამოვაქვეყნებ, რამდენი მღვდლის ოჯახს ენატრება სადილი, ვახშამი...
ვიღაც ხომ უნდა ზრუნავდეს ამ ხალხზე... ნურც იმას მეტყვით, მრევლი უნდა ყავდეს და შემოსავალი ექნებაო...
მრევლს თავად არ გააჩნია შემოსავალი, მშიერ მღვდელს როგორ დააპურებს...
მარტო ჩემი თავი არ მალაპარაკებს....
ზოგადი მდგომარეობა მტკენს გულს და მეტიც, გულს ყველაზე მეტად ის მტკენს, რომ ამაზე არც ახლა და არც მომავალში არავინ დაფიქრდება...
არ მჭირდება ცრუ ნუგეში, ილოცე და უფალი გამოგიჩენს...
ლოცვის შედეგია, ზოგს ბიზნესები და შემოსავლები იმდენი აქვს, სიმდიდრისგან სევდაში რომ ვარდება?!
მღვდელიც ადამიანია, ადამიანი მღვდელია... ადამიანს შია, მღვდელს შია...
თუ ვინმეს სიღრმისეული საუბრების სურვილი გაუჩნდა, მზად ვარ, ძალიან ,,ღვთისნიერ” სახეზე ულუკმაპურო ოჯახების სია ავაფარო... მერე თავად ილოცოს, რომ ეს ამდენი დამშეული ხალხი დაპურდეს!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"