"ეს ფაქტია და ამაზე მთელი ერი დუმს, მხოლოდ ჩუმად ჭორაობენ" - რას წერს დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

სასულიერო პირი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ეკლესია-მონასტრებში არსებულ სიტუაციაზე წერს:

 

"მთელმა ერმა ვიცით, რომ მთელი ეს წლები და ათწლეულებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის და პოპულარობის მქონე ტაძრები და არა მარტო იქ: სვეტიცხოველი, გელათი, სამება, მცხეთის ჯვარი, ქაშვეთი, დიდუბე, და ა.შ. პირდაპირ სავაჭრო ცენტრებად ჰქონდათ ქცეული მღვდლებს, ნათლობებზე, წესის აგებებზე და ჯვრისწერებზე დაწესებული ჰქონდათ არალეგალურად ფასები და მეჯვარეებს, ნათლიებს, ჭირისუფლებს ბლომად ფულს სძალავდნენ. 

 

ალბათ ახლაც ასეა ყველა მათგანში თუ არა, ზოგგან მაინც. ყოველთვის მიკვირდა რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი პატრიარქი და გარკვეული ეპისკოპოსები კონკრეტულ ეპარქიებში რატომ უშვებდნენ მღვდლების მიერ ხალხის ძარცვას, მაშინ როდესაც ოფიციალურად არაა ეს საქმე სანქცირებული და დაკანონებული მათ მიერ. 

 

არის სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები მსოფლიოში, სადაც ოფიციალურად დაწესებულია ფასები საეკლესიო წესებზე, საჯაროა ეს, ყველამ იცის და მომზადებულია წინასწარ, ფულის გადახდა აღირიცხება ოფიციალურად და საეკლესიო შემოსავლების რეესტრში ფიქსირდება, მაგრამ ჩვენთან ხომ ასე არაა, ჩვენთან ეს თვითნებურად, არალეგარულად ხდება, შესაბამისად იგი მორალურ-კანონიკურად დანაშაულებრივი გამომძალველობითი პროცესია. 

 

საბჭოთა პერიოდის შემდგომ ზოგმა უფრო სინდისიერმა ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში აკრძალა ასეთი რამ, მაგრამ ეს არ ხდებოდა პატრიარქის კუთვნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ბევრ სხვა ეპარქიაში, სადაც ხალხის ძარცვა მასშტაბურად მიმდინარეობდა მუდამ. ჩემი სასულიერო აკადემიის სტუდენტობის პერიოდში ძალიან ცდილობდა ამ მანკიერების მოშთობას მაგალითად სვეტიცხოველში იმდროინდელი წინამძღვარი, მამა ისააკი, თუმცა ადგილობრივი მღვდლების ნაწილის დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 

 

ახლა არ ვიცი რა ხდება კონკრეტულად იქ, მაგრამ ბევრგან ეს არალეგალური ძარცვა რომ გრძელდება, ეს ფაქტია და ამაზე მთელი ერი დუმს, მხოლოდ ჩუმად ჭორაობენ. 

 

მღვდლების მიერ ფულის გამოძალვები ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო საქართველოში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც და ოცდამეერთე საუკუნის პირველ ოცწლედშიც, ეს რაც ცოცხალი გამოცდილებით ვიცი, უფრო ადრე რა ხდებოდა ეს უფრო წმინდად ისტორიის მეცნიერების საგანია და დღევანდელობას სცდება: ფეოდალურ პერიოდში საეკლესიო გადასახადები ფიქსირებული იყო ოფიციალურად, მეფის რუსეთის პერიოდშიც რეგულირდებოდა, აი საბჭოთა პერიოდიდან კი შავი ბუღალტერია ფართოდ დაინერგა საქართველოს ეკლესიაში და დღემდე ინერციით გრძელდება. 

 

ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება არასოდეს უცდია პატრიარქ ილია მეორეს, და ვფიქრობ არც აწყობდა, მაგალითად სიონის, სვეტიცხოვლის, ქაშვეთის სანთლის და საეკლესიო მაღაზიათა შემოსავალი რომ მთლანად მას მიჰქონდა, ან დიდუბის ტაძრისა მის დას, იქაურ მღვდლებს არსებობა ხომ უნდოდათ, ხოდა ჰყავდა ასე საყაჩაღოდ მიშვებულები ხალხზე. 

 

ეს სქემა მუშაობდა ბევრი ეპისკოპოსის მიერაც საქართველოს მთელ რიგ ეპარქიებში, რადგან ტაძრის ნავაჭრი თანხები მათ მიჰქონდათ (მიაქვთ). მაგალითად, ერთი ეპარქიის მღვდელი მიყვებოდა: ჩემი სოფლის ეკლესიის სანთლის და სხვა გასაყიდ საეკლესიო ნივთების შემოსავალი მთლიანად ეპისკოპოსისააო. 

 

თვის ბოლოს ვაბარებ ტრადიციულად და ამას წინად 80 ლარი იყო მარტო, ავიღე და მივუტანე მის თანაშემწესო. 

 

საღამოს გამწარებული მირეკავს ეპისკოპოსი და მიყვირის ტელეფონში: 80 ლარის მოტანა როგორ გაბედე, ასი მაინც მოგეტანა, მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გამიბედო, თორემ როგორც გაკურთხე, ისე გამოგაკურთხებო. ეს დაახ. 5 წლის წინანდელ ფაქტს გიყვებით, ეს ეპისკოპოსი ახლაც იმ ეპარქიის მმართველია და აგრძელებს ალბათ მღვდლების წურვას, უვარგისი საბჭოთა ჩამოსხმაა, თან ფსევდო მეცნიერი, ამორალური ფსიქოპატი. 

 

ასეთ ეპისკოპოსს ერთი დღეც არ ავიტანდი, მაგრამ ფაქტია ითმენენ მღვდლები მონური მორჩილებით, ესაა მწარე რეალობა და ეკლესიის დაქცევის მთავარი მიზეზიც, მღვდლები ვერ ბედავ შიდასაეკლესიო პრობლემებზე ხმის ამოღებას", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 563 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.