"არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება" - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
“გირჩი – მეტი თავისუფლების”ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებად გამოცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის პარლამენტს ტოვებს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებაში "გადამგდებები და მატყუარები" არიან.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, სწორედ ასე მყარდება დიქტატურა, “ნელა და თავხედურად.” მისივე თქმით, ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე უარის თქმას.
“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები,
გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე, აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.
ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე როგორც კრემლთან.
მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება.
არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება.
იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის,"– წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"