"ღარიბაშვილის განცხადება არის მავნებლური და მხოლოდ რუსეთისთვის მაამებლური"
ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიამიტი არ არის და ესმის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენ გადავწყვეტთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
მისი თქმით, ამით მან პრაქტიკული პოლიტიკის თემა ჩვეული “სიბრძნით”, კვერცხის სასარგებლოდ გადაწყვიტა ქათამთან მიმართებაში.
"მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას ამ თემაზე:
ჩვენ არ გვინდა და არც შეგვიძლია ქვეყნის მთლიანობის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა. ე.ი. მშვიდობიანი რეინტეგრაცია არის ერთადერთი გზა.
ეს გზა გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს და ოსებს თვითონ უნდა გაუჩნდეთ ჩვენი ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების სურვილი.
როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოება მიისწრაფვის იქით, სადაც არის დაცული, აქვს მეტი კეთილდღეობა და თავისუფლება.
ჩვენ რომ უფრო მომხიბვლელი გავხდეთ, ვიდრე რუსეთი, სწორედ ეს სამი ფასეულობა უნდა შევიძინოთ, რაც შესაძლებელია მხოლოდ ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მეშვეობით.
მანამდე კი, როგორც პირველი კეთილი ნების ნაბიჯი ნდობის გასაჩენად, შესაძლოა მივცეთ შესაბამისი თავდაუსხმელობის გარანტიები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ინტეგრაციული პროექტების განვითარებაზე.
დასკვნა - ღარიბაშვილის განცხადება არის მავნებლური და მხოლოდ რუსეთისთვის მაამებლური,"- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე.
"ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.
რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი