"ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
“4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიცია გამქრალია, საპროტესტო მოძრაობა კი ისევ ჩართულია პოლიციასთან დაპირისპირებაში ანუ სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი კი მკვდარია. ეს ორი მდგენელი - პოლიტიკა და სამოქალაქო პროტესტი ერთად თუ არ არის, ცალ-ცალკე შედეგს ვერ მიაღწევს.
პროტესტანტები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. სწორედ მათ გამოა, რომ ქვეყანა ახლა ფეთქავს და რაღაცნაირად კიდევ აჩვენებს, რომ ამ საზოგადოებას აქვს ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბების სურვილი. მეორე მხრივ, ამ პროტესტს უნდა ჰყავდეს ხალხი, რომელიც შეძლებს ილაპარაკოს, ხელისუფლებასთან იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ეს პროტესტი უთავო მხედარს ჰგავს, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მათი სახელით ვერავინ ლაპარაკობს, პოლიტიკურად ვერ ხერხდება იმ უზარმაზარი ენერგიის კაპიტალიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. თუკი პოლიტიკურ პარტიებს ეს არ შეუძლიათ, მაშინ რაღაც პოლიტიკური `თავი~ უნდა შეიქმნას. მე არ მესმის არც ერთი იმ ადამიანის, რომელიც გაიძახის, არაფერი საჭირო არ არის, უბრალოდ, ქუჩაში ვიდგებით და ყველაფერი თავისით მოხდებაო. არ მოხდება თავისით”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც, თუ სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ცვლილებებზე წავა”.
“ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც, თუ სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ცვლილებებზე წავა. დასავლეთმა თუ არ დაინახა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში არსებულ ქვეყანაში ვითარების მართვა შეუძლია, არ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის იცვლება მაშინ, როდესაც ქვეყანაშიც და მის გარეთაც ხედავენ ალტერნატივას. ცვლილებები არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდი ხელისუფლებაა... როდესაც ხელისუფლება გიპირისპირდება შიშველი ძალით, შენ გაქვს ორი გზა: კედელი თუ აგიშენა, გაქანდე და თავი მიარტყა, ან შემოუარო და გზა გააგრძელო. რატომ არ შეიძლება, რომ ამ ეტაპზე მაინც რუსთაველზე აქციები განვაგრძოთ, მაგალითად, ერთი გზის პირას, ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კილომეტრებზე გაიშალოს დროშებით, პლაკატებით, მთელი რუსთაველი დავიკავოთ და მთელი ის ხალხი, რომელიც ტროტუარებზე ივლის, და ისინიც, ვინც გზაზე მანქანებით ივლის, ფაქტობრივად, აქციების თანამონაწილე გავხადოთ, უზარმაზარი პერფორმანსები მოვაწყოთ ყოველ საღამოს ისე, რომ გზა არ გადაიკეტოს და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ადამიანები დააკავოს. ამას მაგალითისთვის ვამბობ და შეიძლება უფრო ჭკვიანური რაღაცებიც მოიგონონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“მთავარია პროტესტი, მისი შენარჩუნება და მეტიც, გაძლიერება. ხელისუფლებას უნდა დაანახო, რომ ეს პროცესი მინავლების პროცესში კი არ არის, მატულობს და მატულობს. რა მოაქვს იმას, რომ ათობით ადამიანს აკავებენ? კანონმდებლობა ისე შეიცვალა, რომ ამ ათობით თუ ასობით ადამიანს ხუთი დღით კი აღარ დააკავებენ, სისხლის სამართლის მუხლებით გაუშვებენ ციხეში. ეს როგორ შეეხიდება საპროტესტო მოძრაობას? უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მათ, ვინც გამოდის და აპროტესტებს, მაგრამ, ხანდახან გმირობაზე უფრო მნიშვნელოვანი ჭკუაა. ჭკუამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ მაინცდამაინც თავის გაწირვა არ გახდეს საჭირო... იმ აგრესიით, რომელიც ისმის ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, ისინი ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ იმისათვის, რომ მმართველი პარტიიდან ადამიანი წამოვიდეს და მათ მხარეს დადგეს. ვერ ხვდებიან ერთ რამეს _ ხელისუფლება რომ დაამარცხო, მას მომხრეები უნდა დააკარგვინო და არა პირიქით...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რასაც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ივანიშვილს ფული შემოაკლდა და ახლა ამოღება უნდაო. მე უფრო სხვა რამ მგონია. ივანიშვილმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მას მუდმივი პარტნიორები პოლიტიკაში არა ჰყავს... ბოლო 20 წელი რომ ავიღოთ, მოდი, შევხედოთ ამ პერიოდს, როგორც ორი ოლიგარქის - ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ბრძოლას. ივანიშვილი ამ ბრძოლაში ბევრად მოქნილი აღმოჩნდა, შევიდა ალიანსში სააკაშვილთან და მთავრობის ხელით, ფაქტობრივად, გაანადგურა პატარკაციშვილი. თან ამ პროცესში ხელი შეუწყო სააკაშვილის სრულ დისკრედიტაციას, შემდეგ უკვე სააკაშვილი გადააგდო, ოღონდ ალიანსში შევიდა პროდასავლურ პარტიებთან, რაც ძალიან სჭირდებოდა 2012 წელს არჩევნებში გასამარჯვებლად, რათა ამ პროცესში თუნდაც შეერბილებინა დასავლეთის რეაქცია ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენაზე. თუმცა, 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეცდომა დაუშვა”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ძალიან მალე გაიმარჯვებდა და გადავიდა ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, თავის პარტიაშიც ის ხალხი დააწინაურა, რომელიც ამ ანტიდასავლური დღის წესრიგით იყო დაკავებული. ახლა ვითარება იცვლება, რუსეთი ვერ იმარჯვებს. გარდა ამისა, 2026 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება რეგიონისთვის, იმიტომ, რომ სომხეთში არჩევნებია და შემდეგ გადაწყდება, ამერიკა შემოდის თუ არა რეგიონში, ან რუსეთი რჩება თუ არა. ივანიშვილი არასდროს არ დაეტაკება გაქანებულ მატარებელს. თუ დასჭირდება, შეარბილებს, ასე ვთქვათ, პრორუსული ფლანგის გავლენას... ივანიშვილისთვის ყველა პარტნიორი ტაქტიკური პარტნიორია, მას ყველა ეტაპზე სხვადასხვა ხალხი სჭირდებოდა და ახლა სჭირდება კობახიძე, რომელიც ყველაფერზე მზად არის, რომ ხელისუფლებაში დატოვონ, ოღონდ მერე მისი დროც მოვა... ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი ფიგურა “ოცნებაში”, რომელმაც მოახერხა და შექმნა თავისი ელექტორალური ბაზა. მთელ ცივილიზებულ სამყაროში ბიზნესი ცდილობს ფული ჩადოს იმ ხალხში, რომლებიც არიან პოპულარულები, რეიტინგულები, ივანიშვილი კი პირიქით ფსონებს დებს იმ პირებზე, რომლებიც არ არიან თვითკმარები და ვერასოდეს შექმნიან პრობლემას - კობახიძეები, პაპუაშვილები და ა.შ.”, - ამბობს რესპონდენტი.
“ერთადერთი, ვინც ამ პროცესში პოტენციალი გამოავლინა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეუძლია პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდეს, ეს ღარიბაშვილია. ის უკვე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის. პოლიტიკური მოტივით არის ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული და ამისი მიზეზი ის არის, რომ ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა. პაპუაშვილი და კობახიძე მთელი ცხოვრება სადღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში კლერკებად იყვნენ და ვიღაცების დავალებებს ასრულებდნენ. ახლა ფიქრობენ, მე რომ მოვედი ხელისუფლების სათავეში და ზემოდან გიყურებ, ახლა შენ უნდა იყო ჩემი მონაო. არსად მინახავს არც პაპუაშვილი, არც კობახიძე რამის გამპროტესტებელი და ახლა გაცოფებულები არიან ამ პროტესტზე. დღეს ისინი სწორედ ამ უსამართლობის მეშვეობით რაღაცას წარმოადგენენ - ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კობახიძისა და პაპუაშვილის პიროვნულმა ხასიათმა იმ დაძაბულობაში, რაც არის დღეს საზოგადოებაში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რადიკალიზაცია აწყობს ხელისუფლებას, მას სჭირდება საბაბი რეპრესიებისთვის. რაც შეეხება პარტიების გაუქმებას, ეს ერთია და ოპოზიციის გაქრობა - მეორე. უამრავ ქვეყანაში გააუქმეს პარტიები, მაგრამ ოპოზიცია ამით უფრო გაძლიერდა. გარდა ამისა, არის ლიმიტი, რომელიც აქვს ხელისუფლებას რაღაცების დაშავებისთვის. ერთპარტიულ სისტემაზე გადასვლის უფლებას შენ არავინ მოგცემს. მალე სომხეთის არჩევნები იქნება და ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს დასავლეთის შემოსვლას რეგიონში, შუა დერეფნის საკითხის გააქტიურებას. ივანიშვილს, კობახიძესა და პაპუაშვილს ამ პროცესებისთვის არავინ ხელს არ შეაშლევინებს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა აქ პოლიტიკური გაერთიანება თუ გაერთიანებები რაც შეიძლება მალე შეიქმნას და ქართულმა პოლიტიკამ, გარდა ემოციური მდგენელისა, რაციონალური განვითარების პერსპექტივა შეიძინოს”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.
სიახლეები
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
