ანზორ კავაზაშვილი - ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც წარსული ეპოქის ცოცხალ ისტორიას წარმოადგენს
რუსული სპორტული გაზეთის „სპორტ-ექსპრეს“-ის («Спорт-экспресс») დღევანდელ, 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ წარსულში საქართველოში და საბჭოთა კავშირში ცნობილ ფეხბურთელ ანზორ კავაზაშვილთან, რომელსაც 19 ივლისს იუბილე აქვს - იგი 80 წლის ხდება. იუბილარს ესაუბრებიან ჟურნალისტები ალექსანდრ კრუჟკოვი და იური გოლიშაკი.
„ანზორ ამბერკოვიჩი მხიარულად და სპორტულად გამოიყურება. იგი ერთ-ერთია იმ ლეგენდარული ფეხბურთელებიდან, რომლებიც წარსული ეპოქის ცოცხალ ისტორიას წარმოადგენენ. დღეს მოსკოვში მხოლოდ რამდენიმეა მათგან დარჩენილი: ნიკიტა სიმონიანი, ვიქტორ პონდელნიკი, შუსტიკოვი და ანზორ კავაზაშვილი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ანზორ კავაზაშვილის ბიოგრაფია და ცხოვრება მდიდარ გამოცდილებას ინახავს. მისი საქმიანობა საკმაოდ ბევრ კურიოზებსაც შეიცავს. ცნობილ ფეხბურთელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის მერ იური ლუჟკოვთან, 1990-იანი წლების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და რა დასამალია, „სხვა გავლენიან“ პირებთანაც.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- მოსკოვში გარაჟის ერთ-ერთ კომპლექსში საფეხბურთო სკოლა გავხსენი სპონსორთან შეთანხმებით და მასში ერთნახევარი მილიონი რუბლი ჩავდე. მან აღმითქვა, რომ დამატებით კიდევ მომცემდა, მაგრამ რაღაც პრობლემები გაუჩნდა და მარტო მე საქმე ვეღარ გავქაჩე, სკოლის საქმიანოვა გავაჩერე. უცებ ვიღაც ახალგაზრდა ჩეჩენი მოდის და მეუბნება: „ანზორ-ჯან, ჩვენ ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვით ვართ დაკავებული, თქვენთან გვინდა რომ ოფისი გვქონდეს, სამი თვით“. დავთანხმდი, მაგრამ გავაფრთხილე, რომ კონტრაქტის ოფიციალურად ვერ გავუფორმებდი, რადგან სათავსო სკოლის ბალანსზე იყო. სამი თვე გავიდა, შემდეგ ინფარქტის გამო საავადმყოფოში მოვხვდი, სკოლიდან კი ისინი არარ გადიან - ჩემი მოადგილე უცემიათ და უთქვამთ, მუდმივად აქ ვიქნებითო. გამომწერეს საავადმყოფოდან, დავიწყე ჩივილი, მაგრამ ვერავინ ვერ დამეხმარა. ბოლოს გროზნოში კადიროვს დავურეკე. მან მომისმინა და მეუბნება: „ანზორ-ჯან, მართალია, შენ ქართველი ხარ, მაგრამ ჩვენს უფროს ძმად გთვლით. ნუ იდადრდებ, ყველაფერი გადაწყდება, დაგირეკავთ“. ორიოდე წუთის შემდეგ ისეთმა ადამიანმა დამირეკა, რომელსაც სააქაოშიც დიდი კავშირები ჰქონდა და ალბათ, „საიქიოშიც“, „ბნელ სამყაროშიც“... იმავე დღეს ჩეჩენმა ბიჭებმა დიდი პატივით ბოდიში მომიხადეს, საკითხი დაიხურა.
იუბილეს აღნიშვნა რესტორანში მინდოდა, 80-კაციანი სუფრით, მაგრამ ამ ოხერმა კორონავირუსმა გეგმა შემიცვალა... ლეო ბოკერიას, დიდ ქირურგს ვკითხე, რა ვქნა-მეთქი (იგი ჩემი ახალგაზრდობის მეგობარია). მითხრა - „ანზორჩიკ, ახლა იუბილეს ნუ აღნიშნავ... რა იცი, რა მოხდება... ვინმე რომ ავად გახდეს ვირუსით, შენ დაგაბრალებენ, ამიტომ შემოდგომისთვის გადაიტანე, მეორე ტალღაც გასული იქნებაო. ასაკი მაინც თავისას შვრება, მუხლები მტკივა, ნევსებს ვიკეთებ ხოლმე... ბევრს რაღაცეებში ვეხმარები, ბევრიც მატყუებს, განსაკუთრებით ჩემი თანამემამულეები (იგი ჰყვება ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევას მოსკოვში ჩატანილი ერთი ვაგონი მანდარინის შესახებ, რომელიც პოლიციამ დააკავა. მფლობელები ანზორთან მივიდნენ და უთხრეს, „შენი ახლო ნათესავები ვართ ბათუმიდანო“, ანზორი დაეხმარა, მაგრამ მეორე დღეს ახლო ნათესავები თვალით აღარ უნახავს).
„სამწუხაროდ, ბათუმში სულ ბოლოს 20 წლის ვიყავი, ვეღარ ჩავდივარ. მეუბნებიან, გარუსდიო, მაგრამ შორ მანძილზე წასვლა მიჭირს. 60 წელია მოსკოვში ვცხოვრობ. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის გართულებული დამოკიდებულებაა. მინდა წასვლა, ვემზადები და უცებ რაღაც ხელშემშლელი უბედურება გამოჩნდება ხოლმე. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოში ხომ საერთოდ „პერსონა ნონ-გრატად“ გამომაცხადეს“. ჩემს წიგნში იგი კრიტიკულად მოვიხსენიე. მეგობრებმა გამაფრთხილეს - „სანამ მიშა ხელისუფლებაშია, საქართველოში არ ჩახვიდე, თორემ პირდაპირ აეროპორტში დაგაპატიმრებენო“. თუმცა მშობლიურ ქალაქში მაინც არ მივიწყებენ - 2013 წელს ბათუმის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს, ახლა ცენტრალური სტადიონისთვის ჩემი სახელის დარქმევა აქვთ განზრახული“.
ინტერვიუში ანზორ კავაზაშვილი იხსენებს 1960-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა ფეხბურთის მიღწევებს, შეცდომებს, მწვრთნელებს, საზღვარგარეთულ ტურნეებს, შეხვედრებს იმდროინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან და მრავალ სხვა საინტერესო ფაქტს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"