არც ისე დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდნენ, რომ წიგნები სულ მალე წარსულს ჩაბარდებოდნენ. მართლაც, ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად ჩვენი ცხოვრება ციფრულმა ტექნოლოგიებმა მოიცვა და, შესაბამისად, ქაღალდის დასამზადებლად მოჭრილი ხეების დაპრესილი მერქნის გამოყენების საჭიროებაც გაქრა. და მაინც, აშკარაა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჭორები წიგნის სიკვდილის შესახებ ერთობ გაზვიადებული აღმოჩნდა. უფრო მეტიც — ახლა, როცა 2020 წელი კარზეა მომდგარი, წიგნების ხანის აღორძინებაზე სასაუბროდ უამრავი მიზეზი არსებობს.

 

 

ამასთან, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამბის თხრობის თალსაზრისით სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებიც გაჩნდა; თან, არა მარტო ბაზარზე, არამედ — თავად მკითხველთა გონებაშიც. ის ფაქტი კი, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ ინტერნეტში, კითხვიდან სხვა რაიმეზე ყურადღების გადატანის გარდა, შესაძლოა, იმაზეც მიანიშნებდეს, რომ ადამიანებს საჭირო და გასართობი ამბების წასაკითხად ბევრად მეტი საშუალება ეძლევათ.

 

 

წიგნის განსჯა მისი გარეკანით

 

ჯონათან საფრან ფოერის კოდების ხე-ის სურათის შედეგი

 

როცა ადამიანები ციფრულ მოწყობილობებს განზე დებენ, ისინი ლამაზ წიგნებს ეძებენ. გამომცემლებიც მიხვდნენ, რომ თანამედროვე მკითხველი თანხას ყველაზე ხშირად რაღაც განსაკუთრებულში იხდის. ამ მოსაზრებას იზიარებს 2010 წელს დაფუძნებული ბრიტანული გამომცემლობა, Visual Editions. მათი რიგით მეორე გამოქვეყნებული წიგნი, ამერიკელი ავტორის, ჯონათან საფრან ფოერის კოდების ხე, ამ ტენდენციის მშვენიერი მაგალითია. ტექსტი პოლონელი მწერლის, ბრუნო შულცის ნამუშევრის, ნიანგების ქუჩის ადაპტირებული ვერსიაა: მის გვერდებზე შულცის სიტყვები ისეა დაჭრილი, რომ ფოერისეული ამბავი გადმოიცეს. წითელ და შავ ფერებში ლამაზად დაბეჭდილი ეს წიგნი ერთდროულად ხელოვნების ნიმუშიც არის და ლიტერატურული ტექსტიც. ამგვარად, მისი ხელში დაჭერაც კი აღფრთოვანებას იწვევს.

 

 

რაც შეეხება შედარებით უფრო ტრადიციულ გამომცემლობებს, მათაც აღიარეს, რომ მკითხველებს სურთ, თავი რაღაც მნიშვნელოვნის ნაწილად იგრძნონ; მაგალითად, ბრიტანულმა გამომცემლობამ, Faber & Faber, 2015 წელს ვიზუალურად გამორჩეული გამოცემების გამოქვეყნება დაიწყო. მათი პირველი ნამუშევარი გახლდათ კაზუო იშიგუროს რომანის, დაფლული გოლიათის განსაკუთრებული ტექნიკით აკინძული გამოცემა. ორიოდე წლის შემდეგ ამას მოჰყვა რობერტ მაკფარლეინისა და ჯეკი მორისის დაკარგული სიტყვების ძვირადღირებული გამოცემა, რომელიც ბუნების მშვენიერებას ერთდროულად სიტყვებისა და ნახატების მეშვეობით გადმოსცემს.

 

 

ქართული საგამომცემლო სახლებიც ნელ-ნელა ფეხს უბამენ ამ ტენდენციას. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია 2019 წლის ზაფხულს ბაკურ სულაკაურის მიერ დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი, რომელშიც შოთა რუსთაველის ნააზრევი დავით მაჭავარიანის მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ილუსტრაციებითაა გადმოცემული. მხატვარი პოემის გრაფიკულ გაფორმებაზე თითქმის ოთხი წელი მუშაობდა.

 

 

სტიქონებს შორის კითხვა

 

ერთი რამ, რაც გასული ათწლეულის განმავლობაში დანამდვილებით ვისწავლეთ, ისაა, რომ ჩვენ ირგვლივ, მსოფლიო მასშტაბით, უამრავი სერიოზული მკითხველი არსებობს. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება Visual Editions-ის მიერ გამოცემული პირველი წიგნი, ლორენს სტერნის რომანი, ჯენტლმენ ტრისტამ შენდის ცხოვრება და შეხედულებები, რომელიც თავდაპირველად 9 ტომად, 1759 წლიდან 1767 წლამდე პერიოდში გამოქვეყნდა. 2013 წელს ეს წიგნი ლიტერატურაში ახალი ჯილდოს, გოლდსმითის პრემიის დაარსების შთაგონების წყაროდ იქცა. გოლდსმითის პრემიის მიზანი ისეთი ბრიტანული და ირლანდიური მხატვრული ლიტერატურის წახალისებაა, რომელიც რომანის სტრუქტურის თვალსაზრისით ისევე ამკვირდებს ახალ ფორმებს, როგორც ეს თავის დროზე ტრისტამ შენდიმ მოახერხა.

 

 

ლორენს სტერნის ფიქციურმა ავტობიოგრაფიულმა ტექსტმა, ტრისტამ შენდი, რომანის სტრუქტურასა და ფორმაზე ექსპერიმენტირების საშუალებით ლიტერატურაში ახლებური შტრიხები შეიტანა.

ფოტო: Getty

 

 

ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა წიგნის, გოგო არის ნახევრად ფორმირებული, ავტორი, იმირ მაკბრაიდი. ეს მწერალი წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ისეთი გამომცემლობის პოვნას, რომელიც მის ნაწერს დაბეჭდავდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ რომანი ცნობიერების ნაკადის მეთოდს იყენებდა და ამის გამო მკითხველისთვის რთულად გასააზრებელად მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია, რომ პრემიის მოგების შემდეგ წიგნის ათობით ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მეტიც, რომანმა გაცილებით მეინსტრიმული ჯილდო, ქალთა პრიზი მხატვრულ ლიტერატურაში, მოიპოვა. ეს მაგალითი იმას ამტკიცებს, რომ თანამედროვე მკითხველი ისეთივე თამამი და თავგადასავლების მოყვარულია, როგორებიც ჩვენი დროის საუკეთესო მწერლები არიან; მას, უბრალოდ, სჭირდება, გაიგოს, რომ ნამუშევრები, რომელთა წაკითხვაც სურს, ხელმისაწვდომია.

 

 

საკუთარი ხმის აღმოჩენა

 

დღესდღეობით მკითხველები ტექსტის გასაგებად ახალ-ახალ მეთოდებს პოულობენ. კერძოდ, შეუძლებელია, ვინმეს თვალთახედვის არეალიდან გამოპარვოდა აუდიოწიგნების გაყიდვების მკვეთრი ზრდა. აუდიოწიგნებით მოვაჭრისა და გამომცემლის, Audible-ის შემოსავალი დიდ ბრიტანეთში 2018 წელს 38%-ით გაიზარდა; ერთი წლით ადრე კი კომპანიამ გაყიდვების 37%-იანი ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კვლევების თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლისთვის აუდიოწიგნების გაყიდვების რაოდენობა ელექტრონული წიგნების რაოდენობას გადაუსწრებს.

 

 

მომღერალმა პატი სმიტმა იუ ნესბოს 2015 წლის რომანის, სისხლი თოვლზე, აუდიოვერსია გაახმოვანა.

ფოტო: Alamy

 

 

აუდიოწიგნების მოსმენა, შეიძლება, მაშინაც კი იყოს მომნუსხველი გამოცდილება, როცა ამბავი უკვე წაკითხული გაქვს. მაგალითისთვის, ბუკერის ჯილდოს მფლობელი ჯორჯ სონდერსის 2017 წლის რომანი, ლინკოლნი ბარდოში, ასზე მეტი ხმის მიერაა მოთხრობილი. ეს იმ მოჩვენებათა ხმებია, რომლებიც აბრაამ ლინკოლნის 11 წლის ვაჟის, ვილის სასაფლაოზე სახლობენ. შესაბამისად, აუდიოწიგნში ასზე მეტი გამხმოვანებლის ხმა ისმის, რომელთა შორისაც სუზან სარანდონი, ბრედლი უიტფორდი, დონ ჩიდლი და ბილ ჰეიდერიც არიან. და თუ თქვენ ნორვეგიელი მწერლის, იუ ნესბოს კრიმინალური ფანტასტიკა მეტად გიტაცებთ, არც ეს არის პრობლემა: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, რომანის, სისხლი თოვლზე, პატი სმიტის ხმით ჩაწერილ აუდიოწიგნს მოუსმინოთ.

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ აუდიოწიგნების გაზრდილ პოპულარობას განაპირობებს არამხოლოდ ციფრული ვერსიების ხელმისაწვდომობა, არამედ ისიც, რომ ამ გზით სქელტანიანი წიგნების დაწყება ნაკლებად დამზაფვრელ პერსპექტივად იქცევა. ვინ იცის, ამ ფორმატით, იქნებ, წასაკითხი წიგნების თაროზე წლების წინ შემოდებულ მობი დიკსაც კი შეეჭიდოთ.

 

 

ინსტაპოეზია

 

ბესტსელერი წიგნების ავტორი, რუპი კაური ერთ-ერთი პირველია, ვინც სოციალური მედიისთვის განკუთვნილი და მარტივად ხელმისაწვდომი, ინსტაგრამის პოეზიის შექმნა დაიწყო.

ფოტო: Jared Siskin / Patrick McMullan / Getty

 

 

თუმცა, შესაძლოა, მოკლე და მარტივად გასაგები ტექსტები მეტად გიტაცებდეთ. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის ზედგამოჭრილია ინსტაგრამის პოეზია. ამ სფეროში, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი მწერალი კანადელ-პენჯაბელი პოეტი, რუპი კაურია, რომელსაც ინსტაგრამზე 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. 2015 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი, რძე და თაფლი, New York Times-ის ბესტსელერების სიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. რუპი კაურის პოეზია გასაგები, კეთილი და გულწრფელია. ავტორმა ერთხელ აღნიშნა, რომ ინსტაგრამმა "პოეზიის, როგორც ხელოვნების დარგის, დემოკრატიზაცია მოახდინა".

 

 

სოციალურმა მედიამ კაურის მსგავს პოეტებს საკუთარი შინაგანი ხმისა და აუდიტორიის პოვნის შესაძლებლობა მისცა; თანაც, ტრადიციული საგამომცემლო სახლების შუამავლობის გარეშე. ეს კი, შეიძლება ითქვას, ლიტერატურაში გასული ათწლეულის ყველაზე დიდი ცვლილებაა.

 

 

პოეზიის ახალი ფორმებით გადმოცემისა და მიწოდების მხრივ სოციალური მედიის ხიბლი არც ქართველ ავტორებს გამოპარვიათ. მინდია არაბულის ინსტაგრამზე განთავსებული ილუსტრირებული პოეზია მკითხველს თავისი სისადავითა და მელანქოლიური სევდით იტაცებს.

 

 

პირდაპირი წვდომა

 

ტექნოლოგიის განვითარებამ მკითხველს კითხვის ფორმები გაუმრავალფეროვნა.

ფოტო: Pankaj Patel / Unsplash

 

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში რაც ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ისაა, რომ ტექნოლოგიებით გადასხვაფერებული საბაზრო სივრცე ავტორებს უამრავ შესაძლებლობებთან ერთად არანაკლები რაოდენობის გამოწვევებსაც სთავაზობს. 2017 წელს ონლაინ გაყიდვების უდიდესმა კომპანიამ, ამაზონმა განაცხადა, რომ ამერიკაში ათასზე მეტი ისეთი დამოუკიდებელი მწერალია, რომელთაც ქინდლის პლატფორმაზე ნამუშევრების გამოქვეყნებით 100 ათას დოლარზე მეტი ჰონორარი გამოიმუშავეს.

 

 

იმის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ წიგნის მიმართ, ფაქტია, რომ გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ე.ლ. ჯეიმზის გრეის ორმოცდაათი ელფერია. აღსანიშნავია, რომ სანამ ცნობილი გამომცემლობა Vintage მის ნაწერებს დაბეჭდავდა, ჯეიმზმა საქმიანობა სამოყვარულო მწერლობის, Fanfiction-ის ჟანრის ნაუშევრების საკუთარი ძალისხმევით გამოქვეყნებით დაიწყო. 2014 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრილოგიის 2011 წელს გამოცემული პირველი ტომის 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

 

 

რთული პერიოდები

 

ცხადია, ყველა მონეტას აქვს ორი მხარე: ავტორების უმეტესობას უფრო და უფრო უჭირს ამ საქმიანობით საარსებო შემოსავლის შოვნა. გასულ წელს ავტორთა ლიცენზირებისა და შეკრების საზოგადოების (ALCS) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში 2005 წლის შემდეგ მომუშავე მწერლების საშუალო შემოსავალი 42%-ით შემცირდა და წელიწადში 10,500 ევროზე ნაკლები გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამომცემლობით საქმიანობას ზოგჯერ დიდი ძალისხმევის გაწევა უწევდა, რომ ოცდამეერთე საუკუნისთვის აეწყო ფეხი. მხოლოდ ბოლო პერიოდია, რაც ინდსუტრიის სათავეში მდგომნი რეალურ ძალისხმევას სწევენ, რათა ის ხმები წაახალისონ, რომლებიც მეინსტრიმულ კულტურაში იშვიათად ისმის. ამ მხრივ მოწინავეა გამომცემლის, შერმინ ლავგროუვის 2017 წლის სერია, სადიალოგე წიგნები, რომელიც საზოგადოებისთვის ხშირად შეუმჩნეველ, მრავალფეროვან გამოცდილებებს აერთიანებს.

 

 

პარიზში არსებულ წიგნების მაღაზიას, Shakespear and Company, დაარსებიდან ასი წლისთავი შეუსრულდა.

ფოტო: Wikimedia Commons

 

 

დასასრულს უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ლიტერატურული ლანდშაფტი შთამაგონებელი და მრავალფეროვანია. მიუხედავად სამყაროს მუდმივი ცვალებადობისა, რაღაცები მაინც უცვლელი რჩება; მაგალითისთვის, პარიზის მარცხენა სანაპიროზე არსებულმა ინგლისურენოვანი წიგნების ლეგენდარულმა მაღაზიამ, შექსპირი & კომპანია, თავისი ასი წლის იუბილე ახალი კაფეებითა და ყოველკვირეული ღონისძიებებით აღნიშნა. სწორედ ასეთი სივრცეები აერთიანებს ძველი და ახალი მსოფლიოს საუკეთესო ტრადიციებს. ფაქტობრივად, ეს მკითხველებისთვისაც და ავტორებისვთისაც საკრალური ადგილებია; ესაა სივრცეები, რომლებიც წიგნებისადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი; ჭეშმარიტი სიყვარული კი, მოგეხსენებათ, უკვდავია.

 

 

 

https://on.ge/