" ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი"
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ყველას ამაღლებულ განწყობას გვიქმნის და ახლა შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია სრულდება,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ.
„ვიცით, მძიმე წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდ 19 ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა მაიკ რაიანმაც და განაცხადა, რომ ვაქცინები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილია, თუმცა მხოლოდ ისინი, ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ზომების გატარების გარეშე პანდემიას ვერ დაასრულებენ.
”ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის”, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პროცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი