რატომ აძლევენ რუსები უპირატესობას პუტინისეულ სტაბილურობას და არა ნავალნისეულ რევოლუციას
ბრიტანულ ჟურნალმა „ნიუ სთეისთმენ“-მა («New Statesman») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ აძლევენ რუსები უპირატესობას პუტინისეულ სტაბილურობას და არა ნავალნისეულ რევოლუციას“, რომელშიც დღევანდელი რუსეთის სიტუაციაა გაანალიზებული (ავტორი - ფელიქს ლაითი).
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ანტიპუტინური პროტესტების მორიგი ტალღა რუსეთის ლიდერის 21-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.
(...)
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ვლადიმერ პუტინს კრემლის კაბინეტი აქვს დაკავებული, დასავლელი მიმომხილველები პროგნოზირებდნენ, რომ რუსეთი სწორედ ახლა დგას რევოლუციის წინაშე და მალე უფსკრულში გადაეშვებაო, როგორც ეს 1917 და 1991 წელს მოხდა. ახლა, როცა რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები 2013 წლიდან 11%-ით შემცირდა, კატასტროფა მართლაც გარდაუვლად მოჩანს... მაგრამ არის ერთი „მაგრამ“.
ეკონომიკის ნეგატიური სტატისტიკის მიუხედავად, სხვა უფრო ღრმა რეალობაც უნდა დავინახოთ. საეჭვოა, რომ „ქამრების მოჭერამ“ რუსები რევოლუციაზე აიძულოს. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც კარგად ახსოვს ის დრო, როცა სიტუაცია ბევრად უარესი იყო. კი, 2021 წლის რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები ნულის ტოლი აქვს, მაგრამ დღეს რუსეთი მეტ-ნაკლებად ნორმალურ, ჯანმრთელ და ცხოვრებისათვის სრულიად შესაფერის ქვეყანას წარმოადგენს, ვიდრე ის რუსეთი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა მემკვიდრეობით ბორის ელცინისაგან 2000 წელს მიიღო. არაფერს ვიტყვით 1990-იანი წლების დასაწყისზე ან 1940-იანი წლების მეორე ნახევარზე, როცა დღევანდელთან შედარებით სიტუაცია უფრო უარესი იყო.
დღეს რუსები უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ნაკლებს სვამენ და როგორც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, მათ უფრო მეტი პირადი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ეს ისტორიაში ოდესმე ჰქონიათ. კი, დღეს რუსეთში დემოკრატიაზე ზეწოლა ხდება, მაგრამ სტალინური კოშმარისა და ელცინური სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის ფონზე (რომელიც, ვიმეორებთ, ბევრ რუსს ახსოვს), ვლადიმერ პუტინის შედარებით რბილი ავტორიტარიზმი არც ისე უარესია.
უფრო მეტიც: მართალია, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთმა კორუფციაზე ვერ გაიმარჯვა, მაგრამ დღეს იქაური ცხოვრება დემოკრატიაზე ბანდიტური პაროდია ნამდვილად არ არის, როგორც ვიღაც-ვიღაცეები საზღვარგარეთ წარმოდგენას ცდილობენ. რუსეთის ხელისუფლება დღეს თავის მოქალაქეს პოლიტიკურ მართვაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს წესრიგს და კანონიერებას, აგრეთვე შანსს აძლევს ქვეყნის მოქალაქეებს მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად. რუსებისათვის, რომლებისთვისაც ბედის ასეთი საჩუქრები იშვიათი იყო, ერთდროულად ამდენის მიღება ძალიან მაცდურად გამოიყურება.
და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას ძველებურად პუტინისეულ სტაბილურობას ანიჭებს და არა ნავალნისეულ რევოლუციას, ღრმად არის დამალული და არა მხოლოდ პირადულ ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდება.
პუტინიზმი მოსახლეობას ჰპირდება, რომ რუსეთი არასოდეს არ იქნება ცდების ჩასატარებელი და გრანდიოზული სოციალური ექსპერიმენტების ქვეყანა. ამის ნაცვლად პუტინიზმი უზრუნველყოფს სტაბილურობას, მემკვიდრეობითობას და განვითარებას იმ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც არაერთხელ მოუხვევიათ თავს დასავლეთისადმი მიბაძვა (პეტრე პირველიდან დაწყებული, ბორის ელცინით დამთავრებული). რუსეთის მოსახლეობისათვის, რომელიც დაიღალა იდეოლოგიური რყევებისაგან და „ინერციულ აპათიაში“ მოექცა, ასეთი დაპირებები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ალექსი ნავალნის რევოლუციური მოწოდებები, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო