ომისათვის მზადების ყველა ნიშანს ვხედავთ, პუტინს ვერაფერი შეაჩერებს - მიხეილ სააკაშვილი
კანადის გაზეთ «The Globe and Mail»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომი უკვე მიმდინარეობს“: საუბარი მიხეილ სააკაშვილთან“, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირების მიზეზებია განხილული. პუბლიკაციაში უკრაინის დღევანდელი სიტუაცია შედარებულია საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობასთან (ავტორი - მარკ მაკინონი).
მოსკოვ-კიევის ურთიერთობა, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით გამწვავდა 2014 წლიდან, როცა დონბასური სეპარატიზმი გაძლიერდა და ყირიმის ანექსია მოხდა. ყველაზე ცხელი წერტილი მაინც დონბასი აღმოჩნდა, სადაც უკრაინის არმიისა და ადგილობრივ სეპარატისტთა სამხედრო ქვედანაყოფების შეტაკებებმა (რუსეთის ჩარევით), ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ორივე მხარეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით. იმ დროს, კონფლიქტის შესაჩერებლად მინსკში გაიმართა მოლაპარაკება, რომლის შედეგი „მინსკის შეთანხმების“ სახელითაა ცნობილი. დოკუმენტი ითვალისწინებდა დონბასის (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების) ინტეგრაციას უკრაინის შემადგენლობაში, მათთვის განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსის მინიჭებით, რომელიც დონბასის წარმომადგენლებს ვეტოს უფლებას მისცემდა უკრაინის რომელიმე საერთო-სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგალითად, ნატოში გაწევრიანების საკითხში.
უკრაინის მხარის დღევანდელი მტკიცებით, მინსკის მოლაპარაკება და შეთანხმება რუსეთის კარნახით დაიდო. ამიტომ „მინსკის შეთანხმების“ პირობები კიევისათვის ერთობ არაპოპულარულია. მთავრობები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ხელისუფლება იცვლებოდა, შეთანხმების პირობების შესრულებას კი არცერთი არ ჩქარობდა. მოსკოვის აზრით, სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ სიტუაცია გამწვავებულია.
ერთ-ერთი პოლიტიკოსს, რომელიც ამბობს, რომ ასეთი სიტუაცია მისთვის ცნობილია და მსგავსი მდგომარეობა უკვე გადატანილი აქვს, მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს. 2008 წელს, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, შეეცადა „სამხრეთ ოსეთის“ - საქართველოს ერთ-ერთ რეგიონის გაკონტროლებას, რომელსაც მაშინ, ისევე როგორც დღეს დონბასს, პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებდნენ და საქართველოს ცენტრალურ მთავრობას არ ემორჩილებოდნენ. იმ პერიოდში საქართველო, ისევე როგორც დღეს უკრაინა, ნატოში ინტეგრაციას აქტიურად ესწრაფვოდა.
2008 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს ჩრდ.საზღვართან თავისი ჯარების თავმოყრას ახდენდა (ვითომდა სამხედრო სწავლების სახით), სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების შეიარაღებულმა ფორმირებებმა კონფლიქტის რეგიონის მიღმა ქართულ ტერიტორიას სროლა დაუწყეს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს არმიას უბრძანა შესულიყო სეპარატისტულ რეგიონში მისი გაკონტროლების მიზნით. ამით მან მოახდინა 12-დღიანი ომი, რომელშიც რუსეთი ჩაერია: მისი არმია ჯერ მთლიანად სამხრეთ ოსეთს დაეუფლა, შემდეგ კი საქართველოს ის ტერიტორიებიც დაიკავა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არ შედიოდა. ოკუპირების პროცესი მხოლოდ საფრანგეთის ჩარევამ შეაჩერა, რომლის შუამავლობით მხარეთა შორის ზავი დაიდო. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა როგორც სამხრეთ ოსეთი“, ასევე კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი.
მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში იმყოფება და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ხელისუფლებას დღევანდელი კრიზისის მოგვარების საკითხებში კონსულტაციებს უწევს. მისი თქმით, იგი „მნიშვნელოვან მსგავსებას“ ხედავს უკრაინის დღევანდელ და საქართველოს 2008 წლის დროინდელ სიტუაციებს შორის, როცა რუსეთი მეზობელი სახელმწიფოს საზღვრებთან თავისი ჯარების კონცენტრაციას ახდენს.
„ჯერჯერობით ჩვენ ომისათვის მზადების ყველა ნიშანს ვხედავთ“, - გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო ინტერვიუში. იგი თვლის, რომ კონფრონტაციის გამწვავებით ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განწყობებს ამოწმებს, რათა დაინახოს, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს თეთრი სახლი კრემლის მოქმედებაზე.
„რუსეთი ყოველთვის მაღლა სწევს ფსონს, რადგან [წინა წლების გამოცდილებიდან] იცის - დასავლეთი მას არ მიბაძავს და სიტუაციის გამწვავებაზე არ წავა. მე არც დღეს არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯო ბაიდენი მზად არის კონკრეტული სამხედრო ნაბიჯების გადადგას... ვლადიმერ პუტინს კი ვერაფერი შეაჩერებს, საპასუხო სამხედრო კონტაქტის გარდა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო