"რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან?" - ვლადიმერ პუტინი
ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის სტაბილურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მონაკვეთზე, ამ მიმართულებაზე, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს. ბურთი მათ მხარეს არის, მათ რამე უნდა გვიპასუხონ. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ვხედავთ ჯერჯერობთ დადებით რეაქციას. ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ მოლაპარაკებებისთვის წლის დასაწყისში ჟენევაში. მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები ორივე მხრიდან დანიშნულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია სწორედ ამ გზით განვითარდება. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია.
„ჩვენ მკაფიოდ და ნათლად მივანიშნეთ, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან? არა, ეს აშშ თავისი რაკეტებით მოვიდა ჩვენს სახლთან, უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. ნუთუ ეს არის რამე გადაჭარბებული მოთხოვნა, აღარ დააყენონ არანაირი დარტყმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის აქ უჩვეულო? როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამერიკელებს, ჩვენ რომ აშშ-სა და კანადის, ან აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა? რა, მექსიკა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული საკითხები? ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი ხომ, მიჩუმდა, არავის ახსენდება ეს ისე, როგორც ყირიმი ახსენდებათ. მშვენიერია. ვცდილობთ, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა უკრაინა, ვინ შექმნა ის? ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირს ქმნიდა. თუმცა დავანებოთ თავი ისტორიას, ახლა საქმე ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკებების მიმდინარეობა, არამედ მათი შედეგები.
„არაერთხელ მითქვამს, არც ერთი დიუიმით აღმოსავლეთით – გვითხრეს ჩვენ 90-იან წლებში. თავხედურად მოგვატყუეს. მოხდა ნატო-ს გაფართოების ხუთი ტალღა და ახლა უკვე რუმინეთში, პოლონეთში ჩნდება შესაბამისი სისტემები. ამაშია საქმე, ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს. ჩვენ არ მივსულვართ აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან. ჩვენთან მოვიდნენ. ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინაც იქნება ნატო-ში, რაც ნიშნავს, რომ იქაც იქნება სისტემები. ამაშია საქმე. თქვენ კიდევ ჩემგან რაღაც გარანტიებს ითხოვთ. მე კი არა, თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები და თანაც დაუყოვნებლივ, ახლავე და არა ილაპარაკოთ ამაზე ათეულობით წელი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო