არსებობს თუ არა კრემლის ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და რატომ იცვლება მოსკოვის რიტორიკა

“რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი თვის თავზე კრემლი რიტორიკას ცვლის და ამტკიცებს, რომ “არმია აღმოსავლეთ უკრაინის გათავისუფლებაზეა ორიენტირებული” - შეამცირა თუ არა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირეებული ამბიციები და რა გახდა ამის მიზეზი?

თუ პირიქით, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა და ეს განცხადება მხოლოდ ტაქტიკური მანევრია. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, პუტინი, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ ჩიხშია, ამიტომ გამოსავლის ძიება დაიწყო. შესაბამისად, კიევის ვერ აღების შემდეგ გარკვეულ მანევრს აკეთებს, რათა სახე შეინარჩუნოს და საკუთარ მოსახლეობასთან გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს. თუმცა, ისინი ბოლომდე პუტინის პროგნოზირებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილებების ან მოქმედების შეფასება რთულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არსებობს თუ არა კრემლის ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და რატომ იცვლება მოსკოვის რიტორიკა.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ “სამხედრო ოპერაციის” პირველი ფაზა დასრულდა და ახლა არმიის ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის “გათავისუფლებაზე” იქნება მიმართული. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, “ოპერაციის მთავარი მიზნების პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი მიღწეულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მიმართვას მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ” - თქვა რუდსკოიმ. მისი მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაციი” თავდაპირველი მიზანი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის აღება იყო. ამ რეგიონების, ასევე ყირიმის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს, მას შემდეგ მოახდინა, რაც უკრაინაში ევრომაიდნის პროდასავლურმა პროტესტმა გაიმარჯვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუდსკოის განცხადებით, უკრაინაში რუსულ ჯარების შესვლამდე მოქმედების 2 ვარიანტი განიხილებოდა. პირველი ვარიანტი იყო ოპერაციის შეზღუდვა დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებით. თუმცა, რუდსკოის განცხადებით, ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებდა დონბასში დამატებითი ჯარების გაგზავნას, ამიტომ შეირჩა მეორე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს “ოპერაციებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ღონისძიებების განხორციელებით”. რუსეთის სახელმწიფო პირები, მათ შორის, თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მიზანი სწორედ უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო”, ასევე, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. მიუხედავად ინტენსიური ბრძოლებისა და მცდელობისა, აეღოთ უკრაინის ყველა ძირითადი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი კიევი, რუსეთმა ამის გაკეთება შეჭრიდან ერთი თვის შემდეგაც ვერ შეძლო. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, იზრდება რუსი ოკუპანტების რიცხვი, რომლებიც უკრაინის მხარეს გადადიან და ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ებრძვიან. პენტაგონის ბოლო შეფასებით, რუსი სამხედროების საბრძოლო ძალა 90%-ზე დაეცა, მტერს სურსათისა და საწვავის მიწოდების პრობლემა ექმნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის თქმით, გენერალური შტაბის განცხადება ორ გეგმასთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა დაიწყეს საუბარი, ნიშნავს იმას, რომ პუტინი სახის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან რთულია ამ ადამიანის პროგნოზირება და არ არის გამორიცხული ეს მზაკვრული განცხადება იყოს, რომლის უკანაც კრემლი ახალ “ბ” გეგმას ამუშავებდეს. “რუსეთმა ამ ომში ორი სახის შეცდომა დაუშვა - ეს იყო სტრატეგიული და ტაქტიკური. რუსებმა იფიქრეს, რომ ახლა სამყაროს სტატუსკვოს შეცვლის დრო იყო და ამის საშუალება ჰქონდათ. ხოლო, მეორე შეცდომა იყო, როცა იფიქრეს დასავლეთი ამ ომში არ ჩაერეოდა, რადგანაც ადგილობრივი ბიზნესი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური ზარალის გამო რუსეთთან უკრაინის გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებდნენ”, - ამბობს კანაშვილის, რომლის აზრით, `ორივე შემთხვევაში ძალიან მწარედ შეცდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“სამხედრო ტაქტიკურ შეცდომებს რაც შეეხება, რუსეთს ეგონა, რომ უკრაინის ჯარის დემორალიზებას მოახდენდა. მათი შესაძლებლობა არასწორად შეაფასეს. განსაკუთრებული შეცდომა კი იმაში დაუშვეს, როცა ეგონათ, რომ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის აგრესიას შეეგუებოდა. აქაც ძალიან შეცდნენ და მიკვირს პუტინს რატომ ეგონა, რომ უკრაინაში მოსახლეობა ყვავილებით დახვდებოდა. აი, ეს შეცდომებია, რის გამოც რუსეთს უკვე ერთი თვეა დასახული მიზნების შესრულება უჭირს. ადამაინები, რომლებიც ახლა უკრაინაში ომობენ, მხოლოდ უკრაინელები არ არიან. ძალიან ხშირად შეხვდებით რუსული გვარის მქონე სამხედროებს, რომლებსაც უკრაინული იდენტობა აქვთ. პუტინს ან მცდარი ილუზიები შეუქმნეს და მწარედ მოატყუეს, ან თავად დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, როცა უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურად რუს მოსახლეობაზე იმედები დაამყარა. როგორც ჩანს, პუტინი ახლა თავის გადარჩენას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად თუ აზროვნებს, ასე უნდა ქნას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

“ერთი თვეა ომი მიდის და ყველა კარგად მიხვდა, რომ უკრაინას და უკრაინელებს აქვთ, ჯერ ერთი მოტივაცია და ბრძოლის უნარი და მეორეც, სამხედრო პოტენციალი იმისთვის, რომ რუსული არმია შეაჩერონ. გვახსოვს ალბათ ომის პირველი სამი დღე, როცა ამერიკული დაზვერვაც კი ამბობდა, რომ კიევი 90 საათში დაეცემოდა. აღმოჩნდა, რომ ყველა მწარედ შეცდა. ყველას ჰქონდა განცდა, რომ კიევი მალე ჩაბარდებოდა. შემდეგ იყო ენთუზიაზმი, რომელმაც მთელი მსოფლიო გააკვირვა. 25 მარტის განცხადების შემდეგ გამოჩნდა, რომ პუტინი მთლად გაგიჟებული არ არის. როგორც ჩანს პუტინი მიხვდა, თუკი ამ სიგიჟეს გააგრძელებს, რა სახის ფასი შეიძლება გადაიხადოს. თუკი კიევსაც მარიოპულივით დაბომბავს, მაშინ მას უკან დასახევი გზა აღარ ექნება. ამიტომ საკუთრი ტყავის გადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო. თუ მივიღეთ ის სურათი, რომ მან უკრაინის ნაწილობრივ ოკუპაცია მოახდინა, მაშინ უკრაინა დე ფაქტო ევროკავშირის და ნატოს წევრი ხდება. უკრაინა ახლა მსოფლიოში ბრენდი გახდა. მთელი დასავლეთი ეცდება, რომ უკრაინელებს ბევრი ფული, ცოდნა და შეიარაღება მისცენ. უკრაინას კი ეს სულ სხვა ტიპის ქვეყანას გახდის“, - დარწმუნებულია გიორგი კანაშვილი.

წაკითხვა 317 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.