დრონების ეპოქა - "უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები დღემდე ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას"
ბრიტანული ჟურნალის „სპექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დადგა დრონების ეპოქა: უკრაინა ახლებურად ომობს“ (ავტორი - სეთ ფრენცმენი). მასში განხილულია რუსეთთან ომში უკრაინის მიერ გამოყენებული უპილოტო საფრენის აპარატების (დრონების) მნიშვნელობა, განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ამ იარაღის უპირატესობას თანამედროვე ძვირადღირებულ თვითმფრინავებთან შედარებით - მარტივად მართვას და მაღალ ეფექტიანობას.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
„უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები დღემდე ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას. რუსეთი უკრაინის ტერიტორიისადმი დარტყმების განხორციელების დროს უპირატესობას რაკეტებს აძლევს, უკრაინელები კი თავიანთ საჰაერო სივრცეში აქტიურად იყენებენ უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების - შესაძლებლობებს.
უკრაინამ დაამტკიცა უპილოტო საფრენი აპარატების გარდამტეხი მნიშვნელობა ომების დროს. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დრონების გამოყენების საკითხში უპირველეს სახელმწიფოდ ითვლება, თავის უპილოტო საფრენ აპარატებს მხოლოდ ისეთ ადგილებში იყენებდა (ვთქვათ, ავღანეთში), სადაც ცოტა ვინმე თუ ფლობდა დრონებით სარგებლობისა და მათი მართვის ტექნოლოგიებს. უკრაინა დრონებს, უპირველეს ყოვლისა, იყენებს არა ცოცხალ ძალაზე „ნადირობისათვის“, არამედ უფრო ფართო მიზნის მისაღწევად - რუსული ჯავშანტექნიკის კოლონების გასანადგურებლად და ჯარების მომარაგებისათვის ხელის შესაშლელად. ასეთი სტრატეგია სპეციალურად რუსეთისათვის არის შემუშავებული. მოსკოვის სამხედრო თეორიის მიხედვით, სანამ ცოცხალი ძალა შეუტევს, მანამ დაკავებულ ტერიტორიაზე ხდება ჯავშანტექნიკისა და შორი მოქმედების საარტილერიო საშუალებების თავმოყრა მტრის საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად. აი, სწორედ ასეთი სიტუაციების დროს, ანუ თავმოყრილი სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ბევრად ეფექტური და მომგებიანია. შეიძლება ითქვას, რომ დრონებმა ძირფესვიანად შეარყიეს რუსული სამხედრო სტრატეგიის საფუძვლები.
უკრაინამ დრონების ფასი ჯერ კიდევ 2014 წლიდან გაიგო, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში [პრორუსულ ძალებს ებრძოდა]. ამის მოწმე მე თვითონ ვარ: 2017 წელს დონბასში ფრონტის ხაზზე ვიმყოფებოდი და ჰაერში, შეიძლება ითქვას, სულ გუგუნი ისმოდა - ძირითადად დაფრინავდნენ კვადროკოპტერები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ მაღაზიაში ნაყიდ აპარატებს, ისინი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და მათ მხოლოდ არტილერიის ცეცხლის კორექტირებისათვის იყენებდნენ. მოგვიანებით მოსკოვმა დონბასელ პრორუსულ ძალებს ისეთი კომბინირებული უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა, რომლებსაც საარტილერიო ცეცხლის წარმოება შეეძლოთ. ასეთ დრონებს უკრაინელი ჯარისკაცები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.
ამჟამად კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. უკრაინის გენერალურ შტაბში შექმნილია ავიამოდელისტ-ენთუზიაზისტთა ჯგუფი, რომლის წევრები თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას დრონების დისტანციურ მართვაში იყენებენ, ლეტალური ეფექტით. ერთ-ერთი ბოლო შეფასების თანახმად, უკრაინაში დღეისათვის ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი აქვს, რომელსაც არმია იყენებს, მათ შორის ადგილობრივი წარმოების დრონებსაც.
კიევმა ასევე შეიძინა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებიც - „ბაირაქტრები“ (Bayraktar TB2), რომლებსაც მასზე მიმაგრებული ოთხი რაკეტის გაშვება შეუძლიათ. ომის დაწყების დროიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ რუსებმა მათი ბლოკირება ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს.
სამხედრო ანალიტიკოსების სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად, უკრაინის არმიამ შეძლო და რუსული ტანკები ბრძოლაში გამოიწვია: ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული მძიმე ჯავშანსატანკო ძალები ნაკლებად ეფექტური გახდა. როგორც ცნობილია, ტანკებს დიდი რაოდენობით საწვავი [და საბრძოლო მასალები] სჭირდებათ, რომლის მარაგი მუდმივ შევსებას საჭიროებს. თვითონ ტანკების რაოდენობის შევსებაც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებიდან და ბაზებიდან ხდება ე.წ. „სატრანსპორტო დერეფნების“ მეშვეობით, ფრონტის ხაზისაკენ. რა თქმა უნდა, „დერეფნების“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია, მაგრამ უკრაინელებმა რუსების გეგმები ჩაშალეს. კიევი იყენებს იაფფასიან კვადროკოპტერს აკუმულატორის ელექტროკვებით, რომელიც ზემოდან ბრძოლის ველს ვიზუალურად აკვირდება და მონაცემებს მიწაზე გადასცემს, შემდეგ კი უკრაინელი მეომარი, მხარზე მოკიდებულ გადასატან ტანკსაწინააღმდეგო იარაღს ისვრის და სამი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების მქონე რუსული ტანკი ეფექტურად ნადგურდება.
და თუ ამას დავამატებთ დარტყმითი ტიპის მრისხანე თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს - „ბაირაქტრებს“, რომლებსაც საკმაო უპირატესობა აქვთ რუსულ დრონებთან შედარებით - ღამის ხედვის აპარატების გამო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ სიბნელეშიც აღმოაჩინონ რუსული ტანკები, მაშინ გასაგები გახდება დრონების მართვის სამეთაურო ცენტრების აქტიურობა, რომლებიც ყოველღამ ასობით დაბომბვას ახდენენ.
რუსეთმა, როგორც ჩანს, [კავკასიური] გაკვეთილები სწრაფად ვერ აითვისა და დასკვნები დროულად ვერ გამოიტანა. აზერბაიჯანმა 2020 წელს რუსეთის მოკავშირესთან - სომხეთთან კონფლიქტის დროს მთიან ყარაბაღში თურქეთიდან და ისრაელიდან მიწოდებული დრონები მაღალეფექტურად გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებისგან შექმნილი სამხედრო საჰაერო ძალები ბევრად უფრო ეკონომიური აღმოჩნდა, ვიდრე ძვირადღირებული თანამედროვე თვითმფრინავების ესკადრილიები. თუ თქვენ დრონები გაქვთ, უკვე აღარ არის საჭირო თვითმფრინავების პილოტების სწავლება ან მათი სიცოცხლით რისკის გაწევა. განსაკუთრებით ეფექტურია ე.წ. „დრონი-კამიკაძეები“, რომელთა გამოყენება ფრთოსანი რაკეტის სახით შეიძლება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეების, ვთქვათ, ტანკების გასანადგურებლად. აზერბაიჯანმა სომხური არმიის ჯავშანტექნიკა, შეიძლება ითქვას, უპილოტო საფრენი აპარატებით გაანადგურა. ამის შემდეგ ბევრმა იფიქრა - ხომ არ დასრულდა ტანკების ეპოქაო.
შედარებისთვის: რუსეთს, როგორც ჩანს, საკუთარი უახლესი მოდიფიკაციის მქონე დარტყმითი (შემტევი) ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები არ აქვს, მათი დაპროექტება და წარმოება მხოლოდ 2023 წლისთვის არის დაგეგმილი. რაც მოსკოვს აქვს, არის მხოლოდ სადაზვერვო დრონების პარკი, რომელიც ორი ათას საფრენ აპარატს ითვლის. ისინი ძირითადად სამიზნეების აღმოსაჩენად გამოიყენება - მაგალითად, „ორლანის“ (Orlan) ტიპისა, რომელთაგან თითოეული სულ რაღაც 80 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. პრობლემა, ალბათ, იმაშია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება ემყარება მე-20 საუკუნის სამხედრო ტაქტიკას - ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის ლეგიონებსა და არმადებს, არტილერიას - ქვემეხებსა და რაკეტებს, რომლებიც ქალაქებს დაბომბვითა და ნგრევით იმორჩილებენ. რუსები ასეთ სიტუაციებში ახალი ტექნოლოგიებს ნაკლებად სარგებლობენ. სხვათა შორის, რუსეთს საკმაო დრო ჰქონდა სამხედრო დრონების წარმოებაში ინვესტიციები ჩაედო და ავიაციის ეს დარგი განევითარებინა, როგორც ეს [თურქეთმა] და აზერბაიჯანმა გააკეთეს, მაგრამ მოსკოვი კმაყოფილი იყო იმით, რაც ჰქონდა და მიღწეულს სჯერდებოდა. არადა, დრონები დღეს აუცილებელი ატრიბუტები ხდებიან თანამედროვე სამხედრო ძალებისათვის - მცირე ტაქტიკური დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაწყებული, დიდი შემტევ-დარტყმითი აპარატებით დამთავრებული.
ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არის უცნობი უკრაინის წარმატებული გამოცდილებიდან დრონების გამოყენების მხრივ. დღემდე გაურკვეველია, ზუსტად რამდენი „ბაირაქტარი“ დაფრინავს და მათ მიერ რამდენი სატრანსპორტო საშუალება იქნა განადგურებული. სავარაუდოდ, მალე ვაშინგტონიც მიაწვდის კიევს Switchbladeს ტიპის ახალ „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებიც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება მხოლოდ რამდენიმე განვითარებული ქვეყნის პრეროგატივა აღარ არის. დრონები უპირატესი მნიშვნელობის მქონე იარაღები ხდებიან იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც სწრაფად სსჭირდებათ საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალები. შეიძლება ითქვას, დრონი უკრაინის ომში იმ შურდულის როლს ასრულებს, რომლითაც ბიბლიური დავითი გოლიათზე იმარჯვებს. სამომავლოდ სამხედროებს, თუ მათ გამარჯვება სურთ, ამ იარაღის წარმოება-განვითარებაში მნიშვნელოვანი თანხების ჩადება მოუწევთ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო