„აშშ სამოქმედო გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს"

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ სამოქმედო გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" (ავტორები - ერიკ შმიტი, ჰელენ კუპერი, ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

თეთრმა სახლმა ზედმეტი ხმაურის გარეშე, ჩუმად შეკრიბა იმ თანამშრომლების გუნდი, რომელთა საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მათ უნდა შეიმუშაონ გარკვეული სცენარი, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მოქმედებაზე - იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის ლიდერს უკრაინის ომში [ჩვეულებრივი იარაღით] პროგრესის მიღწევის იმედი გაუცრუვდება და ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

 

„ვეფხვი“ - ასე ჰქვია ახლად შექმნილ გუნდს, რომლის ფუნქციებში შედის ნატოს მხრიდან სავარაუდო საპასუხო ზომების შემუშავება იმ შემთხვევისათვის, თუ ვლადიმერ პუტინი, ვთქვათ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე შეაღწევს, ან შეუტევს იმ სატრანსპორტო კოლონას, რომელსაც უკრაინისათვის იარაღი და სხვა სახის დახმარება მიაქვს. როგორც ოფიციალური პირების ნათქვამიდან ირკვევა, გუნდის წევრები კვირაში სამჯერ დახურულ სხდომებს აწყობენ, განიხილავენ რეაგირების სხვადასხვა ვარიანტებს, თუ რუსეთის სარდლობა შეეცდება და საომარ მოქმედებებს მეზობელ ქვეყნებზე გადაიტანს, მოლდოვასა და საქართველოს ჩათვლით. „ვეფხვის“ წევრები ასევე მსჯელობენ იმაზეც, თუ როგორ უნდა იქნენ მომზადებულნი ევროპის ქვეყნები ლტოლვილთა იმ დამატებით ნაკადის მისაღებად, რომელიც ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

 

სულ რაღაც ერთი თვის წინათ მსგავს სცენარებს მხოლოდ თეორიული ხასიათი თუ ჰქონდა, მაგრამ დღეს, თეთრ სახლში - ვაშინგტონში და ნატოს შტაბ-ბინაში - ბრიუსელში, მივიდნენ იმის გაცნობიერებამდე, რომ რუსეთმა, სამხედრო ჩიხიდან გამოსასვლელად, შეიძლება თავისი არსენალის ყველაზე ძლიერი იარაღი გამოიყენოს. 

 

ოთხშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსები, სავარაუდოდ, მასობრივი განადგურების იარაღს თუნდაც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებენ, ამ ფაქტს „საშინელი შედეგები“ მოჰყვება ნატოს ქვეყნების მოსახლეობისთვისაც. როგორც ჩანს, ალიანსის გენმდივანს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენებული მასობრივი მოსპობის იარაღის გამოქვეყნების დროს წარმოქმნილი ქიმიური ან რადიოაქტიური ღრუბელი „საზღვარს გადაკვეთს“ და ევროპაშიც გავრცელდება. „ვეფხველები“ ამ კონტექსტში იმ საკითხსაც განიხილავენ, ჩაითვლება თუ არა მსგავსი სიტუაცია ნატოზე „თავდასხმად“ - ალიანსის წესდების შესაბამისად - და საჭირო იქნება თუ არა ერთობლივი საპასუხო სამხედრო ნაბიჯის გადადგმა.

 

„ვეფხვი“ ჩამოყალიბდა 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან მეოთხე დღეს, ჯეიკ სალივანის - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩევლის მიერ, შექმნილი რთული სიტუაციის პირობებში სპეციფიკური სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. სხვათა შორის, ამ გუნდის ცალკეულმა წევრებმა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ სანქციების სიის შედგენაში, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აშშ-მა რუსეთს დაუწესა.

 

მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოსკოვი ფაქტობრივად უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უკან არ დაიხევს. მსგავსი ვითარება ევროპაში (და მსოფლიოშიც) „ცივი ომის“ დროიდან არ ყოფილა - არავის თავში არ მოუვიდოდა აზრად, რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ჰიროშიმაში ჩამოგდებულ ბომბზე ასჯერ უფრო ძლიერი იარაღი გამოეყენებინა. არის იმის საფრთხე, რომ რუსეთისათვის ამგვარი იარაღის გამოყენება მაინცდამაინც რთული გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, კრემლს შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას.

 

როგორც სენატორი ჯერ რიდმა განაცხადა (იგი აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს), თუ პრეზიდენტი პუტინი მართლაც ისარგებლებს ქიმიური, ბაქტერიოლოგიური ან ბირთვული იარაღით, რომელიც ნატოს ქვეყნებზეც მოახდენს გავლენას, მაშინ ეს ფაქტი ალიანსზე თავდასხმად უნდა ჩაითვალოს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. „ეს იქნება ძალიან მძიმე გამოწვევა და ასეთ სიტუაციაში რუსეთს პასუხი მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტმა კი არა, ნატოს საბჭომ უნდა გასცეს. მთლიანობაში ეს იქნება ნატოს კოლექტიური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენი ცალმხრივად არ იმოქმედებს“, - ხაზი გაუსვა სენატორმა.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც „ვეფხვი“ იხილავს, იმაში მდგომარეობს, თუ რა სიტუაციამ შეიძლება უბიძგოს ნატოს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ მას ამის გაკეთება გულწრფელად არ სურს, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს და შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. ამას წინათ მან სწორედ ასე განაცხადა: „ეს მესამე მსოფლიო ომი იქნება“.

 

ჯეიკ სალივანის მიერ ასევე არის შექმნილი ჩინოვნიკთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც განიხილავს აშშ-ის გეოპოლიტიკური შესაძლებლობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, გრძელვადიანი პერსპექტივით.

 

ისარგებლებს თუ არა ვლადიმერ პუტინი თავისი ბირთვული არსენალით? ამერიკელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ მასობრივი მოსპობის იარაღის გამოყენების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი მუდმივად მიანიშნებს ამაზე და „თითი მზად აქვს ღილაკზე დასაჭერად“ ატომურქობინიანი რაკეტების გასაშვებად - „ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში“, ვაშინგტონს აიძულებს ყველაფრისთვის მზად იყოს.

 

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, ჯო ბაიდენი ძველებურად ურყევია იმაში, რომ ამერიკის არმია უკრაინაში არ უნდა შევიდეს, თუმცა, რასაკვირველია, თეთრმა სახლმა ყველა შესაძლებლობა ყურადღებით უნდა შეისწავლოს და უნდა დაადგინოს ის ზღურბლი, რომლის დროსაც პრეზიდენტს თავისი პოზიციის შეცვლა მოუწევს, რათა მომზადებული შეხვდეს ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებს.

 

აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ „პატარა“ ტაქტიკური დანიშნულების მქონე ბირთვული ბომბის გამოყენება - თუნდაც მხოლოდ უკრაინის და არა ნატოს ტერიტორიაზე - იმის მომასწავებელი იქნება, რომ „ყველა ადრე თქმულს ხაზი გადაესმება“ და დასავლეთი გადახედავს თავის პოზიციას კონფლიქტში ჩაურევლობის თაობაზე.  თუმცა მაღალჩინოსანმა უარი თქვა იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს ამერიკა რუსეთის მიმართ, სიტუაციის ამგვარი ვარიანტით განვითარების დროს.

 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ წყაროს თქმით, აშშ-სა და ნატოს სადაზვერვო სამსახურებს ჯერ-ჯერობით მოსკოვის არანაირი აქტიურობა არ დაუფიქსირებიათ, რომელიც იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ კრემლი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. თუმცა, როგორც წყარომ მიუთითა, აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები სიტუაციას მაინც დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უყურებენ - სასწორზე დევს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ბედი.

 

წყარო

წაკითხვა 319 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.