რატომ ამარტივებს ვიზებს რუსეთი და რომელი ქვეყნები შევლენ კრემლის პრივილეგირებულ სიაში
“რუსეთი ახალ თემაზე ალაპარაკდა - 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან კი გამარტივებული პირობებით.
ჯერჯერობით უცნობია შეიყვანს თუ არა ამ ჩამონათვალში საქართველოს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაამარტივებენ, ეს იმისკენ იქნება მიმართული, რომ ჩვენსა და დასავლეთს შორის ხიდი ჩატეხონ. ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, ეჭვს ბადებს ყოველივე ის, რომ ბოლო პერიოდში კრემლიდან საქართველოს მისამართით მცირე ინტერვალით კეთდება განცხადებები და ეს ხდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო პასუხის წინ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ამარტივებს ვიზებს რუსეთი და რომელი ქვეყნები შევლენ კრემლის პრივილეგირებულ სიაში.
“რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან - გამარტივებული წესით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა. “სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით- გამარტივებული პირობები.. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, - განაცხადა ლავროვმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსულ საგადასახადო სისტემა “მირთან” დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, თუკი რუსეთი სიაში საქართველოსაც ჩასვამს, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთს ის მოტივი ექნება, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში საქმე გაუფუჭოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როცა ლავროვმა, “კომპლიმენტი” გვითხრა, რა კარგად იქცევა საქართველოო. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, ასე რატომ თქვაო. მაშინ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ბოლო ინტერვიუში ასეთი პასუხი ჰქონდა - ლავროვი სანდო კაცი არაა და იმან თუ თქვა კარგად იქცევითო, ე.ი. რაღაც ინტერესით იძახის, დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდი ჩატეხოს და ამისთვის დგამს ეგეთ ნაბიჯებსო. ამ შემთხვევაში დეგნანს ვეთანხმები და თუკი რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთს იგივე მოტივი ექნება, კერძოდ ის, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში საქმე გაუფუჭოს. იმის გარანტია არ გვაქვს, რომ დასავლეთი რუსეთის თვალთმაქც ნაბიჯს მიხვდეს. გვახსოვს, როცა ფრენების თაობაზე ლაპარაკი იყო, მაშინ აშშ-დან საქართველოს მიმართ რეპლიკა გაისმა, რომ ახლა ურთიერთობის გაუმჯობესების დრო არააო. მისმა წარმომადგენელმა დეგნანმა ეს ვარიანტი გვითხრა, რომ საქართველო არაფერ შუაშია რუსეთი თავისას თამაშობსო. მეორე წარმომადგენელმა პირით შენიშვნა მოგვცა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ამ ნიშნულს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რაღაც გავლენა ექნება, მაგრამ თავისთავად რუსეთი უფრო პრაგმატულია და ბოლო ხანების ეს ძალისხმევა რამდენიმე ხაზითაა განპირობებული - ჩვენთან ახლა ტრანზიტის ის ხაზები გადის, რომლებიც ადრე რუსეთზე გადიოდა და ახლა სანქციების გამო, საქართველოზე გადმოლაგდა, თან ინტენსიურად იწყება ახალი პროექტები, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ რუსეთს ეკონომიკურ იზოლაციაში ყოფნა არ აწყობს და სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნება უნდა. ამისთვის რუსეთმა ან ომი უნდა გაამთავროს, რაც აშკარად არ უნდა, ან საქმე უნდა გაუფუჭოს იმ ქვეყნებს, რომელზედაც ტრანზიტი გავა”, - დაასკვნის საყვარელიძე. ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია სიაში საქართველოს შეიყვანენ თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი გზა ევროკავშირისკენ მიდის,” - დასძენს გამოცემა.
“ამ წუთას არ ვიცი ამ ქვეყნების რიცხვში საქართველო იქნება თუ არა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენი დღის წესრიგის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა ის, რუსეთი გაამარტივებს თუ არა სავიზო რეჟიმს, არამედ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ის გზა რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია მინიმალური დაბრკოლებებით გავიაროთ. რუსეთი ვიზას გააუქმებს თუ არა, ოკუპანტ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც საქართველოს მტერია, თუ ოკუპაციის სანაცვლოდ სავიზო რეჟიმს გაგიუქმებს, დიდი ვერაფერი ბედენაა. საბჭოთა კავშირში ვიზა საერთოდ არ გვჭირდებოდა, მაგრამ მთლიანად ვიყავით ოკუპირებულები. თუ ვინმეს ასეთი რუსეთი ენატრება, მას წასვლა ვიზითაც შეუძლია და უვიზოდაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“საქართველოს გზა აბსოლუტურად სხვა მიმართულებითაა, ამას ვერც რუსეთთან სავიზო რეჟიმი შეუშლის და ვერც უვიზოდ. ზოგადად რუსეთის ტიპის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია და ჰგონიათ, რომ ვიღაცისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზება ძალიან დიდი რაღაცაა. ზუსტად ამიტომაც ისინი სხვა განზომილებაში არიან და ჩვენ სხვა. ჩვენი პრობლემა ის კი არაა რუსეთი ვიზებს გაამარტივებს თუ არა, პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი და საქართველოში მთელი წლის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ, პრობლემა ესაა და მისახედია. არ შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იმ პრივილეგიებით სარგებლობდეს, რითაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სარგებლობენ”, - მიიჩნევს ფხალაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"