ყარაბაღში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სომხეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ პირველ ცნობებს ყარაბაღში, საწვავის საცავის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ. მათი წყაროა არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბი, რომლის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამია ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში.
შტაბის თანახმად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებამ და რუსეთის სამშვიდობო ძალების სამედიცინო პუნქტმა მიიღეს დაახლოებით 290 პაციენტი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით. რამდენიმე ათეულის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი დაკარგულად ითვლება.
25 სექტემბერს ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი აცხადებდა, რომ დაშავებულთა ნაწილი ადგილობრივ რესპუბლიკურ და ბავშვთა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად არცახის(ყარაბაღის) სამედიცინო შესაძლებლობები არასაკმარისია და საჭირო იყო მძიმედ დაშავებულების საჰაერო გზით ევაკუაცია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების საჰაერო და სახმელეთო გზით, ღამით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო უამინდობის გამო.
დღეს დილის ინფორმაციით, სომხეთიდან ყარაბაღში ვერტმფრენით გაემგზავრა ექიმების ჯგუფი. რეგიონში სამედიცინო დახმარება გაგზავნა აზერბაიჯანის მთავრობამ.
ყარაბაღში აფეთქება მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულ დროს. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი