„ამერიკა სამოქალაქო ომისაკენ მიექანება: ნოემბრის არჩევნები - რეფერენდუმი იმისა, თუ ვინ უნდა ჩაჯდეს ციხეში" - The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია ამერიკელი ჟურნალისტის - ტიმ სტენლის სტატია სათაურით - „შეერთებული შტატები სამოქალაქო ომისაკენ მიექანება: ნოემბრის არჩევნები - რეფერენდუმი იმისა, თუ ვინ უნდა ჩაჯდეს ციხეში - დონალდ ტრამპი თუ თეთრი სახლი“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ავტომანქანას ვმართავდი, როცა რადიოთი დონალდ ტრამპის განაჩენის შესახებ გავიგე. ვვარაუდობდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ ცნობა მაინც მოულოდნელი იყო. მანქანა გზის პირას გავაჩერე და გავიფიქრე: „სამტერის ფორტი მეორდება“ (1861 წელს სწორედ სამხრეთელების მიერ ჩრდილოელების სამტერის ფორტის დაბომბვით დაიწყო სამოქალაქო ომი ამერიკაში, უკან დასახევი გზა აღარ დარჩა). დიახ, ეჭვი მქონდა, რომ განაჩენის გამოტანა გამოკითხვების შედეგებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა, დონალდ ტრამპის პოპულარობა არ შემცირდებოდა, მაგრამ ისიც მახსოვდა, რომ ამერიკელი საზოგადოებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მნიშვნელოვანია, განაჩენი არჩევნების ხასიათს ცვლის.
დღეს ორი სიმართლე გვაქვს, ერთდროულად: დონალდ ტრამპი ქვეყანას სტაბილურად არ მართავდა, წააგო 2020 წლის არჩევნები, მაგრამ გამარჯვებულისათვის ადგილის დათმობას არ აპირებდა და ისე გამოვიდა, რომ 2021 წლის 6 იანვარს ამბოხების მოთავე გახდა. მაგრამ, ასევე, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ირგვლივ შეთქმულება მოაწყეს, თანამდებობიდან მისი წასვლის მიზნით. 2020 წელს დემოკრატებს ყველა შანსი ჰქონდათ, პრეზიდენტობის კანდიდატად უკეთესი ალტერნატიული ფიგურა წამოეყენებინათ, მაგრამ მათ მაინც ჯო ბაიდენზე შეაჩერეს ყურადღება. დღეს კი ბაიდენი ზომბი გახდა, რომელიც ვერანაირად აიძულეს, გვერდზე გამდგარიყო. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის გაერთიანებისათვის ეზრუნა, ჯო ბაიდენმა ისევ ჩაითრია დონალდ ტრამპი კონფლიქტში.
რადგან დემოკრატები მტკიცედ არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათი თანაპარტიელი პრეზიდენტობის კანდიდატი - ჯო ბაიდენი არჩევნებში გაიმარჯვებს, ამიტომ რამდენიმე შტატში მათ პროკურატურასა და სასამართლოებს მიმართეს და თავიანთ მეტოქეს ყველანაირი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენეს, მთელი მისი კარიერის განმავლობაში - სექსით დაწყებული, ბიზნესით და დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევით დამთავრებული. ასეთი სტრატეგია აბსურდული ჩანდა - ის უფრო განგსტერების ხელობას მოგვაგონებდა, ალ კაპონეს მსგავსად.
ასე რომ, მე ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რადგან ეს სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღძრულიყო, დოკუმენტების გაყალბების ფაქტი არჩევნებისთვის არ უნდა მიებათ, ხოლო სთორმი დენიელსს არასოდეს უნდა მიეცა ჩვენება ისეთ ფაქტზე, რომელიც მიმდინარე არჩევნებს არ უკავშირდება.
ძალიან აბსურდული მდგომარეობაა. იურისტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ დონალდ ტრამპისადმი გამოტანილ განაჩენს, რომელსაც მოსამართლე დაამტკიცებს, მაინცდამაინც საპყრობილე მოჰყვება, მაგრამ თუ მართლაც ექსპრეზიდენტს ციხეში ჩასვამენ, უკვე აღარ გამიკვირდება. ნათელია, რომ მთელი ამ ბრალდების მიზანი ის კი არ არის, რომ კანონის უზენაესობა დადასტურდეს, რომ მასზე მაღლა არავინ დგას, არამედ ის, რომ როგორმე ხელი შეუშალონ დონალდ ტრამპს მეორე ვადით არჩევაში.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია ამ განაჩენით არ დასრულდება. მას პრეზიდენტის პოსტზე ბალოტირება შეუძლია, მაგრამ ხმის მიცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დონალდ ტრამპი აპელაციას წარადგენს და თუ იგი საბოლოოდ თეთრ სახლში მაინც მოხვდება, მას საკუთარი თავის შეწყალების უფლებაც აქვს, რადგან განაჩენი გამოტანილია არა ფედერალური, არამედ - შტატის სასამართლოს მიერ. მოკლედ, სავარაუდო სვლები საკმაოდ არსებობს.
მაგრამ როგორიც უნდა იყოს შედეგი დონალდ ტრამპისათვის, ამერიკა მთლიანობაში მაინც წაგებული გამოვა. პრეზიდენტი ნასამართლევი თუ დარჩება, ეს ქვეყნისთვის ეროვნული შეურაცხყოფა იქნება, მაგრამ თუ ციხეში ჩაჯდება, მისმა მომხრეებმა შეიძლება, ძალადობა დაიწყონ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის გისოსებში ჩასმით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება აღდგება, ძალიან ცდება. ხომ ვიცით, რა ხდებოდა 2021 წლის 6 იანვრამდეც? იყო 1960-იანი წლების არეულობები და 1919 წლის რასისტული „წითელი ზაფხული“... იყო ოთხი პრეზიდენტის მკვლელობა... უფრო ადრე კი თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები სკოლებს აფეთქებდნენ და მოსწავლეებს ხოცავდნენ.
რა თქმა უნდა, მე რომ ახლა, 2024 წელს 1861-65 წლების სამოქალაქო ომს ვადარებ, შეიძლება ვცდები - დღეს მონობა აღარ არსებობს და, შესაბამისად, არავის აქვს მისი გაუქმების მიზანი. დღეს კონფლიქტის დაწყების მიზეზების ზუსტი გარკვევა რთულია, მაგრამ სწორედ ახლა უპირისპირდებიან სოფლის მცხოვრებლები ქალაქელებს, მუშები - ინტელექტუალებს, ქრისტიანები - საერო პირებს, ხოლო ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა აბორტები და იმიგრაცია, კომპრომისები შეუძლებელია. მოკლედ, ამერიკელი ერი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორივეს ერთმანეთი სძულს.
დიახ, ზოგიერთების აზრით, ამაშიც დონალდ ტრამპია დამნაშავე. გასაგებია, მაგრამ დემოკრატებმა რომ თამასა უფრო მაღლა ასწიეს და მას დიქტატორი უწოდეს, ამით ამომრჩეველს მიანიშნეს, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს რესპუბლიკა დაიღუპება. და ახლა, როცა დონალდ ტრამპს დამნაშავის იარლიყი მიაწებეს, ამით იგი კონტროლიდან გამოჰყავთ.
ვერ გამიგია, რატომ სძულთ ასე ძალიან დემოკრატებს რესპუბლიკელი მეტოქე. ყველაზე ცუდი, რისი ჩადენაც პრეზიდენტს შეუძლია, არის ომის დაწყება, მაგრამ დონალდ ტრამპმა, პირიქით, ომი თავიდან აიცილა. არადა, რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა ორი ომი დაიწყო, მილიონები დახოცა და, როგორც ჩანს, დემოკრატებისათვის იგი მეტ-ნაკლებად მაინც მისაღებ ადამიანად რჩება.
ჩვენ ორთქლის გამომშვები სარქველი გვჭირდება, სიძულვილი უნდა ჩავაქროთ. 1860 წელს სწორედ არჩევნების შედეგებმა ჩამოაყალიბა ისეთი სიტუაცია, რომელმაც ტოტალური ომის დაწყება გამოიწვია: სამხრეთელები აბრაამ ლინკოლნს დემონად თვლიდნენ, ხოლო მის გამარჯვებას - თავიანთი არსებობის მუქარად.
აბრაამ ლინკოლნი, ალბათ, ცოცხალი რომ იყოს, დონალდ ტრამპის მოქმედებას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოიწონებდა, მაგრამ იმავდროულად, იგი გააცნობიერებდა იმასაც, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე დიდი საფრთხე სისხლისღვრასა და სიკვდილის წყურვილში იმალება, ჩვენს ქვეყანას რომ მისი დაარსების დროიდან უკან სდევს.
ამბობენ, კობო აბეს უთქვამს ერთხელ - [იაპონიას], რომელიც ასე მდიდარია ტალანტებით და მოხერხებული მდებარეობით, უცხოელები ვერასდროს დაიპყრობენო: „როგორც თავისუფალი ადამიანების ერი, ჩვენ ვალდებულები ვართ, ან ყველაფერი მედგრად გადავიტანოთ, ან დავიხოცოთ“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი