მსოფლიოს უარესი წინ ელოდება ანუ რა მოხდება, თუ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები ჩაიშლება?!

„ტრამპისა და პუტინის ეპოქა ახალი არ არის, ის ადრეც არსებობდა“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „სანდი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph – „დეილი ტელეგრაფის“ საკვირაო გამოშვებაში) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ჯანეტ დეილი), რომელშიც განხილულია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთდამოკიდებულება - „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ფონზე. „ჩვენ არ გვჭირდება არც მტრობაზე დამყარებული ცივი ომი და არც ყალბ მეგობრობაზე დამყარებული მშვიდობა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 

როგორ მართავდნენ ადრე მსოფლიოს? დღეს რაც ჩვენს თვალწინ ხდება, შეიძლება ბევრს ძალიან უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ამაში ახალი არაფერია - როგორც ამბობენ ხოლმე, „ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია“.


თანამედროვე დემოკრატიულ ეპოქაში ტოტალიტარული რეჟიმებიც კი იძულებულნი არიან, რომ არჩევნები ჩაატარონ, თუნდაც -დარღვევებით, მაგრამ მაინც. დემოკრატიული ეპოქის დასაწყისამდე კი ეროვნული სახელმწიფოების მმართველები საერთაშორისო ურთიერთობებს ახორციელებდნენ თავიანთი პირადი შეხედულებებით, ტერიტორიებისა და ხალხის მიმართ. სწორედ მათი მტრობა და მეტოქეობა - ზოგჯერ გათვლილი და კარგად მოფიქრებული, ზოგჯერ კი, უბრალოდ, უაზრო ხასიათისა - განსაზღვრავდნენ მოსახლეობის ბედს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, მათ ნებას დამორჩილებოდნენ.

 

ცალკეული ლიდერების ასეთი მანიაკური და პატივმოყვარე ბატონობის პრაქტიკული აკრძალვა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ტრაქტატებისა და დეკლარაციების წერა, მათი ლეგიტიმურობის კრიტიკის მიზნით. დიდმა დემოკრატიულმა რევოლუციებმა დასავლეთის საზოგადოება „მორალური განწმენდის“ ბიძგამდე მიიყვანა, რომელიც ურყევი ჩანდა მანამ, სანამ მას მეოცე საუკუნეში საშინელმა დანაშაულებებმა ჩრდილი არ მიაყენა: იმ დროს ეგონათ, რომ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დიქტატორები არ მოვიდოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: გერმანიასა და იტალიაში ჰიტლერი და მუსოლინი გაბატონდნენ.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლურმა საზოგადოებამ, რომელიც ტრავმირებული იყო არაადამიანური რეჟიმების მმართველობით, გადაწყვიტა, ეპოვა ისეთი საშუალება, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. ომისშემდგომმა მცდელობამ საზოგადოება მიიყვანა ისეთი ინსტიტუტების შექმნამდე და ისეთი ხელშეკრულებების დადებამდე, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ ნაციონალური კულტების შექმნას და მათ დომინირებას, განსაკუთრებით - ცალკეული მმართველების სახით. ამ ინსტიტუტებისა და საზეიმოდ ხელმოწერილი შეთანხმებების ამოქმედება იოლი არ იყო, მაგრამ დასავლეთმა თავისას მაინც მიაღწია - შეიქმნა ევროკავშირი, ჩამოყალიბდა დასავლური მსოფლიო წესრიგი.

 

მაგრამ ამჟამად არსებული მსოფლიო წესრიგი ირყევა და მას ახლით შეცვლა ემუქრება. ის, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ახალ მსოფლიო წესრიგში, არა იმდენად აშშ-სა და ევროპას შორის პრობლემების გაჩენაა, არამედ - უფრო სერიოზული (თუნდაც ხანმოკლე პერსპექტივაში) მოვლენით გამოიხატება, რომელიც ძველი საგარეო პოლიტიკის აღდგენას მოგვაგონებს - ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეების პირადი გრძნობებითა და გადახრებით გატარებულს. მათ ჰგონიათ, რომ რადგანაც საყოველთაო არჩევნების შედეგად არიან არჩეულნი, მათი დონკიხოტური გამოხტომები უნდა მოითმინონ არა მარტო საკუთარი ქვეყნების მოსახლეობამ, არამედ სხვა მოკავშირე ქვეყნების ხალხმაც.

 

რა თქმა უნდა, დიპლომატიურ ურთიერთობებში ყოველთვის იყო და ნაწილობრივ ახლაც არის პირადული მიკერძოებული ელემენტი: იმ ლიდერებისთვის, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ, რთულია კომპრომისების მიღწევა, ვიდრე მათთვის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ რაიმე მტრობა არ აქვთ.

 

ვინმეს გახსოვთ აშშ-ის რომელიმე თანამედროვე პრეზიდენტის ოფიციალური განცხადებები ვლადიმერ პუტინზე - ისეთი განცხადებები, როგორსაც დონალდ ტრამპი აკეთებს?
ტრამპი ამბობს, რომ მისი და პუტინის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება რუსეთის კეთილგანწყობას ადასტურებს, კრემლის დაპირებების საიმედოობას და სიმტკიცეს. „მე მას ძალიან კარგად ვიცნობ“, - ხშირად ამბობს ხოლმე დონალდ ტრამპი. შესაძლოა, მას ნამდვილად სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინს „კარგად იცნობს“ - პუტინს, რომელიც ულმობელი, ამბიციური ადამიანია, ყოფილი „კაგებედან“? და თუნდაც კარგად იცნობდეს, რა კავშირი აქვს მის ნაცნობობას იმ პრინციპებთან, რომლებიც სასწორზეა დადებული რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით და მისი ტერიტორიის დაპყრობით?

 

ფაქტობრივად, დონალდ ტრამპმა სრულიად თქვა უარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე. ყოველგვარი უხერხულობისა და სირცხვილის გარეშე, მას სურს გრენლანდიის ანექსირება, რომელიც დანიის სამეფოს სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს, ასევე, კანადის - სუვერენული სახელმწიფოსა და ბრიტანული თანამეგობრობის წევრი ქვეყნის - აშშ-სთან მიერთება. არადა, თანამეგობრობის მეთაურია მეფე ჩარლზი (რომელსაც, როგორც ტრამპი ამტკიცებს, ასევე, „ძალიან კარგად იცნობს“), რომელიც გმობს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას. დონალდ ტრამპის ახალი დოქტრინის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს ცუდი არაფერი გაუკეთებია - მერე რა, რომ მან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისათვის სამხედრო ძალა გამოიყენა?! ალბათ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი კანადას ან გრენლანდიას მშვიდობიანად დაიპყრობს, პუტინისაგან განსხვავებით.

 

ვლადიმერ პუტინს - მსოფლიოს თანამმართველს, დონალდ ტრამპთან ერთად - დაკავებული აქვს ის, რაც მან უკვე დაიპყრო და ამბობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, თუ ამერიკა მის პრეტენზიებს გაითვალისწინებს, ახალი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას აღარ აპირებს (ჯერჯერობით მაინც) და მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად. ვლადიმერ პუტინიც და დონალდ ტრამპიც უკრაინას მეორეხარისხოვან ქვეყნად განიხილავენ, რომელსაც შეიძლება არაფერი ჰკითხო და მისი ბედი ისე გადაწყვიტო.

 

არსებობს ბევრი ვარაუდი, რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი ნდობას დაკარგავს ვლადიმერ პუტინის მიმართ. რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიხვდება, რომ მას პუტინი ათამაშებს... რომ მას პუტინი ადვილად დამჯერე და გულუბრყვილო სულელად თვლის, რომელსაც მართლაც ეგონა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა... რა მოხდება? ნუთუ გაბოროტდება და გაცოფდება დონალდ ტრამპი, რომელიც თავის ადრინდელ პოზიციას შეიცვლის და დღევანდელ სიტუაციას კიდევ უფრო აურევს და ქაოსს შექმნის? არავინ იცის ზუსტად, რა ვარიაცები ექნება სამომავლოდ ამ სახიფათო თემას.

 

მოკლედ, ჩვენ არ გვჭირდება არც ახალი ცივი ომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნების ლიდერთა შურისძიებაზე და მძვინვარებაზე, ასევე არ გვსურს არც ის ილუზიური მშვიდობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცრუ „მეგობრობაზე“ და ყალბ „ნდობაზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

წყარო

წაკითხვა 110 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.