ტრამპის ადმინისტრაციამ ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ ლოს-ანჯელესში 700-მდე საზღვაო ქვეითის და კიდევ 2000 გვარდიელის გაგზავნა გადაწყვიტა. ეროვნული გვარდიის კონტინგენტი 4000-მდე გაიზარდა.
კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში, რომლის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლათინოამერიკელია, საპროტესტო გამოსვლები 6 ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყეს და 100-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 წარმომადგენლის გაგზავნის პირველი ბრძანება 8 ივნისს გასცა, როგორც თავად განაცხადა, „მიგრანტების შეჭრისა“ და „ოკუპაციისგან“ ლოს-ანჯელესის გასათავისუფლებლად და არეულობების დასასრულებლად.
კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებაში დაადანაშაულა. შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოითხოვა, გააუქმოს ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის „უკანონოდ განთავსების“ გადაწყვეტილება და სიტუაციის მართვა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუბრუნოს. კალიფორნიის შტატმა სასამართლოსაც მიმართა.
9 ივნისს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შონ პარნელმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, სამინისტროს მიერ მობილიზებულია კიდევ 2000 კალიფორნიელი გვარდიელი, რომლებიც დახმარებას გაუწევენ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს, რათა ფედერალურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა თავიანთი მოვალეობა უსაფრთხოდ შეასრულონ.
თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა 9 ივნისს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელებისა და ფედერალური შენობების მიმართ გაზრდილი საფრთხის გამო 700-მდე საზღვაო ქვეითს წესრიგის აღსადგენად კემპ-პენდლტონის ბაზიდან ლოს-ანჯელესში აგზავნიან.
იმავე დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ ემზადებიან საზღვაო ქვეითები ლოს-ანჯელესში გასამგზავრებლად.
ნიუსომის განცხადებით, საზღვაო ქვეითებმა დემოკრატიის დასაცავად ღირსეულად გამოიარეს რამდენიმე ომი, ისინი გმირები არიან და მათ არ უნდა აგზავნიდნენ ამერიკულ მიწაზე თანამემამულეებთან საბრძოლველად „დიქტატორი პრეზიდენტის გიჟური ფანტაზიების“ შესასრულებლად.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ 9 ივნისს ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ ლოს-ანჯელესში მასობრივი არეულობების გამო ცხრა საქმეა აღძრული და ყველაფერს გააკეთებენ ფედერალური უწყებების თანამშრომლების დასაცავად. ამავე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა თქვა, რომ ლოს-ანჯელესში საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებული და დაფინანსებულია, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ მოუყვანია.
თავის მხრივ, ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა ქაოსის შექმნაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ბასის განცხადებით, ფედერალური მთავრობა ლოს-ანჯელესს ექსპერიმენტის სახით იყენებს.
აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
პრეზიდენტად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
სიახლეები
- რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს პეტიციით მიმართეს
- “გვაქვს მოლოდინი, რომ ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც სახვეწარი აღარ გაგვიხდება მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები და აქ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები” - მამუკა მდინარაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე
- “სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია” - მამუკა მდინარაძე
- “ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი დავალება, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ” - მამუკა მდინარაძე ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
- კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაზიანდა