საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. ალიანსის წევრ ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდა მოუწევთ“ (ავტორი - დენ საბაჰი). პუბლიკაციაში განხილულია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გენერალური მდივნის - მარკ რიუტეს მიერ ლონდონში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები ნატოს სამომავლო პერსპექტივის შესახებ, რუსეთის აგრესიული მოქმედების შესაკავებლად.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ხუთი წლის შემდეგ რუსეთი მზად იქნება ნატოზე თავდასხმისათვის, შესაბამისად, მიმდინარე თვიდან ალიანსის ლიდერებმა სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდაპროდუქტი (მშპ) 5%-მდე უნდა გაზარდონ, კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად.
მარკ რიუტემ ლონდონში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატოსათვის აუცილებელია „ხარისხობრივი ნახტომი კოლექტიურ თავდაცვაში“, რომელიც ნიშნავს სრულყოფილ გადაიარაღებას, სულ უფრო მზარდი მილიტარიზებული რუსეთის შესაკავებლად. სრულყოფილ გადაიარაღებაში იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ხუთმაგი გადიდება, დამატებით ათასი ტანკისა და მილიონობით საარტილერიო ჭურვის წარმოება - იმისათვის, რომ ნატოს ქვეყნები დაეწიონ რუსეთის მრეწველობის შესაძლებლობებს.
ჩეთემ-ჰაუსში გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შემდეგ, მარკ რიუტემ ზემოხსენებული განცხადება გააკეთა ჰააგაში ალიანსის მომავალი სამიტის მზადების ფონზე, რომლის დროსაც უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერები დათანხმდებიან, თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ. 5%-დან 3,5% უშუალოდ სამხედრო ხარჯების ზრდას მოხმარდება.
"საფრთხე არ გაქრება მაშინაც კი, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება“, - ხაზი გაუსვა მარკ რიუტემ და აღნიშნა, რომ კრემლი მილიტარიზებას გააგრძელებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინასთან მშვიდობაზე დათანხმდება.
ალიანსის გენერალური მდივნის ასეთმა განცხადებამ მოსკოვის დაუყოვნებლივი რეაქცია გამოიწვია: კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ნატო თავისი გეგმებით საკუთარი არსის დემონსტრაციას ახდენს - როგორც აგრესიისა და კონფრონტაციის საშუალებას“.
დასავლელი სამხედრო სტრატეგები ვარაუდობენ, რომ რუსეთი შეეცდება აქტიური და გამოცდილი არმიის შენარჩუნებას, 600 ათასი მეომრით. კრემლი სამხედრო ხარჯებისათვის ფულს არ დაიშურებს და თავდაცვის დონის შესანარჩუნებლად მთლიანი შიდაპროდუქტის 6,5%-ს დახარჯავს.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მარკ რიუტე ეწვია ქვეყნის მთავრობის მიერ ნაციონალიზებულ ფოლადსასხმელ საწარმოს - „შეფილდ ფორჯმასტერსს“ (Sheffield Forgemasters - შეფილდელი მჭედლები“), რომელსაც ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ფლობს და რომელშიც ატომური წყალქვეშა ნავების რთული კომპონენტები მზადდება, მაღალხარისხიანი ფოლადით.
მარკ რიუტე, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენმდივანი, პოპულარიზებას უწევს ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების გადიდებას უშუალოდ თავდაცვისათვის (იარაღის წარმოებისათვის), მშპ-ის 3,5%-ით 2035 წლისათვის, აგრეთვე, ხარჯების მატებას 1,5%-ით, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც მოსალოდნელია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მხარს დაუჭერს და ხელს მოაწერს ამ გეგმას, რომელსაც ჰააგის სამიტზე ოფიციალურად დაამტკიცებენ. გეგმა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას მხარი დაუჭიროს - დონალდ ტრამპი დაბეჯითებით ითხოვს ალიანსის წევრებისაგან ხარჯების 5%-მდე გადიდებას.
მარკ რიუტე არაფერს ამბობს ამ მიზნის მიღწევის კონკრეტულ ვადებზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისევ დაუბრუნდება (თუმცა თავდაპირველად გენმდივანი 2032 წელს ასახელებდა). ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, ბიუჯეტის 5%-იან ხარჯებს 2035 წლისათვის გეგმავს. „განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გენმდივანმა.
ასაბუთებდა რა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას, მარკ რიუტემ აღნიშნა, რომ ნატოსთვის „ჰაერივით არის საჭირო“ ჰაერსაწინააღმდეგო და ანტირაკეტული დაცვის გაზრდა 400%-ით, რათა უსაფრთხოება საიმედოდ იყოს უზრუნველყოფილი. „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ თესავენ შიშს და უბედურებას უკრაინაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ზეცის დამცავი ფარი“, - ხაზი გაუსვა მარკ რიუტემ.
ასევე, გადაუდებელია იარაღის რეზერვების შევსების ამოცანა, რომელიც 1990-იან და მომდევნო წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ძალიან შემცირდა და რაც დარჩა, ისიც უკრაინას გადაეცა, ომის დაწყების დროიდან. ფაქტობრივად, ნატოს წევრი ქვეყნების არსენალი დასაშვებ მინიმუმამდეა შემცირებული, ზოგიერთს კი მინიმუმიც აღარ აქვს.
„ჩვენს არმიებს, ასევე, ესაჭიროებათ ათასობით ჯავშანტექნიკა - ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები... სჭირდებათ მილიონობით საარტილერიო ჭურვი... უნდა გავაუმჯობესოთ ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა მარკ რიუტემ.
თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ საფრთხე გადაჭარბებულია და ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების ზრდა რიგითი მოქალაქეების ზურგზე გადაივლის. „საქმე ეხება იმას, რომ ევროპელ გადასახადის გადამხდელთა ფული რაღაც არარსებული, ილუზიური საფრთხის გასანეიტრალებლად დაიხარჯება, რომელიც ვითომდა „რუსეთიდან მოდის“. ეს სხვა არაფერია, თუ არა „ეფემერული საფრთხე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მოსალოდნელია, რომ მარკ რიუტე მხარს დაუჭერს დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას - დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი „საფრთხეების ახალი ეპოქის“ წინაშე დადგა და რომ რუსეთის შესაკავებლად გაერთიანებული სამეფო, კირ სტარმერის თქმით, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს“.
გასულ კვირაში ექსპერტთა ჯგუფის სამი წევრიდან ერთ-ერთმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სფეროს ანალიზს აკეთებს - საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ ლონდონმა აუცილებელია გააცნობიეროს: რუსეთი თვლის, რომ დიდ ბრიტანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო აშშ, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, საიმედო მოკავშირედ უკვე ვეღარ ჩაითვლება. „ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს“, - ხაზი გაუსვა ფიონა ჰილმა „გარდიანთან“ საუბრის დროს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს
- ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”