5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!

ამერიკული ტელეარხის - „სი-ენ-ენის“ (CNN) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 5 სავარაუდო ვარიანტი“ (ავტორი - ნიკ პეიტონ უოლში), რომელშიც მოცემულია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის (დამთავრების) ვერსიები და მასთან დაკავშირებული მოვლენები. „ხუთი სავარაუდო ვარიანტიდან ერთ-ერთი შეიძლება სრული კატასტროფა იყოს როგორც უკრაინისა და ნატოსათვის, ასევე - კოშმარი მთლიანად ევროპისათვის“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ალასკაზე 15 აგვისტოს დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტთან დაკავშირებით იბადება კითხვები, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი. აი, ხუთი შესაძლებელი ვარიანტი:

 

1. ვლადიმერ პუტინი თანხმდება ცეცხლის უსიტყვო შეწყვეტას
ეს უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. ძალიან მცირე შანსებია იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზს ისეთ მდგომარეობაში დატოვებს, როგორიც დღესაა. მაისში აშშ, ევროპა და უკრაინა უკვე ითხოვდნენ ასეთ პაუზას, თან სანქციებითაც იმუქრებოდნენ, მაგრამ რუსეთმა მათი მოთხოვნა უარყო. მერე დონალდ ტრამპმა უკან დაიხია და უპირატესობა სტამბოლის მოლაპარაკებას მიანიჭა, თუმცა თურქეთში გამართულ შეხვედრას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია. მიმდინარე წელს უკვე იყო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ენერგოსტრუქტურის ობიექტების მიმართ, მაგრამ აღებულ ვალდებულებას ორივე მხარე არღვევდა და, აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი პოზიტიური შედეგებით არ გამოირჩეოდა.

 

ამჟამად კრემლი ბრძოლის ველზე ტაქტიკურ წარმატებებს აღწევს, რომლებიც რუსეთის არმიას ერთობლიობაში სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, მოსკოვი ვერ ხედავს აზრს, შეჩერდეს იმ დროს, როცა მისი ჯარი გაცხარებულ შეტევაშია. კრემლზე ზეგავლენა ვერ მოახდინა 8-დღიანმა ულტიმატუმმაც - მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი - ინდოეთის მიმართ მკაცრი საქნციების დაწესებაზე. როგორც ჩანს, რუსეთის არმიის სარდლებს ისეთი გეგმები აქვთ, რომ არ გადაუხვევენ და ცეცხლს სექტემბერში თუ შეწყვეტენ ან ოქტომბრის დასაწყისში - იმიტომ, რომ ისინი უპირატესობას ფლობენ.

 

2. პრაგმატიზმი, ფრონტის ხაზის გაყინვა და ახალი მოლაპარაკება
ალასკის სამიტის დროს ტრამპი და პუტინი შეიძლება სამომავლო მოლაპარაკებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთის წარმატებებს წერილობითი დადასტურებით განამტკიცებს. ეს შეიძლება მოხდეს ოქტომბერში, ფრონტის ხაზის გაყინვის სახით. პუტინის არმიას ამ დროისათვის უკვე დაპყრობილი ექნება კრასნოარმეისკი (პოკროვსკი), კონსტანტინოვკა და კუპიანსკი. რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია დააყენოს საკითხი უკრაინაში არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელიც ომის მიზეზით იყო გადადებული ანუ შეეცდება ვოლოდიმირ ზელენსკი პრორუსული კანდიდატით ჩაანაცვლოს.

 

3. უკრაინა ომს მინიმუმ კიდევ ორი წლის განმავლობაში გაუძლებს
ამ სცენარის თანახმად, აშშ და ევროპა უკრაინას გაძლიერებულად ეხმარებიან. შესაძლოა, რუსეთის არმიის წინსვლა შენელდეს, ჩამოთვლილი ქალაქების აღების შემდეგ. რუსეთის ეკონომიკა გადახურდება და თავს იჩენს კრიზისის ნიშნები. დასავლეთი მოახერხებს მობილიზებას და კიევის ირგვლივ შერეულ სამხედრო კონტინგენტს განალაგებს. რიგი გარემოებების ერთმანეთთან დამთხვევით, სიტუაცია რუსეთისათვის არასასიკეთოდ განვითარდება, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებს მაინც შეინარჩუნებს.

 

4. კატასტროფა უკრაინისათვის და ნატოსათვის
თუ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდება, დასავლეთის რიგებში შეიძლება ბზარები გაფართოვდეს, რითაც ვლადიმერ პუტინი ისარგებლებს. ევროპელების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ძველებურად მხარს ისევ კიევს დაუჭერს, მაგრამ გამოჩნდებიან დამატებით ზოგიერთი ქვეყნები, რომლებიც ბრიუსელისაგან გადაიხრებიან. საბოლოოდ, ევროკავშირი პლუს დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან დაკავშირებულ პრობლემებს ამერიკის გარეშე თავს ვერ გაართმევს (იარაღით და ფინანსებით დახმარებაში). რუსეთი შეტევას განავითარებს, უკრაინას კი რესურსები არ ეყოფა, კიევის უსაფრთხოება ისევ ეჭვქვეშ დადგება. ეს იქნება კოშმარი ევროკავშირისათვის და ნატოს ევროპელი წევრებისათვის, უკრაინისათვის კი - დამოუკიდებლობის დასასრული.

 

5. კატასტროფა რუსეთისათვის: ავღანეთის გამეორება?
თუ ტრამპი და პუტინი გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეთანხმდებიან, ტრამპის ანტიინდური ულტიმატუმი ძალაში დაუყონებლივ შევა და ინდოეთს თავს სანქციები დაატყდება. რუსეთს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდება. კეთილდღეობის ფონდის სარეზერვო თანხები ამოიწურება. ეკონომიკაში კრიზისული ტენდენციები გაძლიერდება, ხალხის ცხოვრების დონე მოიკლებს, მოსახლეობის უკმაყოფილება გაფართოვდება. სიტუაცია მიუახლოვდება ისეთ დონეს, როგორიც საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციის ბოლო წლებში იყო. ერთი შეხედვით, ვლადიმერ პუტინი თითქოსდა, ძლიერებას შეინარჩუნებს, მაგრამ ეს ილუზია იქნება. დონალდ ტრამპი „კოჭლ იხვად“ გადაიქცევა და მისი მემკვიდრე პრეზიდენტი კვლავ დაუბრუნდება ტრადიციულ ამერიკულ საგარეო პოლიტიკას - დაუპირისპირდება მოსკოვს და პეკინს.

 

ხუთიდან ოთხი სცენარი უკრაინისათვის ნეგატიურია და მხოლოდ ერთი ასახავს რუსეთის ფაქტობრივ მარცხს, მაგრამ არც ერთი სცენარი არ შეიქმნება ტრამპისა და პუტინის პირადი შეხვედრის შედეგად, თუ უკრაინა მოგვიანებით არ გახდება რაიმე შეთანხმების ნაწილი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

წაკითხვა 78 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.