October 27, 2025

ამერიკულმა გამანადგურებელმა და ვერტმფრენმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კატასტროფა განიცადეს

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩამოვარდნენ. შეერთებული შტატების არმიის წყნარი ოკეანის ფლოტის ინფორმაციით, ორივე ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 ფლოტის სარდლობის მიერ დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი MH-60R Sea Hawk, რომელიც „რუტინულ ოპერაციას“ ასრულებდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 14:45 ჩამოვარდა. სარდლობის თანახმად, სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფმა ვერტმფრენის ეკიპაჟის სამივე წევრი გადაარჩინა.

ზუსტად ნახევარ საათში „რუტინული ოპერაციის“ შესრულებისას ამავე რაიონში ჩამოვარდა გამანადგურებელი F/A-18F Super Hornet. წყნარი ოკეანის ფლოტის ინფორმაციით, ორივე პილოტმა წარმატებით კატაპულტირება შეძლო და ისინი უვნებლად ამოიყვანეს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა.

ფლოტის სარდლობის თანახმად, მიმდინარეობს ორივე ინციდენტის მიზეზთა გამოძიება.

წყნარი ოკეანის განაპირა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო მდებარეობს ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა. ამ ზღვის აუზში მოქცეული არაერთი კუნძული დღემდე დავის საგანია. უმრავლესობაზე პრეტენზიას აცხადებს ჩინეთი, რომელმაც ზოგიერთ სადავო კუნძულზე სამხედრო ობიექტები გახსნა. აშშ-ს, რომელიც აცხადებს, რომ ჩინეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის თავისუფალ ნაოსნობას და ვაჭრობას, ამ რეგიონში პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად ჰყავს მუდმივი სამხედრო კონტინგენტი.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული გამანადგურებლის და ერტმფრენის კატასტროფა მოხდა იმ დროს, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს აზიაში ტურნე აქვს. ამ კვირაში დონალდ ტრამპი შეხვედრას გეგმავს ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთანაც.

წაკითხვა 99 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.