უცხოური მედია - ყარაბაღი ომშია, საქართველო კი საფრთხის წითელ ზონაში
რუსული გამოცემის „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, 26 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ყარაბაღი ომშია, საქართველო კი საფრთხის წითელ ზონაში“, რომელშიც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მომხდარი ბოლო დღეების მოვლენებია განხილული.
„უკვე ერთი თვეა, რაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. საერთაშორისო თანამეგობრობა დაპირისპირებულ მხარეებს - სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ბაქომ და ერევანმა რამდენჯერმე განაცხადეს ჰუმანიტარული დაზავების სურვილი, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელიც კი მოაწერეს მოსკოვში შეხვედრის დროს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ეს შეთანხმებები ისევ ირღვეოდა. ბოლო დროს საქმეში აშშ ჩაერია და გარკვეული იმედი გაჩნდა, რომ ვაშინგტონის ავტორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაზე გავლენას მოახდენს“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს შესახებაც:
„ომით მოცული მთიანი ყარაბაღის მეზობელ საქართველოს კი თავისი უბედურება აქვს: ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგებით მსოფლიო ხუთეულში იყო, უეცრად საფრთხის წითელ ზონამდე დავარდა... და ეს იმ დროს, როცა კორონავირუსის პიკამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა დარჩენილი. რა მოხდა საქართველოში „კოვიდ-19“-ის სწრაფი გავრცელების მხრივ, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია, ხელისუფლებას ადანაშაულებენ - მათი აზრით, მთავრობას, საპარლამენტო არჩევნების წინ, სასურველი სიტუაციის მოდელირება უნდაო.
არჩევნების მოახლოების ფონზე, სადეპუტატო მანდატებისთვის ბრძოლა შეიძლება არცთუ ისე ხისტი და დრამატული აღმოჩნდეს, როგორც ამას დამკვირვებლები ვარაუდობდნენ. საქმე იმაშია, რომ ოპოზიციამ კონკურენტუნარიან ბლოკად გაერთიანება ვერ შეძლო, რაც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, - აღნიშნავს გაზეთი. იქვე გაშუქებულია ზუგდიდში მომხდარი ბანკის გახმაურებული ძარცვა.
სტატიაში მიმოხილულია აგრეთვე ყირგიზეთში გადატრიალება-რევოლუციის შედეგად შექმნილი სიტუაცია („ახალი ხელისუფლება რუსეთს ერთგულებას ეფიცება და ფულს სთხოვს“), უკრაინის ამბები (ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნები), ბელარუსში (ულტიმატუმის დრო ამოიწურა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს საყოველთაო გაფიცვით ემუქრება: გაუძლებს თუ არა „ბატკა“?), მოლდოვაში (ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები) და ა.შ.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.ng.ru/week/2020-10-25/7_7998_week3.html
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი