სომხები ქელბაჯარს ტოვებენ: "ცხედრებსაც ვიღებთ და კუბოები სომხეთში მიგვაქვს"
ფრანგულმა რადიოსადგურმა "რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ" («Radio France Internacionale») გამოაქვეყნა რეპორტაჟი ქელბაჯარისრაიონიდან, რომელსაც 25 ნოემბრიდან აზერბაიჯანის არმია და ხელისუფლება გააკონტროლებს. მასალის სათაურია „სომხები ქელბაჯარს ტოვებენ: "ყველაფერი მიგვაქვს".
როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანი დათანხმდა სომხეთის თხოვნას და სამმხრივი შეთანხმებით ადრე დადგენილი ვადა ქელბაჯარის რაიონის გაკონტროლების თაობაზე 15 ნოემბრიდან 25 ნოემბერს გადაიტანა.
გთავაზობთ რეპორტაჟის შემოკლებულ ვერსიას:
"აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონი, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ტერიტორიებს შორის მდებარეობს, სომხებისგან იცლება. სტეფანაკერტიდან გზა ჩრდილოეთისაკენ მიდის, შემდეგ მდინარე ტერტერის ხეობაში ეშვება. გზა გადაჭედილია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებით - საბჭოთა "ზილ"-ებით, "კამაზ"-ებით... ყველას ყველაფერი მიაქვს, არაფერს არ ტოვებს, რისი წაღებაც შეუძლებელია, ადგილზე წვავენ, მათ შორის ცარიელ სახლებსაც... მიაქვთ შეშა, მიჰყავთ პირუტყვი... ელექტროდენი უკვე გათიშულია - მდინარის ხეობაში არსებული ტერტერჰესის დემონტაჟი ეს-ესაა დასრულდა, მოწყობილობები სომხეთში მიაქვთ.
დადივანქის ტაძართან უამრავი სომეხია შეკრებილი, ისინი ემშვიდობებიან მეცხრე-მეათე საუკუნეებში აგებულ ქრისტიანულ ძეგლს. (...)
შევდივართ ქელბაჯარში. ქალაქი პრაქტიკულად დაცარიელებულია. ადგილობრივი პოლიციის ოფისში ევაკუაცია ხორციელდება, მიმდინარეობს "ალფა-ბანკის" ფილიალის ევაკუაციაც, დოკუმენტებს წვავენ... სომეხი სამხედროები ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაციის ინვენტარს მანქანებზე ტვირთავენ...
"ყველაფერი მიგვაქვს, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლევონი, - სასაფლაოზე ვანდალიზმი რომ არ მოხდეს, ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრების ცხედრებსაც ვიღებთ და კუბოები სომხეთში მიგვაქვს. მე ჩემი შვილის ცხედარს ერევანში დავკრძალავ, აქ ვერ დავტოვებ".
ქელბაჯარის რაიონში 1980-იან წლებში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობის საბჭოთა აღწერების მიხედვით, მცხოვრებლების 97%-ს აზერბაიჯანელები და ქურთები შეადგენდნენ. სომხები აქ პრაქტიკულად არ ცხოვრობდნენ. ყარაბაღის პირველი ომის შედეგად რაიონის ტერიტორია სომხეთის ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
მოამზადა სიმონ კილაძემ
https://www.rfi.fr/ru/%D0%BA%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7/
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“