როგორ მოვუაროთ ცხიმიან და მშრალ კანს –რჩევები

ცხიმიანი კანის მოვლა – ცხიმიანი კანი დიდი პრობლემაა, რადგან სწორედ ასეთ კანზე ჩნდება გამონაყარი (ფერიმჭამელები). 

სახეზე ცხიმოვანი ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობენ და ბევრ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამაში ჰორმონული სისტემაა “დამნაშავე”, კერძოდ, მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი, სწორედ ის ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ცხიმიანი კანის ფორები “იჭედება” საცობებით, ცხიმი გარეთ ვერ გამოდის და ჩნდება ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი ყოველთვის უფრო ანთებითია, მაგრამ აქვს დადებითი მხარეც - უფრო მეტხანს რჩება ახალგაზრდა. ცხიმი კანს ბუნებრივი დამცველი აპკით ფარავს, რომელიც იცავს მას გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანის მქონე ქალებს ნაოჭები სხვებზე უფრო გვიან უჩნდებათ.

 

სახის ცხიმიანი კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

 

1. ცხიმიანი სახის კანის მოვლა გულისხმობს არა გაუცხიმიანებლობას, არამედ სისტემურ წმენდას (გაღიზიანების გარეშე).

 

2. ცხიმიანი კანის დროს აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა: კვება უნდა იყოს რეგულარული, 4-ჯერადი, რეკომენდებულია სუნელების, ცხიმის, სპირტიანი სასმელების შეზღუდვა, რადგან მათ ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურების უნარი აქვთ. კვების რაციონში უხვად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ჭვავის პური, რძის პროდუქტები, ხილის წვენი, მოხარშული ხორცი (ახალგაზრდა საქონლის ან ფრინველის), თევზი. გაზაფხული-ზამთრის პერიოდში საჭიროა ვიტამინების მიღება.

 

3. არ არის რეკომენდებული თვეზე მეტხანს ერთი და იმავე კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, ეს განსაკუთრებით ეხება ძლიერმოქმედ პრეპარატებს;

 

4. ცხიმიანი კანის გაუცხიმოვნების დროს უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას. ამიტომ კანის მოვლა უნდა აწარმოოთ კონკრეტული მომენტისათვის მისი მდგომარეობის შესაბამისად.

 

5. ცხიმიანი უბნების (ცხვირის კიდეები, ცხვირის ფუძე, ნიკაპი) გაწმენდის შემდეგ პერიოდულად გამოიყენეთ სპირტის შემცველი ლოსიონი ან ტონიკი.

 

6. ცხიმიანი კანის დროს სახის დაბანა შეიძლება კვირაში ერთხელ ცხელი წყლით (36-38 გრადუსი), დღეგამოშვებით - ცივი წყლით, დანარჩენ დღეებში კი ოთახის ტემპერატურის წყლით (18-20 გრადუსი), თან კოსმეტიკური საპნის ქაფის გამოყენებაა საჭირო. ცხელი წყლით დაბანის შემდეგ საღამო ხანს სახეზე უნდა შეისხათ ცივი წყალი.

 

7. ხშირად ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია კანის აქერცვლა, ამიტომ კანის გაწმენდის დროს პერიოდულად აუცილებელია მჟავე პროდუქტების გამოეყენება. ისინი კარგად წმენდენ კანს და ამცირებენ მის გაღიზიანებას.

 

8. ღამით კანის ნებისმიერი ფორმით გაწმენდის შემდეგ წაისვით რძემჟავა შრატი, გაიჩერეთ 3-5 წუთი, გაშრების შემდეგ წაისვით კრემი.

 

9. რეკომენდებულია ცილის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვაგვარი ნიღაბიც. არ დაივიწყოთ მარილიანი წყლით დაბანა და სახის გასაწმენდად მარილის პროცედურები, ასევე დაღერღილი ბურღულეულით კანის წმენდა.

 

10. ცხიმიანი კანი უნდა იკვებოს ნებისმიერი სხვა ტიპის კანის მსგავსად. მცდარია მოსაზრება, რომ ცხიმიანი კანი საერთოდ არ საჭიროებს მკვებავ და ვიტამინიზებულ კრემებს.

 

11. ფორების შევიწროების მიზნით უმჯობესია ნატურალური მჟავების გამოყენება (ლიმონის, შტოშის, მჟავე კომბოსტოს, გრეიპფრუტის წვენი).

 

12. ფორებიანი, ფერიმჭამელებისადმი მიდრეკილი კანის დროს კარგ ეფექტს იძლევა დიდგულას ნაყენი.

 

13. ცხიმიანი კანისთვის არ შეიძლება მასაჟი და თვითმასაჟი ცხიმიანი კრემებით. ამ მიზნით გამოგადგებათ ტალკი ან სუფთა მცენარეული ზე­თი.

 

14. ცხიმიანი კანის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია მჟავე და მცენარეული ლოსიონები (ბალახების ნაყენისა და ნახარშის სახით), რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო კანის გაწმენდას, არამედ აუმჯობესებენ მის ფუნქციას და კარგ იერს აძლევენ.

 

 

მშრალი კანის მოვლა – კანის სიმშრალე ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობისა და კანის ზედაპირიდან სითხის სწრაფი აორთქლების ბრალია, ამის მიზეზი კი ხშირად არასწორი კვება და/ან კანის მცდარი მოვლა ან ასაკია. გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და მიიღოთ ბევრი ვიტამინი ხილისა და ბოსტნეულის სახით, მიიღოთ სათანადო (2 ლ-მდე) რაოდენობის სითხე. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უვლით კანს. კანის სრულფასოვანი მოვლა მისი სიმშრალისა და დანაოჭებისგან დაცვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. როგორც ცნობილია, მშრალი კანი უფრო მეტადაა მიდრეკილი ნაოჭებისადმი, ვიდრე ცხიმიანი, ამიტომ მისი სწორი და სისტემური მოვლა აუცილებელია.

 

1. კანის სიმშრალე ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციონირების გამო. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ასაკობრივი ან შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებების მოხმარებით გამოწვეული.

 

2. კანის ფიზიოლოგიური ფუნქცია სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია ასაკზე, წელიწადის დროზე, გარე ფაქტორებზე, კლიმატზე, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობებზე, კვებაზე, ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. კანს ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოევლოს.

 

3. მშრალ კანს ძალიან უხდება ორგანიზმის გაკაჟება, რადგან კანის სიმშრალე და აქერცვლა ზოგ შემთხვევაში ავიტამინოზითაა გამოწვეული, კერძოდ, ა და ც ვიტამინების უკმარისობით. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია, მაგალითად, სპირტის შემცველი ლოსიონების გამოყენება. კანის ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება შესაძლებელია კვების რაციონში დასახელებული ვიტამინების შემცველი პროდუქტების უხვად შეტანით. ეს პროდუქტებია: რძე, ნაღების კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი, სტაფილო, მწვანე ხახვი, სალათის ფოთლები, პომიდორი და სხვა.

 

4. ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული კანის სიმშრალისას, კანში ცხიმის დეფიციტის შემვსები კოსმეტიკური პრეპარატების გარდა, ისეთი საშუალებებია საჭირო, რომლებიც სითხის უკმარისობას არა მარტო კანში, არამედ მთელ ორგანიზმში შეავსებენ. ამ მიზნით აუცილებელია დღეში 2 ლ-მდე სითხის (წყლის) მიღება.

 

5. მშრალი კანისთვის განსაკუთრებით მავნებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ამიტომ გარეთ გასვლის წინ სახის კანზე უნდა წაისვათ დამცავი კრემი და პუდრი.

 

6. როგორც უკვე ვთქვით, წლებთან ერთად ქალის კანი შრება, ამიტომ არ ღირს შეუსაბამო პროცედურებითა და კოსმეტიკური საშუალებებით მისი კიდევ მეტად გამოშრობა. უნდა გახსოვდეთ, რომ სპირტის შემცველი ლოსიონი და ტონიკი კანს აშრობს და აღიზიანებს.

 

7. თუ სახის კანი გაგიღიზიანდათ, მაშინ კანის მოვლის მეთოდები და საშუალებები უნდა შეცვალოთ. ამით კანი ერთგვარად აპროტესტებს არასახარბიელო მოვლას.

 

8. მასაჟების კურსი აჩქარებს მშრალი კანის ნორმალიზების პროცესს. მკვებავი და ვიტამინიზებული კრემები კანს ხდიან ელასტიკურს, კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას აუმჯობესებენ, იცავენ კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.

 

9. რეკომენდებულია პერიოდულად სახის კანის კონტრასტული (ცივი და თბილის წყლის მონაცვლეობით) დაბანა. ეს სახის თავისებურ ვარჯიშია, რაც კანის კარგ კვებას უზრუნველყოფს.

 

10. სახის კანის საპნით დაბანა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება.

 

11. კანის გამწმენდი შეუცვლელი საშუალებაა მცენარეული ზეთი. ზამთარში უმჯობესია, ის ცოტა შეათბოთ.

 

12. კარგია პირის დასაბანად ოხრახუშის, ასკილის, ფარსმანდუკისა და სხვა მცენარეული საშუალებების ნაყენისა და ნახარშის გამოყენება.

 

13. მშრალი კანისთვის მნიშვნელოვანი ა და ე ვიტამინებით გამდიდრებული ცხიმის გამოყენება. ე ვიტამინს აქვს ძლიერი დამატენიანებელი თვისება. ა ვიტამინი კი აძლიერებს ე ვიტამინის მოქმედებას. ბევრი დერმატოლოგი იძლევა სველ კანზე ა და ე ვიტამინებიანი ცხიმის შემცველი საშუალების დატანის რეკომენდაციას. ამგვარად ცხიმი უფრო სწრაფად აღწევს კანის ზედა შრეებში.

 

14. რადგან მშრალი კანის დროს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირება დაქვეითებულია, კანის გასაწმენდად არ უნდა გამოიყენოთ სპირტის შემცველი საშუალებები. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ გამწმენდ რძეს, რომელიც შეიცავს მსუბუქ ცხიმს, ისეთ გამამკვრივებელ საშუალებას, როგორიცაა პანთენოლი, ძირტკბილას ექსტრატი ან გვირილის, გულყვითელას ზეთს. ეს საშუალება წმენდასთან ერთად არბილებს კანს და მატონიზებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

 

15. თუ არა მარტო მშრალი, არამედ მგრძნობიარე კანიც გაქვთ, მაშინ მისდიეთ შემდეგ წესს: რაც უფრო მარტივია, მით უფრო კარგია. ეს ეხება როგორც პროცედურებს, ისე პრეპარატების რაოდენობას. რაც ნაკლები სუბსტანცია იმოქმედებს კანზე, მით ნაკლებია უარყოფითი რეაქციის განვითარების საშიშროება. არ დაიტანოთ კანზე ერთდროულად ორი საშუალება, მაგალითად, დღის კრემისა და ტონის ნაცვლად გამოიყენეთ დღის მატონიზებელი კრემი.

 

16. კოსმეტიკური ფირმები მშრალი კანის მოსავლელად დღისა და ღამის მკვებავ კრემებს გვთავაზობენ. ისინი შეიცავენ ნატურალურ ცხიმს კანის ლიპიდებით მოსამარაგებლად, ასევე დამატენიანებელ საშუალებებს და აუცილებლად ა და ე ვიტამინებს.

 

სახის კანის სრულფასოვანი მოვლით შესაძლებელია არა მარტო კანის დანაოჭების არიდება, არამედ მისთვის ნორმალური მდგომარეობის დაბრუნებაც.

 

წყარო: mkurnali.ge

წაკითხვა 1523 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 03 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.