„ჩვენ ნორვეგიაზე არანაკლები პოტენციალი გვაქვს“ - რატომ გაიზარდა საქართველოდან თევზის ექსპორტი
საქართველოდან თევზის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) ქვეყნიდან 120.8 ტონა (118.4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 16.6 ტონა (110.7 ათასი აშშ დოლარი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი განხორციელდა, თურქეთსა (108.7 ტონა ) და აზერბაიჯანში (12.1 ტონა).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვალში ექსპორტზე ცოცხალი თევზიც გავიდა, რომლის მოცულობამ 9 ტონა (23.1 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
„ზოგადად, მსოფლიოში ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, მოწესრიგდა ჩვენი ტბორები და სათევზაო მეურნეობები. ამ მხრივ, ნამდვილად მისასალმებელი ხელშეწყობაა მთავრობიდან, რამაც წარმოების ზრდა გამოიწვია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეს ინვესტიციები არ არის მყისიერი, სჭირდება გარკვეული დრო, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. სათევზე მეურნეობების გაკეთება მარტივი არ არის, სჭირდება ტბორები, ინკუბაციის პერიოდი, ამის შემდეგ კიდევ შესაბამისი დრო, რომ პროდუქტი ზრდასრული იყოს და ჰქონდეს სასაქონლო ღირებულება. შესაბამისად, ტბორების რაოდენობის ზრდამ და დარგის ხელშეწყობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ წარმოება და ექსპორტის მოცულობა კიდევ გაიზრდება“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ დარგს პრობლემები ისევ აქვს და როგორც მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, ჯერჯერობთ იმ რესურსის მხოლოდ 10%-ია ათვისებული, რაც ქვეყანას სინამდვილეში გააჩნია.
„თქვენ წარმოდგინეთ, ამ მიმართულებით, იმხელა რესურსი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ ამის მხოლოდ 10%-ს თუ ვიყენებთ. წყალსატევები, წყალსაცავები, სადაც ჰესები შენდება, ყველაგან შეიძლება სათევზე მეურნეობის განვითარება გეგმაზომიერად. ამიტომ, ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება როგორც მთავრობის, ისე მოსახლეობის მხრიდან.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი, მდინარეებია დასაცავი. ჩვენ ნორვეგიაზე არანაკლები პოტენციალი გვაქვს. ზღვა, ტბები გვაქვს და ყველაგან შეგვიძლია მივიღოთ აღნიშული პროდუქტი. მეტი ყურადღება და ვფიქრობ, ეს დარგი კიდევ უფრო კარგ შედეგებს მოუტანს ქვეყანას“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი