მასობრივი გაძვირების 3 მიზეზი - ლარი, გაზი, ფქვილი
“საქართველოში საკონდიტრო პროდუქცია კიდევ მეტად გაძვირდება. მომავალ წელს დაანონსებული გაზის გაძვირება, პურის საწარმოების გარდა, ყველაფრის ფასზე აისახება. მათ შორის რესტორნებზე, კვების ობიექტებზე და ა.შ. ფასი მოიმატებს თონის პურზეც, რადგან “თბილისი ენერჯიმ” ტარიფი თონეებსაც გაუზარდა. მცირე და საშუალო ბიზნესი პანდემიის პირობებში ისედაც ძალიან დაზარალდა. მომავალი წლიდან კი, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადის ზრდა, მათ პროდუქციას კიდევ მეტად გააძვირებს. მართალია, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება პურის საწარმოებს არ ეხება, რის გამოც ქარხნული პური არ გაძვირდება, მაგრამ უმთავრესი მოხმარების პროდუქციის ღირებულება მოიმატეს თონეებში, სადაც არავითარი შეღავათი არ მოქმედებს. პარალელურად კი გაძვირდება სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო ნაწარმიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასობრივი გაძვირების 3 მიზეზი - ლარი, გაზი, ფქვილი / “ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან მთავრობა ამ საკითხებს ვერ არეგულირებს”.
“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა არ აისახება მხოლოდ დიდ პურის ქარხნებზე. “მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. ასოციაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ არასახარბიელოა, ყველგან მარცვლეული გაძვირებულია. მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა - მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან. დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის შესყიდვა ხდება მსოფლიოში”, - განაცხადა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ დამატებითი უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში 10 ათასი ტონა ფქვილი. სულ კი საქართველოს 1 თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, შეღავათი მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე”, - აღნიშნა სილაგავამ. იანვრიდან კი ვითარება იმაზე რთული შეიძლება იყოს, ვიდრე წელს, რადგან ბუნებრივი აირის გაძვირება, ყველაფრის თვითღირებულებას გაზრდის. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გაისად რესტორნებში, კვების ობიექტებსა და საკონდიტროებში პროდუქცია გაძვირდება”, - დასძენს გამოცემა.
“პური ისედაც გაძვირებულია 20 თეთრით. ხორბლის ფასი რუსეთში უკვე დადგენილია, 1 ტონაზე - 245-250 დოლარი, უკრაინში - 230-დან 250-დოლარამდე. საფრანგეთში - 235 დოლარი. პარალელურად იზრდება გაზის ტარიფი. რესტორნებში, კვების ობეიქტებსა და საკონდიტროებში გაძვირება აუცილებლად მოხდება. ამას დაემატება ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს - სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაძვირება. სამწუხაროდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი მთავრობა ამ საკითხებს ვერ არეგულირებს. ყველა ბერკეტი გაუშვეს ხელიდან, ე.წ. ფსევდოლიბერალური ხედვების გამო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა კოღუაშვილი.
“საკონდიტრო ნაწარმზე პანდემიის პირობებში, წელს ფასმა ისედაც მოიმატა. გაისად კი, მათთვის გაზის გაზრდილი ტარიფი აუცილებლად იქონიებს გავლენას. მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საკონდიტროს თანამშრომელი აცხადებს, რომ წელს ფასმა, საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. ჩვენ დიდი ხანია უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული და ასეთი გაძვირების წინაშე არ ვყოფილვართ. რეალიზაცია დიდწილად ფუნთუშებსა და ღვეზელების ხარჯზე ხდება, რომელიც ფასმაც კორონავირუსის გამო, საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა. სხვა გზა არ გვქონდა, რადგან ფქვილი ძალიან გაძვირებულია და ეროვნული ვალტა ხომ საერთოდ "გაქცეულია". ახლა გაზის გაძვირებაც დაანონსდა, რაც ასევე იმოქმედებს ფასზე. ყველანაირად ვეცდებით, რომ არ ფასი შევინარჩუნოთ, რადგან შეიძლება, ამის გამო კლიენტები დავკარგით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება. ვნახოთ, იანვრიდან რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით”, - განაცხადა ერთ-ერთი საკონდიტროს თანამშრომელმა, რომლის თხოვნითაც მის ვინაობას არ ვასახელებთ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი