ახლო აღმოსავლეთი დიდი ომისა და კატასტროფის ზღვარზე - რა რისკებია საქართველოსთვის
“ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზეა - ისრაელი ირანის მასშტაბურ თავდასხმაზე მწვავე საპასუხო ზომებით იმუქრება, თეირანი კი აცხადებს, რომ ამ ეტაზე სარაკეტო იერიში დასრულებულია, თუმცა, თუკი მოწინააღმდეგე უპასუხებს, სამიზნე უკვე მთელი ისრაელის ინფრასტრუქტურა გახდება.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ისრაელი მასშტაბურ დარტყმას დიდი ალბათობით უპასუხებს და თუ ირანიდანაც მძლავრი პასუხი მოჰყვა, ეს უკვე სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებაა, რისი მასშტაბების გათვლის პროგნოზირება ამ ეტაპისთვის ჭირს. მათი შეფასებით, სიტუაციის დაძაბვა საქართველოზე იმოქმედებს, როგორც პოლიტიკურად ისე რეგიონში არსებული სიტუაციის გაუარესების თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე თეირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა ისრაელის პასუხის მასშტაბებს ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი ომისა და კატასტროფის ზღვარზე - რა რისკებია საქართველოსთვის.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ირანმა ისრაელს სამი მიზეზის გამო დაარტყა და ისრაელის პასუხიც დიდი ალბათობით იქნება. ამის მერე ნათელი გახდება გადაიზრდება თუ არა მასშტაბურ ომში დაპირისპირება. “ირანის დარტყმა „ჰეზბოლას" ლიდერშიფის განადგურებაზე პასუხი იყო, ამასთან, ლიბანში მოკლულ იქნა ირანის გენერალი. ირანის დარტყმა პრევენციული იყო იმისათვის, რომ ისრაელი ლიბანში არ შეჭრილიყო - ამ სამი მიზეზით განახორციელა თეირანმა მასიური დარტყმა, რაშიც შურისძიების ელემენტიც იყო და პრევენციული ღონისძიებაც, რათა არ დაეშვა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაკავება, იქ პლაცდარმის შექმნა და “ჰეზბოლას”პოზიციების შესუსტება. ირანელები ამბობენ, რომ მათ “რკინის გუმბათის” 90% გაარღვიეს, გუმბათმა გარკვეულწილად ფუნქციები ვერ შეასრულა და ისრაელი სამხედრო ინფრასტრუქტურას საკმაო ზიანი მიადგა”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “რამდენიმე სამხედრო ბაზა განადგურდა და ვიდეოებში ფიქსირდება, რომ ქალაქებში რაკეტები ინტენსიურად ვარდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირდაპირ ჩანდა, რომ ირანულმა რაკეტამ გამვლელი შეიწირა. ამ ეტაპზე “რკინის გუმბათმა” ვერ იმოქმედა. ეს გასაგებია, რადგან განკუთვნილი იყო უფრო კუსტარული და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ ოპერატიულ-ტაქტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული რაკეტების მოგერიებაში აჩვენა, რომ უძლურია. ირანმა საკმაოდ გააძლიერა თავისი ბალისტიკური რაკეტების მონაცემები, მათ უკრაინის ომის გამოცდილება გამოიყენეს. ჩემი ინფორმაციით, 200-დან 400 რაკეტამდე იქნა გაშვებული, პლიუს უპილოტო საფრენ აპარატებზეც იყო საუბარი. ამავე დროს, “ჰეზბოლამ” გაუხსნა ცეცხლი საარტილერიო-ზალპური სისტემებიდან სამხრეთ ლიბანიდანაც. ეს იყო კარგად კოორდინირებული საჰაერო-ხმელეთის მასშტაბური ოპერაცია. იმ დონეზე იყო დარტყმა, რომ ისრალის მთავრობას პრემიერის ჩათვლით, მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ. ეს უკვე აღნიშნავს დარტყმის სერიოზულობას”, - განაგრძობს სამხედრო ანალიტიკოსი.
“ისრაელი უპასუხებს და საჰაერო-კოსმოსური ძალები დაარტყამენ ირანს, შეტევას ველოდები, რომ იქნება ირანი სამხედრო ობიექტებზე. ეს იქნება პასუხი და არ გამოვრიცხავ იერიშს დიდ ქალაქებზეც. ამას თუ შემდეგ ისევ ირანი უპასუხებს, ეს ფაქტიურად ომის გამოცხადებაა სახელმწიფო დონეზე, სადაც მერე მასშტაბების გათვლა ძალიან რთულია - მერე ისრაელი ვალში არ დარჩება ირანს და პასუხების პასუხები უკვე ფართომასშტაბიანი ომია. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება, ჩვენს რეგიონზე იმოქმედებს, პირველ რიგში მანძილის გამო. ამასთან, ირანსა და ისრაელს ჩვენს რეგიონში გარკვეული ინტერესები აქვს და ამის გამოძახილი ის შეიძლება იყოს, რომ შესაძლოა კავკასიის რეგიონშიც დაიძაბოს სიტუაცია. საქართველოში ამ ომს პოლიტიკური გავლენა ექნება”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს სიტუაციის დაძაბვა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გაუთვლელი მიზეზების გამო, ესკლაცია თავიდან ვერ აირიდონ. “ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე შეტევა ამ ეტაპზე დასრულებულია, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს, რომ გადაიზარდოს რეგიონალურ კონფლიქტში. თუმცაღა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია ისრაელს უკვე ისედაც აქვს პალესტინაში, ლიბანში, მას ნამდვილად არ აწყობს ირანთან პირდაპირი კონფლიქტი. პირდაპირი კონფლიქტი ისრაელთან ირანსაც არ აწყობს სხვადასხვა მიზეზების გამო”, - ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, `ამიტომ სავარაუდოდ სიტუაციის დაძაბვას ნაკლებად უნდა ველოდოთ~, - წერს სტატიის ავტორი.
“თუმცა, ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ არც ერთ მხარეს ომი საერთოდ არ სჭირდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო თუ ესკალაცია თავიდან ვერ იქნა არიდებული, უკვე შესაძლოა უკვე სხვა აქტორები ჩაერთოს - მათ შორის აშშ და სხვები. ამ ეტაპზე ირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა და შესაძლოა ამ დაბომბით შემოიფარგლოს, თუ შემდგომში რამეში არ გადაიზარდა. თუ ვითარება დაიძაბა, სიტუაცია საქართველოსთვისაც ძალიან გართულდება და განსაკუთრებით უკრაინისთვის - მის დასავლურ მხარდაჭერას გაართულებს, ეს კი საქართველოზეც იმოქმედებს. უკრაინის მომავალზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში სიტუაცია საქართველოსა და ჩვენს რეგიონში”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი