მოჩვენებითი სიმშვიდე თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის ნიშანი - რით აიხსნება უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო

“არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, პოლიტიკიური ძალები აქტიურად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებსა და დედაქალაქში. ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ეს პროცესი, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით, უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს და თუ ცალკეულ უმნიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მომხდარა.

რა არის ეს - სიმშვიდე გარდაუვალი ქარიშხალის წინ, თუ მოქალაქეებში თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის მაჩვენებელი? ანალიტიკოსთა თქმით, საზოგადოებამ წინა არჩევნების გაკვეთილებიდან გამომდინარე რაღაცეები გადააფასა და ისწავლა. თუმდა, არც ისაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სიტუაციის რადიკალიზებისაგან შეგნებულად იკავებენ თავს. შესაბამისად, უშუალოდ 26 ოქტომბრამდე ისინი სერიოზულ ვნებათაღელვას პრაქტიკულად გამორიცხავენ, თუმცა, არჩევნების შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უჭირთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოჩვენებითი სიმშვიდე თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის ნიშანი - რით აიხსნება უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო.

 

“უჩვეულოდ მშვიდ საარჩევნო კამპანიასა და წინასაარჩევნო გარემოზე მმართველ პარტიაშიც საუბრობენ. “წინასაარჩევნოდ, ზოგადად, ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ. თუმცა, თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს - მშვიდად და წყნარად. ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან?”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, წინასაარჩევნოდ ასეთ სიმშვიდეს შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთის მხრივ, ამომრჩეველმა წინა არჩევნებისგან ბევრი რამ ისწავლა, ხოლო მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, ოპოზიცია ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ძალებს ზოგავს და ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ სიწყნარე, დიდი ალბათობით, დასავლეთის გაფრთხილებებიდან გამომდინარეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ, როგორც ჩანს, მართლაც რაღაცეები ისწავლა, გადააფასა და უკვე საკმაოდ კრიტიკულად უდგება პარტიების დაპირებებს და მოწოდებებს. ის, რომ საარჩევნო პროცესი შედარებით წყნარ ვითარებაში მიდის, ამას რამდენიმე ახსნა აქვს. შესაძლოა ეს იმის ბრალი იყოს, რომ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არაფერი აქვთ გარდა იმ ერთადერთისა, რასაც ოპოზიციური ფლანგი ამბობს - რომ ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, რაც, ჩემი აზრით, ამომრჩეველთა უმრავლესობაში მაინცდამაინც დიდ გამოძახილს ვერ პოულობს. მეორეც ის, რომ ისინი შესაძლოა ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ამ ეჭვებს ის რეაქციები აძლიერებს, რასაც დასავლეთიდან ვხედავთ ჩვენი არჩევნების მიმართ - თუნდაც იმ 24 ევროპარლამენტარის წერილი, რომ ხელისუფლება არჩევნების მოპარვას აპირებს; იგივე ეუთო/ოდირის დელეგაციის განცხადება, რომ თითქოს საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ისეთი არაა, რომ ხელს უწყობდეს სამართლიან და დამოკრატიულ არჩევნებს; ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო დელეგაციების განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც თავისუფალი და დამოკრატიული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

“ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ თუ შედეგები ოპოზიციის სასარგებლოდ არ დადგა, ეს განცხადებები არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი გახდეს. დღეს გვაქვს ისეთი უნიკალური სიტუაცია, რაც არც ერთი წინა არჩევნების დროს არ მომხდარა, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ცალსახად ფსონს იმ პოლიტიკურ ძალებზე დებენ, რომლებიც მათ პროევროპულად მიაჩნიათ. ანუ იგულისხმება ის პოლიტიკური ძალები, ვინც სალომე ზურაბიშვილს “ქართულ ქარტიაზე” ხელი მოუწერა. თუ ეს ძალები არჩევნებში დამარცხდნენ, ეს იმის ალბათობას ზრდის, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დააყენონ. ამან კი ჩვენს ქართულ რეალობაში შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ ის ადამიანები, ვინც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ქუჩაში გამოვიდნენ, მათ მხარდაჭერა იპოვონ დასავლეთიდან და სცენარი ისე განვითარდეს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად იქნას ცნობილი და დღის წესრიგში დადგეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

 

“აქ საპირისპირო ფაქტორია, რომ ეს ყველაფერი იმ კონკრეტულ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს, რომელიც დაადასტურებდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სუფთად და კარგად იმუშავებს ცესკო. ვხედავთ, რომ გარკვეული სერიოზული ნაბიჯები იდგმება. დღემდე არანაირი სერიოზული ძალადობრივი ინციდენტი არ მომხდარა, რაც დამკვირვებლებს მისცემდა საშუალებას ეთქვათ, რომ არჩევნები ძალადობრივ გარემოში მიდისო. ოპოზიციურმა პარტიებმა რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ძალადობა და ზეწოლა ხდება, ეს ყველაფერი ფაქტობრივ დამტკიცებას საჭიროებს. ინტენსიურად ვაკვირდები ამ ყველაფერს და ჯერჯერობით ვერც ერთი სერიოზული მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი საჯარო სივრცეში. რას აწვდიან ისინი კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურებთ, ცალკეული ექსცესების გამოკლებით, პროცესი მშვიდად მიდის”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

 

“მგონია, რომ მდგომარეობა დაიძაბება, მაგრამ ახლა რომ სიწყნარეა, ამაზე ალბათ აშშ-ის სანქციებმა და დასავლეთის გაფრთხილებებმა იმოქმედა - მას აქვს რესურსი, რომ უფრო მკაცრი საქციები აამოქმედოს და მათ შორის დაასანქციროს ივანიშვილი. “ოცნების” წარმომადგენლები მანამდე დარწმუნებული იყვნენ, რომ დასავლეთი არ იმოქმედებდა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები 12 წელი გასდიოდათ. გვახსოვს წინა სხვა არჩევნებისას რა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი - 2020 წლის არჩევნების წინ ოპოზიციონერ აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. მეორეს მხრივ, “ოცნება” იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდია, მერე რომ რაღაც ჰქონდეს სათქმელი. ამიტომაცაა ანტიკორუფციულმა ბიურომ რომ გააუქმა გადაწყვეტილება და დაუბრუნა დამკვირვებლის სტატუსი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”. თუ არჩევნებს წააგებენ, იტყვიან - აი, ჩვენ დემოკრატიულად ჩავატარეთ და არ დაგვასანქციროთო; და თუ მოიგებენ, იტყვიან, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა და ამ პროცესში მოვიგეთო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“შესაძლოა, დარჩენილ სამკვირიან პერიოდში რაღაც ცალკეულ პროცესებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, საერთო ჯამში, იმედია, სიტუაცია არ აირევა. შესაძლოა არჩევნების დღეს დაიძაბოს ვითარება. შსს მობილიზებულია და ძალებს კონკრეტულ ლოკაციებზე აგზავნიან. ამას შეიძლება ადამიანების მხრიდან პროტესტი მოჰყვეს, თუ რა საჭიროა კონკრეტულ უბნებზე შსს-ს წარმომადგენლების ყოფნა. გაყალბებასაც აუცილებლად მოჰყვება ხალხისგან რეაქცია და არჩევნების დღეს სიტუაცია შესაძლოა დაიძაბოს. მანამდე კი ნაკლებად სავარაუდოა”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 118 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.