დიდი დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში - კადიროვმა გავლენიან დაღესტნელ სენატორს და დუმის ორ დეპუტატს “მოსისხლე მტრობა” გამოუცხადა

“ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის დუმის ორ დეპუტატს და გავლენიან დაღესტნელ სენატორს მისი მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და საჯაროდ გამოუცხადა ე.წ. მოსისხლე მტრობა.

ეს ყველაფერი კომპანია “უაილდბერისთან” დაკავშირებული სკანდალის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთში ზაფხულში აგორდა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. კადიროვის ბრალდების შემდგეგ კი ეს მოვლენები უკვე სულ სხვა სიბრტყეში გადადის, მით უმეტეს, რომ კადიროვის კოლეგამ - დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეჩნეთის ლიდერისაგან დადანაშაულებულ თავის თანამემამულეს. ტრადიციული ჩეჩნური “მოსისხლე მტრობის გამოცხადება”, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო დონეზე მოხდა - გროზნოში გამართულ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა სამუშაო თათბირზე, რომელსაც კადიროვი პირადად უძღვებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში - კადიროვმა გავლენიან დაღესტნელ სენატორს და დუმის ორ დეპუტატს “მოსისხლე მტრობა” გამოუცხადა.

“კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები - რიზვან კურბანოვი და ბეკჰასან ბარახოევი, ასევე სენატორი დაღესტნიდან სულეიმან ქერიმოვი, მისი მოსაკლავად ქილერის დაქირავებას აპირებდნენ. კადიროვი ამბობს, რომ ამის მოწმეები ჰყავს და შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს. ამიტომ ამის გამო ორ დეპუტატსა და ერთ სენატორს ოფიციალურად უცხადებს “მოსისხლე მტრობას”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩეჩნეთის ლიდერი ღიად აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს სისხლის აღება და ამ სამი პოლიტიკოსის დახოცვა. თუმცა, იმავე თათბირზე კადიროვმა თავისი მუქარა შეარბილა და განაცხადა, რომ სისხლის აღებაზე უარს იტყვის, თუ მის მიერ დადანაშაულებული დეპუტატები და სენატორები ამ ბრალებაში თავის უდანაშაულობას დაამტკიცებენ. დაღესტნის ხელმძღვანელი და კადიროვის კოლეგა სერგეი მელიკოვი კი სრულ მხადაჭერას უცხადებს სენატორ ქერიმოვს. შაბათს მახაჩყალაში დაღესტნის სახალხო პოეტის, სულეიმან სტალსკის სახელობის რეკონსტრუქციული პარკის გახსნისას სენატორ სულეიმან ქერიმოვს “კეთილი საქმეებისთვის” მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ დაღესტნელი ხალხი მხარს დაუჭერდა მას, თუ ამის საჭიროება იქნებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამ გამოიწვია ჩრდილო კავკასიაში რეგიონალურ პოლიტიკური ლიდერებს შორის ურთიერთობის ასეთი გამწვავება, რამდენად საფუძლიანია კადიროვის ბრალდება და რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ მის მიერ დადანაშაულებულ პოლიტიკოსებს ჩეჩნეთის ლიდერის მკვლელობის შესაკვეთად? ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, რუსეთის უმდიდრეს ოჯახში დაწყებულ განქორწინების პროცესს და მათ მფლობალობაში არსებულ კომპანიაში წილების გაყოფას უკავშირდება. კომპანია “უაილდბერი” ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კომპანიაა, რომელსაც რუსეთში მარკეტპლეისების ბაზრის 47% უკავია. მისი მფლობელები არიან ცოლ-ქმარი ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკები. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია “უაილდბერისა” და კიდევ ერთი მსხვილი კომპანია “რაშის” შერწყმის შესახებ. ამავდროულად გაირკვა, რომ ტატიანა ბაკალჩუკს (ქალიშვილობის გვარი - კიმი) “უაილდბერის” 99% ეკუთვნის, მის მეუღლეს კი - მხოლოდ 1%. ოფიციალურად კომპანია “რაშის” მფლობელი ბიზნესმენი რომერ მირზაიანია, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, მის უკან სწორედ დაღესტნელი ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვი დგას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვლადისლავ ბაკალჩუკი ამ გაერთიანების წინააღმდეგი იყო. 23 ივლისს ის ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს შეხვდა. ამ საუბრის შემდეგ კადიროვმა “უაიილდბერიში” მიმდინარე პროცესს “რეიდერული მისაკუთრება” უწოდა და თავის ქვეშევრდომებს მოუწოდა “ოჯახში დაებრუნებინათ ვლადისლავის მეუღლე და ბიზნესი”. ამის საპასუხოდ ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ იგი განქორწინებას გეგმავდა და ეს მისმა მეუღლემაც წინასწარ იცოდა, ისევე, როგორც “უაილდბერისა” და “რაშის” დაგეგმილი შერწყმის შესახებ. 30 ივლისს კი ტატიანა ბაკალჩუკმა ოფიციალურად შეიტანა სასამართლოში განაცხადი განქორწინებაზე. 18 სექტემბერს კი უკვე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოსკოვში, უშუალოდ კრემლის მახლობლად მდებარე “უაილდბერის” ოფისთან ვლადისლავ ბაკალჩუკი მივიდა, რომელსაც თან ახლდა ეროვნებით ჩეჩენი რამდენიმე ათეული შეიარაღებული მამაკაცი. მათსა და ოფისის დაცვას შორის, რომელიც ძირითადად ეთნიკური ინგუშებისგან შედგებოდა, მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რის შედეგადაც ოფისის დაცვის 2 წარმომადგენელი დაიღუპა და კიდევ 7 ადამიანი დაიჭრა”, - დასძენს გამოცემა.

“ვლადისლავ ბაკალჩუკმა მომხდარს “მასშტაბური პროვოკაცია” უწოდა, ტატიანა ბაკალჩუკმა კი - “რეიდერული მისაკუთრების მცდელობა”. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პოლიციამ დააკავა ვლადისლავ ბაკალჩუკი და მისი თანმხლები 6 პირი. თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, იმ დღეს ვლადისლავ ბაკალჩუკს 30-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანი ახლდა თან. უკვე მეორე დღეს კი ვლადისლავ ბაკალჩუკი გაათავისუფლეს... რაც ყველაზე მთავარია, რუსული მედიის ინფორმაციით, “უაილდბერისა” და “რაშის” შერწყმის საკითხი კრემლში განიხილეს და მოიწონეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინი სერიოზულ კონფლიქტში კადიროვის მხარეს არაა. შესაბამისად, მისი ვარაუდით, ჩეჩნეთის ლიდერს არ ეყოფა გამბედაობა რაიმე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებისათვის. თუმცა, ცალკეული ინციდენტები და შეიარაღებული თავდასხმები მოსალოდნელია”, - წერს სტატიის ავტორი.

“დღევანდელი ამბავი შიდა რუსული საქმეა. კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც რუსული წარმომავლობისაა და კადიროვი მფარველობს, თავის ცოლს დაუპირისპირდა, რომელსაც მილიარდერი ისლამ ქარიმოვი მფარველობს. ის წარმოშობით დაღესტნიდანაა, პრაქტიკულად, კადიროვი დაეჯახა ქარიმოვს ამ ბიზნესის განაწილების საქმეში, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავიდანვე პუტინი ქარიმოვის მხარეს იყო, რადგან მისი მეგობარია პუტინის აპარატის უფროსი ანტონ ვაინო. ანუ ანტონ ვაინო ქარიმოვს მფარველობდა. ესე იგი, პუტინმა ქარიმოვის მხარე დაიჭირა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კადიროვს თავისი არ გაუვიდა, მაგრამ ამას რამდენიმე ადამიანი შეეწირა, რომლებიც ეროვნებით ინგუშები იყვნენ. ფაქტობრივად, კადიროვმა ქამიროვთან ერთად ინგუშებიც გადაიკიდა. ეს ორივე დეპუტატი, რომელიც ნახსენები იყო წარმოშობით დაღესტანიდან არიან და რასაკვირველია, ორივემ ქარიმოვის მხარე დაიჭირეს. მე კადიროვის დაღესტანში შეჭრას არ ვვარაუდობ იმიტომ, რომ ეს მისთვის და საერთოდ ჩეჩნებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება. ამრიგად, არ მგონია შეჭრის დონეზე რამე მოხდეს, თორე ვიღაღა ვიღას, რომ თავს დაესხმება, ეს მოსალოდნელიცაა“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 116 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.