December 3, 2024

საცობებმა ქალაქის ქუჩებიდან ავტომაგისტრალზე გადაინაცვლა! - ჩქაროსნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნამ სეზონური პრობლემა ვერ გადაჭრა

“დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება.

ტურისტულმა სეზონმა საცობები “გაამრავალფეროვნა” და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა. გადაადგილების პრობლემაზე სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება და მოქალაქეები იმას კი ამბობენ, რომ ბათუმში ჩასასვლელად 8-9 საათია საჭირო. მგზავრობას აფერხებს ავტომაგისტრალზე არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც და როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, მსგავსი პროექტები ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ უნდა განხორციელდეს ანდა მანამდე დასრულდეს. სწორედ ამ მხრივ ამახვილებს ყურადღებას ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ექსპერტი ლაშა დარბაისელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საცობებმა ქალაქის ქუჩებიდან ავტომაგისტრალზე გადაინაცვლა! /ჩქაროსნული გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გახსნამ სეზონური პრობლემა ვერ გადაჭრა.

 

“ამ პერიოდისთვის ალბათ მაინც არ უნდა მიმდინარეობდეს ავტომაგისტრალზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ან ტურისტულად აქტიური პერიოდის შემდეგ უნდა დაიწყოს, ანდა მანამდე დასრულდეს, მაგრამ თუ ასე ვერ ხდება, რას ვიზამთ, სხვა რა გზა გვაქვს. საერთოდ, როდესაც გადაადგილების პრობლემა და საცობი იქმნება, უნდა არსებობდეს საავტომობილო გენენალური გეგმა, რაც საცობებს გაფილტრავს. როდესაც ტურისტული სეზონი იწყება და მოსახლეობა დასასვენებლად მიდის, გადაადგილებაც აქტიურდება და ფერხდება, საცობი მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა არ არის. ავტომობილი საცობში ყოფნის დრო გასამმაგებულ და გაოთხმაგებულ გამონაბოლქვს გამოყოფს, ვიდრე მოძრაობისას. შესაბამისად, გარემოს დაბიძნურება ამ დროს უფრო ხდება. ეს ყველაფერი კი, ვიცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. მხოლოდ ეს არ არის, შემდგომში ხდება ის, რომ კონკრეტული წლოვანების ავტომობილების აკრძალვა გვიხდება. ანუ საცობი არ არის მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა და მას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. რეალურად, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ საცობში დგომაა”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა დარბაისელი.

 

“გადაადგილების განსაკუთრებული პრობლემა აჭარის მიმართულებითაა და საცობების კუთხით ბათუმმა დედაქალაქი უკან ჩამოიტოვა. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა აუცილებელია. როგორც “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ განცხადა, ბათუმში არსებული საცობები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ქუჩებსა და ქალაქის შესასვლელში, განპირობებულია ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნით და აქტიურობით, ამიტომ უნდა არსებობდეს სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტის მოძრაობა დარეგულირდება. „ბათუმს თავისი მობილობის გეგმა ჰქონდა და არ ვიცი თუ დაამტკიცა. ზოგადად, ვიცით, რომ ზაფხულში მეტი გადაადგილება და მოთხოვნაა და ასეთ დროს შესაბამისი გეგმა უნდა არსებობდეს. ბევრი საკითხია, რაც ზაფხულში ასეთ ადგილებში, დამატებით უნდა ამოქმედდეს”, - თქვა გელა კვაშილავამ, რომლის აზრით, “ამისთვის უნდა არსებობდეს ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა, რომელიც მომატებული ნაკადის რეგულირებას მოახდენს ისეთი პრინციპით, რომ აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და იქნება ალტერნატიული გადაადგილების საშუალებები”, აღნიშნავს გამოცემა.

 

“ცნობისთვის, ბათუმის მერია საავტომობილო გზის გაფართოებას გეგმავს. მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო ღირებულება 210 ათას ლარს შეადგენს და ხიდის რეკონსტრუქციის შედეგად, გაიზრდება საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობა. საყურადღებოა, რომ ხიდს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ საცობები ქალაქის შესასვლელში უფრო შესამჩნევი გახდა”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 145 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.