„2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ"
„ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს და სამუშაო ადგილების ძირითად წყაროს და ამ მიზნის მისაღწევად უზრუნველყოს ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს კლიმატის შექმნა, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სტრუქტურული რეფორმების და იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.
„პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ სურათს, ძირითად პარამეტრებს, სტატისტიკას და დარგობრივ სექტორებში არსებულ ვითარებას დეტალურად აცნობს. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.3% შეადგინა. მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ამავე დროს ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით სტაბილურად ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები.
„ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად ტენდენციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ამას, კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ - საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა შედარებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5.6%-ს გაუტოლდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი