მთავრობის ეკონომიკური პროგნოზი
საქართველოს პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2020 წლისთვის მშპ-თან 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46.2%, ხოლო საშინაო ვალი 11.8% იქნება.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება.
აქვე ირკვევა, რომ 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5 პროცენტამდე შემცირება.
დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტში შემოსავლები, ჯამში, 1.8 მილიარდ ლარამდე მცირდება. მთავრობა ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს 600 მლნ ლარამდე ამცირებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ბიუჯეტში პრემიები საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული.
“მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი. მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ. ლარის ოდენობით”, – წერია ანგარიშში.
მთავრობის განმარტებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. მათივე პროგნოზით, COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გამო 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4 პროცენტით შემცირება, თუმცა მომდევნო წლებში ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას და 2021-2024 წლებში 4 საშუალოდ 5.3 პროცენტით გაიზრდება წლიურად.
"2024 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 70.4 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელთან შედარებით 5.5 ათასი ლარით მოიმატებს და 18 917 ლარს გაუტოლდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში