“ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ” - მამუკა არეშიძე
“ხანგრძლივი და რთული პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა.
შარშან დადებული პირობის შემოდგომაზე გადათქმა “ქართულ ოცნებას” ძალიან ძვირად დაუჯდა - მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე შეილახა. ამ საკითხმა ისეთი ოპოზიციური ძალები დასხა ერთ მაგიდასთან, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი საზოგადოების ფართო ფენებისთვის, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სულერთი იყო, როგორი სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები. ეს იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ აუხსნეს საზოგადოებას ამ ცვლილებების მნიშვნელობა. არადა, საქართველოში საარჩევნო სისტემა განახლებას ითხოვდა და მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური მოდელი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება საჭირო, რაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებშიც გამოჩნდა...”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ” / “საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემოღება. საზოგადოებას ენგრევა ფსიქიკა, მომავალი თაობა ირყვნება და ამ ფეიკნიუსებსა და ლანძღვა-გინებას კიდევ ათასი უბედურება მოაქვს”.
“მთელ ამ პროცესს ფონად გასდევდა ქართველი საზოგადოების აპათიური დამოკიდებულება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობა, რამაც დიდი როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში... პარადოქსული ვითარება შეიქმნა - ოპოზიცია მთელი წელი ითხოვდა ამ ცვლილებების მიღებას და არ დაესწრო სხდომებს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთი მოთხოვნა არ შესრულდა, აქტუალურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა - იმდენი ქნა ოპოზიციამ, ინიციატივა ისევ მმართველი პარტიის ხელში დატოვა. ოპოზიციაშიც დაიწყო ინტერესთა ჭიდილი და არეულობა, მოვისმინეთ, გიგა ბოკერიამ და ალეკო ელისაშვილმა რა არაკორექტულ ეპითეტებით შეამკეს ერთმანეთი. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ის თანხმობის მომენტი, რაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში აშკარად დადებითად აღიქმებოდა, ვერ გამოიყენეს და ინიციატივაც ისევ ხელისუფლების ხელშია. აშკარაა, რომ საარჩევნოდ ოპოზიციაში თანამშრომლობა ძალიან გაჭირდება, მით უფრო, რომ წვრილ პარტიებს პარლამენტში შესასვლელად უნიკალური შანსი ეძლევათ - სულ ცოტა, 22 000 ხმა სჭირდებათ, რომ ერთი კაცი მაინც გაიყვანონ დეპუტატად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ვფიქრობ, დღეს “ქართულ ოცნებას” გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა, ვერ მოახერხა სამართლიანობის, ღირსების აღდგენა და ა.შ. თუმცა ვიმეორებ, უპირატესობა ისევ მის ხელშია, რადგან ოპოზიციაში დომინანტი ისევ ის ძალაა, რომელიც სწორედ სამართლიანობის ყველაზე დიდ დამრღვევად მიიჩნევა. საბოლოოდ ისევ მივიღეთ დაპირისპირება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს შორის. მესამე ძლიერი ძალა, რომელიც ამ ორი დომინანტის დაპირისპირებაში ჩაერეოდა, არ ჩანს და ვეჭვობ, არჩევნებამდე გამოჩნდეს. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აშკარაა, ლობისტები უაღრესად აქტიურად მუშაობენ და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ნეგატიური იმიჯის განმტკიცება და მისი რუსეთთან მიბმის ცდა გრძელდება. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავის დროზე ლობისტებთან მუშაობაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პარტნიორებისგან საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა, მაინც ჩნდება უცხოურ გამოცემებში სტატიები, სადაც უკიდურესად მწვავედ არის გაკრიტიკებული “ქართული ოცნების” ხელისუფლება. მაგალითად, გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარკუეინ მალინმა გამოცემა “ჰილისთვის” დაწერილ სტატიაში საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს “რუსეთში გაწვრთნილი ოლიგარქი” უწოდა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აი, ანაკლიის პორტის შესახებ ნამდვილად შეიძლება არსებობდეს კითხვები, თუმცა არა მგონია, ეს ხელჩასაჭიდი იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას დააბრალო კრემლისთვის მუშაობა. მოკლედ, აშკარაა, რომ საქართველოდან ინფორმაცია ცალმხრივად, მიკერძოებულად მიდის. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, როგორ იქმნება წარმოდგენა ივანიშვილსა და ხელისუფლებაზე, რაც ნაწილობრივ თავად ხელისუფლების ბრალია. ის ვერ მუშაობს ეფექტიანად დასავლელ პარტნიორებთან, ვერ უხსნის ძალიან ბევრ ისეთ თემას, რისი ახსნაც, წესით, რთული არ უნდა იყოს. სხვათა შორის, ახლახან ამერიკულმა კომპანიამ ბათუმის პორტში სიმძლავრეები შეიძინა, ყაზახებისგან ტერმინალი იყიდა და 50-წლიანი იჯარა გადაიბარა, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს. არადა, მთავარ ბრალდებად გვესმის, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ ინვესტიციებს ავიწროებსო”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პანდემიასთან შედეგიანმა ბრძოლამ “ქართულ ოცნებას” საკმაოდ კარგი რეიტინგი შეუქმნა... მოახერხებს “ქართული ოცნება” არჩევნებამდე რეიტინგის შენარჩუნებას?” - პასუხობს:
“თქვენი კითხვის ლოგიკიდან გამომდინარეც კარგად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას~ არჩევნების გადადება არ აწყობს. შესაბამისად, არ ველი პანდემიის მომიზეზებით საპარლამენტო არჩევნების გადავადებას. თუ რამ უბედურება არ მოხდა და არ იფეთქა ისევ ეპიდემიამ, ხელისუფლება მოწადინებული იქნება, დროულად ჩაატაროს არჩევნები. რაც შეეხება ქვეყანაში ვითარებას, ისე ჩანს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რადგან საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არის ძალიან აქტუალური, საზოგადოება ვერც აღიქვამს ამ საშიშროებას, არადა, ურთულესი ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში. ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, რა საშინელი ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში...”
“ჩვენთან ეკონომიკური ვითარება მძიმეა, კიდევ დამძიმდება და ვფიქრობ, არ იყო სწორი ამხელა აქცენტის გაკეთება კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმაში ტურიზმზე. მეტიც, ბოლო წლებში ტურიზმზე დადებული ფსონით ბევრი დრო დავკარგეთ. არ ვიზრუნეთ ინდუსტრიული დარგების განვითარებაზე, შედეგად კი ვნახეთ, რომ დღეს ტურიზმი გაჩერდა და, ფაქტობრივად, გაჩერდა ჩვენი ეკონომიკაც. ჩვენ დღეს გვყავს დაუსაქმებელთა დიდი არმია და ეს, გარდა იმისა, რომ სოციალურ ვითარებას ამძიმებს, ფსიქოლოგიურადაც ურთულეს ფონს ქმნის. ფაქტია, უცებ წარმოება ვერ შეიქმნება, მაგრამ სწორედ ამისკენ უნდა ავიღოთ გეზი. კარგი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების სურვილი გაჩნდა, რაც ამ ვითარებაში ნამდვილად პატარა პლუსია. ძალიან ბევრი მოქალაქე დაუბრუნდა სოფელს და მიწების დამუშავება დაიწყო. ამას ხელის შეწყობა, სტიმულირება სჭირდება”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
“საზღვრების გახსნას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამას პანდემიის აფეთქება რომ მოჰყვეს, ეს საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. მესმის, რომ ეს შეზღუდვები ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და ზოგიერთი ოპოზიციონერის ამ თემაზე ქილიკიც აბსოლუტურად უადგილოა. თუ გავხსენით საზღვრები, შემოვიდა ტურისტთა ნაკადები, ჩვენც წავედით და ამის შედეგად იფეთქა პანდემიამ, მაშინ ხომ ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას დაუწყებს გინებას. ერთიც უნდა ვთქვა - ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, მაგრამ არის დარღვევის შემთხვევებიც და ამაზე მკაცრი პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, არა მარტო დარგობრივ, არამედ რეგიონულ ხელმძღვანელებსაც. ამას წინათ ერთ-ერთ რეგიონში ისე იყო გაძეძგილი ავტობუსი, ნემსს ვერ ჩააგდებდი. რომელ დისტანცირებაზეა ლაპარაკი?! თუ ვიცავთ სიფრთხილეს, ბოლომდე დავიცვათ დაასკვნის რესპონდენტი. “ჩვენ რუსეთში პუტინის ძალაუფლების გამყარებისა და გახანგრძლივების მომსწრე ვართ. ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად, მუდმივი პრეზიდენტი მიიღო. რუსული ოლიგარქიის ერთმა ნაწილმა სცადა ამ გადაწყვეტილებით თავის გადარჩენა. 7-8 ოლიგარქია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რეფერენდუმის შედეგი ასეთი ყოფილიყო. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მაგრამ არის ოლიგარქიის მეორე ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური სურათის შეცვლა სურდა და მას რეფერენდუმის ეს შედეგი ნამდვილად არ გააჩერებს. კარგად რომ დავაკვირდეთ, პუტინი ოლიგარქიული სისტემის მძევლად გადაიქცა. ვნახოთ, ოლიგარქიული ჯგუფების დაპირისპირება რა შედეგს მოიტანს. საქართველოსთვის კი, ვფიქრობ, არსებითად არაფერი შეიცვლება. რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრადაც ჩამოყალიბდა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია. ის პოლიტიკა, რასაც რუსეთთან ვაწარმოებთ, საჩვენოდ ეფექტიანი არ არის, თუმცა შეცვლის გზაც არ ჩანს”, - დასძენს არეშიძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში