დღეს ლარის დაბადების დღეა - ის 25 წლის გახდა

2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტის დაბადების დღეა.

ლარი 25 წლის გახდა. ლარი 1995 წლის 2 ოქტომბრიდან გახდა გადახდის კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე. 

 

სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

 

ლარის მეასედ ნაწილს "თეთრი" ეწოდება. ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

 

ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. 2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა ლარის სიმბოლო.

 

ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის განაცხადის საფუძველზე, ლარის სიმბოლო მიღებულია "უნიკოდ კონსორციუმის" მიერ და ის უკვე წარმოდგენილია Unicode 8.0 ვერსიაში. მას უნიკოდმა ვალუტის სიმბოლოების ცხრილში კოდი 20BE მიანიჭა.

25-წლიანი ისტორიის მანძილზე ლარმა ბევრი წინააღმდეგობა გადალახა, ბევრ დაცემა-გაუფასურებას გაუძლო.

 

ამჟამად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 3.1988 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.7560 ლარად არის შესაძლებელი. 

 

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 1 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

 

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

 

2020 წლის სექტემბერი ლარისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.პანდემიისა თუ სხვა შიდა და გარე შოკების გამო წელს ლარი ყველაზე მეტად არის გაუფასურებული არსებობის ისტორიაში, თუმცა ბოლო 4 დღეა ქართული ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს დაუბრუნდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლარი ახლა კორექციის ფაზაშია.

 

ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

 

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

 

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

 

გუშინ ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი მიაწოდა შიდასავალუტო ბაზარს.

 

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

 

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

 

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

 

ქართული ფულის ისტორია IV საუკუნიდან იწყება.

 

ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს, მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები.

 

ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (თეთრების) დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება.

 

ფულის ნიშნების მიმოქცევაში გასვლის შემდეგ იწყება მათი ცვეთის ბუნებრივი პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, მიმოქცევისათვის მათ გამოუსადეგარობას იწვევს. ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, გამომდინარე ნომინალის მოხმარების თავისებურებებიდან. მონეტები მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.

 

ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი სისტემატურად ახორციელებს მიმოქცევიდან ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღებას. ამასთან, ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღება ხდება კომპენსაციის გარეშე.

 

მიმოქცევისათვის განკუთვნილი ფულის ნიშნების ემისიის გარდა, ეროვნული ბანკი კანონმდებლობით არის უფლებამოსილი, გამოუშვას ნუმიზმატური დანიშნულების - სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები.

წაკითხვა 622 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.