TR Business - ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ორიენტირებული ერთადერთი ჰაბია, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება
მსოფლიოში მოგზაურობის, დუთი ფრისა და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ სულ მალე ქუთაისს განახლებული, 30 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერმინალი ექნება, რომლის დუთი ფრი (Duty Free) მაღაზიის ტენდერზე მალე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. TR Business-თან, რომელიც სიახლეებს ძირითადად აეროპორტების არასაავიაციო კომერციულ ობიექტებზე წერს, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.
გამოცემასთან თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კომერციული ფართები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ სამჯერ გაიზრდება.
„ქუთაისის აეროპორტის გაფართოება საშუალებას იძლევა, კომერციული ფართები აეროპორტში 1000 კვადრატული მეტრით გაიზარდოს და განახლებულ ტერმინალში კომერციული დანიშნულების ობიექტებმა ჯამში 1300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავოს. ახალი ტერმინალი 25 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, მგზავრებს სხვადასხვა სახის პროდუქტი და სერვისები შევთავაზოთ. აეროპორტის მოგზაურებისთვის მრავალმხრივი არჩევანის საშუალების მიცემის გარდა, ჩვენ ასევე ბიზნესებს შორის სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი გვაქვს. ეს კი პროდუქტებისა და სერვისების მაღალხარისხიანი და მისაღები ფასების გარანტიას ქმნის“, – აცხადებს გამოცემასთან თამარ არჩუაძე.
TR Business-ი წერს, რომ ონლაინაუქციონებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ძირითადად კომერციული ვაჭრობისთვის ატარებს. კომპანია პარტნიორებთან მიმართებაში საკმაოდ მოქნილია, მით უმეტეს ახლა, „კოვიდ-19“-ის გავლენის პირობებში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორიენტირებული ერთადერთი ჰაბია და ძირითადად, ევროპულ წამყვან ლოუქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70 პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი