საქართველო პირველი ვიზიტორის მოლოდინშია - რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა წლის ბოლომდე
“თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველო საზღვრებს ხსნის.
გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ქვეყნებია, რომელთათვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ უკვე გახსნა. საქართველო 18 მარტის შემდეგ (რაც ხელისუფლებამ ყველა ქვეყნისთვის საზღვრები ჩაკეტა) პირველ ვიზიტორს და და პირველ სარგებელს ელოდება. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უკვე შეუძლიათ. ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველო პირველი ვიზიტორის მოლოდინშია - რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა წლის ბოლომდე / “ეს უფრო პრესტიჟის ამბავია, ვერაფრით ვისაუბრებთ დიდი ოდენობით ტურისტის შემოსვლაზე”.
“მათ საქართველოში გამომგზავრებამდე სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ, სადაც შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა მიუთითონ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია; საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი; საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. რადგანაც საზღვრები ნელ-ნელა იხსნება, ახლა გასარკვევია, რამდენად შედეგიანი იქნება ტურიზმისთვის და რაც მთავარია, ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა. ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ, საზღვრების გახსნასთან ერთად, აუცილებელია სწორი ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა და პრიორიტეტების დასახვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველო პანდემიის მხრივ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანაა. რაც შეეხება ამის ეკონომიკურ ეფექტსა და ტურიზმზე გავლენას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ისურვებს თუ არა ევროპელი ტურისტი, ასეთ ვითარებაში არჩევანი გააკეთოს ქართულ ტურისტულ ობიექტებზე და ჩამოვიდეს საქართველოში. აქ, პირველ რიგში, ტურისტულმა კომპანიებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან, შესაბამისი აქციებითა და ხელშეწყობით უნდა მოიზიდონ სტუმრები. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. საქართველოს ჯანდაცვის მობილობა ევროპამ აღიარა და საჰაერო სივრცის გახსნა სწორედ ამის დადასტურებაა. ახლა აუცილებელია მართებული ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში, სწორი პრიორიტეტების დასახვა, იმ მიმართულებების აღდგენა, რომლებიც, პირველ რიგში, სოციალურ მდგომარებას გააუმჯობესებს და შემდეგ ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.
“კორონავირუსმა ტურიზმი საკმაოდ დააზარალა. პანდემიამ ეს სექტორი მთლიანად გააჩერა. ამ დროს ქვეყანა ძირითად და უდიდეს შემოსავალს სწორედ ამ სექტორისგან იღებდა. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ამ ხუთი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა იმედის მომცემია და ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს არსებულ მძიმე მდგომარეობას... შარშან, აგვისტოდან დეკემბრამდე, საქართველოში საფრანგეთიდან (14 573), გერმანიიდან (45 251), ლიეტუვიდან (10 653), ლატვიიდან (9 694) და ესტონეთიდან (7 317), სულ 87 488 ვიზიტორი გვეწვია. ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას გაანგარიშებით, თუ ამ რიცხვებს უცვლელად დავტოვებთ და გავითვალისწინებთ მათ დანახარჯებს საშუალოდ 1000 აშშ დოლარის ოდენობით, მივიღებთ, რომ წლის ბოლომდე ამ ქვეყნებიდან საქართველომ შემოსავლის სახით შეიძლება გამოიმუშაოს 87.5 მილიონი აშშ დოლარი, აგვისტო-ოქტომბერში - საშუალოდ 25-25 მილიონი, დანარჩენ თვეებში კი - დაახლოებით 6-6 მილიონი”, - დასძენს გამოცემა.
“ამ ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნა ტურიზმის განვითარებაში რაღაც წვრილს შეიტანს, მაგრამ ეს ის ქვეყნები არ არის, საიდანაც საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდიოდა. ეს უფრო პრესტიჟის ამბავია, ვიდრე - შემოსავლების მიღების საკითხი. ვერაფრით ვისაუბრებთ დიდი ოდენობით ტურისტის შემოსვლაზე და ამ შემთხვევაში, ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, მაგრამ კარგი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაგან. სანიმუშო და სამაგალითო მოქმედებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, წაადგება საქართველოს სხვა ქვეყნებთან კავშირის დამყარებასა და ტურიზმის აღდგენაში. საქართველოსთვის ტურიმის სექტორის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ძირითადი შემოსავალი სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.
“ასეთი მოვლენები, როგორებიცაა: ხელოვნურად შექმნილი შეფერხებები, ომი, კატასტროფები და პანდემია, აზარალებს მთლიანად ტურისტულ ურთიერთობებს. საქართველოს სხვა ძირითადი და ფუნდამენტური მეორე დარგი არ აქვს, გარდა ტურიზმისა. თუ ეს სექტორი შიდა ტურიზმით დაიწყებს აღდგენას და შემდგომ ევროპული ქვეყნებიც შეგვეშველებიან, შესაძლებელია, სასიკეთო ნაბიჯები წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთოს, თუ, რა თქმა უნდა, მეორე ტალღა არ იქნა. ამ ხუთი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა იმედის მომცემია და ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს არსებულ მძიმე მდგომარეობას”, - მიიჩნევს კვარაცხელია.
“2019 წელს, ბოლო 5 თვეში, საქართველომ მიიღო დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რომელთან შედარებითაც ამჟამინდელი მოსალოდნელი შემოსავალი (87.5 მილიონი), დაახლოებით, 6%-ს შეადგენს. სრული გახსნა-დატვირთვის გარეშე, ეს 6% ვერ გადაარჩენს ვერც სასტუმროებსა და ვერც ამ ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს, ამიტომ სასურველია, ქართველმა ვიზიტორებმა წელს პარიზსა და ნიცას ბათუმი, ბორჯომი, მესტია და შოვი ამჯობინონ, ბიზნესსა და სახელმწიფოს კი დიდად კოორდინირებული მუშაობა მართებთ მნიშვნელოვანი თანმდევი გამოწვევების გასანეიტრალებლად. მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გარეშე ტურიზმის ძველი რეჟიმით ამოქმედება წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით სცენარების განხილვაც უკვე დასაწყებია", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ჭარაია.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში