მეორე ტური თბილისში და “ოცნების” უმრავლესობა საკრებულოში - რას ნიშნავს დედაქალაქში დაფიქსირებული შედეგები

“მეორე ტური თბილისში და უმრავლესობა დედაქალაქის საკრებულოში - ასეთია ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმად განიხილავდა.

დედაქალაქის მერობისათვის მეორე ტურში “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იბრძოლებენ. აქ შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მეორე ტურის მიღმა დარჩენილი კანდიდატების - გიორგი გახარიას, ანა დოლიძისა და ანა ბიბილაშვილის მხარდამჭერთა პოზიცია, რომელთაც ჯამში ხმების დაახლოებით ხმების 17%-მდე მიიღეს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დედაქალაქში მეორე ტური გახარიას დამსახურებაა და როგორც მოსალოდნელი იყო, მან “ოცნებას” ხმების ნაწილი წაართვა. თუმცა, ამასთანავე მან ხმები წაართვა პატარა პარტიებსაც, რომლებიც თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩნენ. თუმცა ანალიტიკოსები ელიან, რომ მეორე ტურში გახარიას, ანა დოლიძისა და “ლელოს” კანდიდატის ანა ბიბილაშვილის ამომრჩეველი ხმას კახა კალაძეს მისცემენ. მათი აზრით, როცა ერთმანეთის პირისპირ ეს ორი ძალა რჩება, უკვე 9 წელია “ოცნება” იმარჯვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მეორე ტური თბილისში და “ოცნების” უმრავლესობა საკრებულოში - რას ნიშნავს დედაქალაქში დაფიქსირებული შედეგები.

 

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე (“ქართული ოცნება”) - 44.96%, ნიკა მელია (“ნაციონალური მოძრაობა”) - 33.94%, გიორგი გახარია (“საქართველოსთვის”) - 9.33%, ანა დოლიძე (“ხალხისთვის”) - 4.64%, ანა ბიბილაშვილი (“ლელო”) - 2.53%. თბილისის მერობის სხვა კანდიდატების შედეგები კი 1 პროცენტზე ნაკლებია. კახა კალაძემ, რომელმაც მმართველი პარტიის ოფისში შაბათს ღამით ეგზიტპოლებზე დაყრდნობით წინასწარ იზეიმა არჩევნების პირველივე ტურში მოგება, მეორე ტურთან დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. კონსტიტუციონალისტი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ თბილისში მეორე ტურის დანიშვნა ექსპრემიერ გიორგი გახარიას კანდიდატად ყოფნის ფაქტორმა განაპირობა და ეს მოსალოდნელი იყო. ბოჟაძის აზრით, “ლელოს” და დოლიძის ამომრჩეველიც ანტინაციონალური ამომრჩეველია. ამიტომაც მოლოდინია, რომ მათი ხმები კალაძეზე გადანაწილდება. რაც შეეხება გახარიას, გამორიცხულია, რომ მისმა ამომრჩეველმა მხარი მელიას დაუჭიროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, კალაძის მეორე ტურში გადასვლა, სამწუხაროდ, გიორგი გახარიას ფაქტორმა განაპირობა. მან ზუსტად ის ხმები წაიღო, რაც კალაძეს პირველივე ტურში უპირობოდ გაამარჯვებინებდა. რაც შეეხება მეორე ტურს და მოლოდინს, მაინც მგონია, რომ ანა დოლიძის, “ლელოს” და გახარიას ამომრჩეველიც მხარს კალაძეს დაუჭერს. მათი ამომრჩევლები სწორედაც რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეები არიან და პრინციპულად მელიას ისინი მხარს არ დაუჭერენ. ქვეყნის მასშტაბითაც და თბილისშიც გახარიას ფაქტორთან ერთად, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამაც იმოქმედა. თუმცა, ციხეში ჩასმული და ბორკილებდადებული პრეზიდენტის და ლიდერის ნახვა ალბათ მისი ამომრჩევლისთვის მარტივი გადასატანი არ იყო. მესმის გახარიასიც - რომ ის თუ თავის კანდიდატურას არ დააყენებდა, მაშინ ქვეყნის მასშტაბით მის პარტიას უფრო დაბალი შედეგი ექნებოდა. თუმცა, კალაძე 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ყველას აჩვენებს ქალაქის მერობას ვინ იმსახურებს. ადამიანს, რომლსაც ქალაქის განვითარებაზე ერთი სიტყვაც კი არა აქვს დაწერილი, ის მერი ვერ გახდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბოჟაძე.

 

“რაც შეეხება იმას, თუ რას იძლევა პოლიტიკურად დედაქალაქში დანიშნული მეორე ტური, რადგანაც თბილისის არჩევნებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა მეორე ტურში “ნაციონალები” და “ოცნება” ერთმანეთს უპირისპირდებიან, უკვე მე-9 წელია მოსახლეობა „ნაცების“ ხელისუფლებაში არდაბრუნების შიშით მობილიზებას ახდენს. ამიტომაც ისევ მმართველი გუნდის კანდიდატი იმარჯვებს. ასე მოხდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ამიტომ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ, როგორც გიორგი გახარიას, ასევე “ლელოს” და ანა დოლიძის ამომრჩეველიც, ხმას კალაძეს მისცემს”, - აგრძელებს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, როგორც კი გიორგი გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, გასაგები იყო, რომ ხმებს კალაძეს წაართმევდა. ამიტომ მეორე ტური გასაკვირი არ არის. თუმცა, როცა მეორე ტურები იმართება, ყოველთვის ხმას მმართველ გუნდს აძლევენ. გახარიამ თავის ამომრჩეველს რომც არ მოუწოდოს კალაძეს მხარი დაუჭირეთო, ისინი ხმას მეორე ტურში მაინც კალაძეს მისცემენ. რაც შეეხება ოპოზიციის განცახდებას, რომ თუ გახარია რეალური ოპოზიციონერია, მან თავის ამომრჩეველს მელიას მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოს, ეს აბსურდია. გახარიას, რა თქმა უნდა, პატარა პარტიების მხარდამჭერებმაც მისცეს ხმა, მაგრამ მისი ელექტორატი მაინც “ოცნების” ნაწილია. ამიტომ გახარია თუ ამას იზამს, რაშიც ეჭვი მეპარება, ის იმ მხარდაჭერას დაკარგავს, რაც მოპოვებული აქვს. პირიქით, მას თუ მესამე ძალად ჩაამოყალიბება უნდა, საერთოდ არც ერთის მხარე არ უნდა დაიკავოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“რაც შეეხება იმ რეალობას, რაც პოლიტიკურად როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყანაში მივიღეთ, ის რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში საინტერესოა ანა დოლიძის რეიტინგი, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. ეს არის მისი პიროვნული რეიტინგი ქალაქში, რაც ძალიან კარგია და მას საშუალებას აძლევს, რომ როგორც პოლიტიკოსი კიდევ უფრო განვითარდეს. გახარიას ხმებს რაც შეეხება, მან დიდი ალბათობით “ოცნების” ელექტორატთან ერთად სხვა პატარა პარტიების ხმებიც წაიღო. ფაქტიურად ოპოზიციის ნაწილი თამაშგარეთ დარჩა. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ისინი 2020 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” აჰყვნენ. პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებულია და ისევ ორ პარტიას შორის გავიჩხირეთ. თუმცა გახარიას მესამე პარტიად ყოფნა იძლევა შანსს, რომ 2024 წლამდე ის მესამე ძალად ჩამოყალიბდეს. მას ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს. თუმცა მერის არჩევნებში ისევ კალაძე გაიმარჯვებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი სცენარი განმეორდება”, - თვლის საყვარელიძე.

 

“დედაქალაქის 10 მაჟორიტარული ოლქიდან, 9 მმართველმა პარტიამ მოიგო. 30 ოქტომბერს მეორე ტური მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც “ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული და მისი მეტოქე “ენმ”-ის წარმომადგენელი იქნება. საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში კი თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება: “ქართული ოცნება” - 28 მანდატი (19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული); “ნაციონალური მოძრაობა” - 13 მანდატი; “გახარია საქართველოსთვის” - 4 მანდატი; “ლელო” - 2 მანდატი; “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” - 1 მანდატი; “ანა დოლიძე ხალხისთვის” - 1 მანდატი. ბოჟაძის თქმით, თბილისში “ქართული ოცნების” მონაცემები პროპორციულ ნაწილში 40%-ია. თუმცა თბილისის საკრებულოში ხელოვნური ბარიერი საერთოდ არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი 2.5%-იანი ბარიერი, რაც ერთ მანდატს უდრის, თუ მას პროცენტულად შევხედავთ. რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ თბილისის საკრებულოში ისევ “ოცნების” მიერ უმრავლესობის აღება ოპოზიციის სერიოზულ დამარცხებას ნიშნავს. მისი აზრით, ამაში თავად ოპოზიციაა დამნაშავე”, - დასძენს გამოცემა.

 

“თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში ბარიერი 6-მა პარტიამ უკვე გადალახა. ანუ, მინიმუმ 2.5% პროცენტი ვისაც ექნება, ეს ერთ მანდატს უდრის. ხოლო რომელმა პარტიებმაც ეს ბუნებრივი ბარიერი ვერ გადალახეს, მათი კუთვნილი ადგილებიც ამ ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამიტომაც, პროპორციულ ნაწილში “ოცნებას” უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 19 მანდატი აქვს. ისევე როგორც მოგებული 9 მაჟორიტარულ ოლქში თბილისში და მხოლოდ 1-ში მეორე ტური ინიშნება. შესაბამისად, კალაძე როცა გაიმარჯვებს, მას მყარი უმრავლესობა უკვე ეყოლება, რადგანაც უმრავლესობის შესაქმნელად 26 მანდატია საჭირო“, - განმარტავს ბოჟაძე.

 

“გასაგებია, რომ მეორე ტური დაინიშნა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ საკრებულოში უმრავლესობა ისევ “ოცნებას” ექნება. რომც გაიმარჯვოს, პირობითად ოპოზიციურმა ლიდერმა, რა აზრი აქვს? მას იმდენი პრობლემა შეექმნება, ვერც იმუშავებს. ასე რომ, კალაძის გამარჯვება საკრებულოში უმრავლესობის აღებით დამატებით დაზღვეული იქნება. ეს კი ისევ ოპოზიციის ბრალია. ჩვენ გვახსოვს როგორ არასერიოზულად ეკიდებოდნენ საარჩევნო რეფორმას და ფაქტიურად “ოცნების” და “მოქალაქეების” მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემა უპრობლემოდ მიიღეს, ამიტომაც გარეთ დარჩენა მოუწიათ. საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება კალაძის გამარჯვების კიდევ ერთი წინაპირობაა. ოპოზიციურმა მერმა თუ გაიმარჯვა, მისთვის საკრებულო ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, ფაქტიურად ვერ იმუშავებს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 449 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.