"სახელმწიფო შრომისმოყვარე მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას არჩინოს ოჯახი"
მოგესალმებით, ხელვაჩაურელებო! დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და საუბარი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ. საერთოდ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების მეორე დღეს, ახლა ყველანი საარჩევნო ციკლში ვართ და განსაკუთრებით უკვე პირველი სექტემბრიდან ჩათვალეთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც კი 31 ოქტომბერს ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობაა, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა პირობა, რათა ღირსეულად იშრომონ და არჩინონ საკუთარი ოჯახები და სწორედ, ამიტომ შექმნა სახელმწოფომ სპეციალური პროგრამები, სხვადასხვა მიმართულებებით.
„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ერთ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული ეკონომიკა, ტურიზმიც და აქ ბევრი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს. სახელმწიფოს ძირითადი ვალი, მოვალეობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველას ის პირობა, რომ ღირსეულად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. სწორედ, ამიტომ შექმნა სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, სპეციალური პროგრამები, თითოეული მოქალაქისთვის - გლეხისთვის, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი, ის, ვინც ინდუსტრიაში მუშაობს, რომ დაიწყოს თავისი ბიზნესი და შექმნას საწარმო. ვინც ტურიზმის მიმართულებით არჩია შრომა, მას შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ შექმნას ტურისტული საწარმო. წელს ცოტა გაგვიჭირდა, პანდემიასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, გლობალურად, ხედავთ, რომ ტურიზმის ნაკლებობაა აჭარაშიც და მსოფლიოშიც, თუმცა ყველანი ერთად დავირაზმეთ, მთელი საქართველო და ვთქვით, რომ აღმოვაჩინოთ თავიდან ჩვენი ქვეყანა და შიდა ტურიზმის შედეგებს დღეს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რამდენი სტუმარი ჰყავს დღეს აჭარას. მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად გააზრებული. მაგალითად - „აწარმოე საქართველოში", ეს პროგრამები, რომლებიც აძლევენ შესაძლებლობას ადამიანს, რომელსაც შეუძლია, გარისკოს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, მიეხმაროს ყველანაირად ფინანსებით, ქონებით, ბევრი რამით, საკუთრებით, მიწით. ეს ყველაფერი არის იმისთვის გაკეთებული, რომ იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს რომელთაც შეუძლიათ ეფექტურად შრომა, შევუქმნათ ყველანაირი პირობები. დღეს მე მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ იმ ახალ პროგრამაზე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რომელიც მოიცავს „აწარმოე საქართველოს", სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებს, მაგრამ ყოველთვის პრობლემა იყო ის, რომ აქედან უნდა ჩასულიყავით თბილისში, სამინისტროში მისულიყავით, იქ მიგეღოთ გარკვეული მომსახურება. დღეს, ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა - „სახელმწიფო -შენი პარტნიორი", რაც ნიშნავს იმას, რომ 88 მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ცენტრებში და იუსტიციის სახლებში, კიდევ 24 იუსტიციის სახლში, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია, რა სახის პროგრამებში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მიდის დასახლებულ პუნქტში, ადამიანთან მიდის, თავის ქალაქში, თავის დაბაში, თავის სოფელში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ ადამიანს, რათა იშრომოს. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,"-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფოს მოვალეობაა წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ფუნქცია, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა. ის, რომ თქვენთან, აქ, არ უნდა იყოს გაზის, სასმელი წყლის, გზების პრობლემა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზები, გაზმომარაგება, სასმელი წყალი ბოლომდეა მისაყვანი. საქართველოს ბევრ რეგიონში, საირიგაციო წყალი ბოლომდეა მისაყვანი, სკოლებია გასარემონტებელი და ახალი ასაშენებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ხომ, ზოგიერთებივით, მხოლოდ ფასადურად, პიარს არ ვაკეთებთ, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, რომ მოდით, გავაგრძელოთ ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ერთად, იმიტომ, რომ ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არის დასასრულებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ანზორი, ისევე, როგორც ბატონი ფრიდონი, იქნებიან ერთი - საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და მეორე - აჭარის უმაღლეს საბჭოში, ღირსეული წარმომადგენლები თქვენი მუნიციპალიტეტის. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ ყველგან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გისურვებთ გამარჯვებას!,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი