“ოცნებას” ვურჩევ, რამდენიმე მინისტრის პორტფელი ოპოზიციას შესთავაზოს”

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ქმედებები და ეს სიჯიუტე. თუ მართლაც დგას პლებისციტის საკითხი, გამოდის, ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ მოსახლეობის თანხმობას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რატომ არიან დარწმუნებულნი, რომ ამ თანხმობას მიიღებენ? საქმე ის არის, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ არჩევნები ჩატარებულია, მეტიც - ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩეულმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს.

ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პარლამენტის დროულად ამოქმედებას და არა ხელახალ არჩევნებს. ჩემი აზრით, მთელი საზოგადოების, ამომრჩევლის უპატივცემულობაა დღეს ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” ვურჩევ, რამდენიმე მინისტრის პორტფელი ოპოზიციას შესთავაზოს” / “ხალხმრავალი თავყრილობები უნდა ყოფილიყო მკაცრ რეგულაციებში მოქცეული, ისე, რომ პოლიტიკურ და სიტყვის თავისუფლებას ავადმყოფობის თავისუფლება არ მოჰყოლოდა. ჩემი აზრით, აქ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგა”.

 

“ოპოზიციის გარდა ვინმე ამბობს რომ რომ არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები არალეგიტიმური ? არჩევნების ერთი ობიექტური დამკვირვებელიც კი არ არსებობს, რომელიც ამბობს, დარღვევები იყო ისეთი მასშტაბის, რომ შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა შედეგებზეო. მე რაც მოვისმინე, უფრო პირიქით ამბობენ, მეტიც - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ლამის პირდაპირ გვითხრეს, წინა არჩევნები ამაზე მეტი დარღვევით ტარდებოდაო... არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ ლაპარაკობს ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მაშ, რატომ უნდა ვენდოთ ოპოზიციის - დაინტერესებული მხარის სიტყვას? კარგი, მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ამას დასთანხმდებიან, თუ ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ? თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, დიდი შანსია, რომ მათ უარესი შედეგი მიიღონ, ვიდრე დღეს აქვთ. ეს განსაკუთრებით შეეხება პატარა პარტიებს. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იმ პარტიებს, რომლებსაც დღეს აქვთ პარლამენტში შესვლის შანსი, ამის იმედი ვეღარ ექნებათ, რადგან აუცილებლად ისევ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის ველად იქცევა ქვეყანა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“ჩემი აზრით, ეს პატარა პარტიები თუ ახლა არ შევლენ პარლამენტში, ცოტა ხანში საერთოდ დაიშლებიან. ამ ორომტრიალში ლოგიკას ვერ ვხედავ - გამოდის, არჩევნები იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ ამას ოპოზიცია მიიჩნევს საჭიროდ? არადა, მათ გარდა ეს არავის სურს... თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დათანხმდა, “ქართული ოცნება” მომხრეებს დაკარგავს და შეიძლება ამომრჩევლის 70-80%-მა აღარც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა... მე სოციალურ-ეკონომიკურ-პანდემიურ ვითარებასთან ერთად, უპირველსად, საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკას განვიხილავდი, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. როცა ასეთი დიდია ქართული პოლიტიკური პროცესის მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი, ეს მიანიშნებს საგარეო საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება ამ შიდაპოლიტიკური კინკლაობისა და დაპირისპირებისას აღარც გვახსოვს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრებისას “ნაციონალური მოძრაობიდან” თავისთან სალაპარაკოდ დაიბარა გრიგოლ ვაშაძე და კობა ნაყოფია. ეს უკანასკნელი დღესაც რუსეთის მოქალაქეა, ვაშაძეს კი, მოგეხსენებათ, რუსეთთან რა მჭიდრო ურთიერთობაც აქვს. უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ამერიკისთვის მხოლოდ შიდა პროცესი არ არის და ამაში ის, სავარაუდოდ, რუსეთის კვალს ხედავს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვაფრთხილებდნენ აშშ-ის ელჩიც და სხვა პარტნიორებიც, შეიძლება რუსეთმა თქვენს არჩევნებში ჩარევა სცადოსო. რუსეთისგან მომავალი საფრთხე დღეს ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს. კრემლი დაინტერესებულია, რომ კავკასიაში დასავლეთისთვის ოაზისად დარჩენილი საქართველოც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“სააკაშვილს სჩვევია დასწრებაზე თამაში, ანუ იმის სხვისთვის დაბრალება, რისი ჩამდენიც თვითონ არის. მაქვს ეჭვი, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ რუსულ თამაშს თამაშობს, თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ბევრი რამ მაეჭვებდა. მხოლოდ აგრესიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კურსის მაჩვენებელი, ეს შეიძლება შირმაც ყოფილიყო. ჩემთვის 2008 წლის ომი არის ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ დაასხა რუსეთის ინტერესებზე წყალი “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხომ გახსოვთ, ის ტერიტორიები, რომელიც მანამდე რუსეთისა და ადგილობრივი სეპარატისტების გავლენის ქვეშ არ იყო, ჯერ მიაწერა აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთს, შემდეგ კი, ამ ხუთდღიანი ომის შემდეგ, მათ გადასცა... ეს რით შეიძლება აიხსნას? ამაზე პასუხი დღემდე ვერ მოვისმინე... სააკაშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, რუსეთის გავლენით ბევრ რამეს აკეთებდნენ. ვგულისხმობ ცხონებულ კახა ბენდუქიძეს და გრიგოლ ვაშაძეს. მათ ემატება სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომლიც თავის დროზეც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში და ახლაც აქტიურად ცდილობს წყლის ამღვრევას. ეს ადამიანი ვის ინტერესებს იცავს, ყველას კარგად მოეხსენება... მე პირდაპირი ბრალდების წაყენების უფლება არ მაქვს, მაგრამ ეჭვისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიზეზია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მედასავლეთეები არიან, როცა სჭირდებათ, მაგრამ თუკი პარტნიორმა ქვეყნებმა მათთვის საჭირო ნაბიჯი არ გადადგეს, პირველები თვითონ ესვრიან ქვას. ამ ძალის პროდასავლურობა მე ძალიან მაეჭვებს. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გაარკვიოს ქართველმა საზოგადოებამ, თორემ კიდევ ბევრი შეცდომა შეიძლება დავუშვათ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას შიდა პოლიტიკურ ბრძოლას კი ვარქმევთ, მაგრამ იქნებ არც არის ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლა და საქართველო დღესაც საგარეო, დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლის არენაა?”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “თუმცა ძალიან ბევრი კითხვაა “ქართული ოცნებასთანაც”. მაგალითად, რატომ ვერ შეძლო და ვერ მოახერხა მან საერთო ენის გამონახვა ამ პატარა პარტიებთან, რომლებიც დღეს ისევ “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ?” - პასუხობს:

 

“ეს დიდი პრობლემაა, თუმცა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ამ ძალას. “ქართული ოცნება” ბევრ შეცდომა უშვებს. როგორც კი ძალაუფლება ხელში აიღეს, “ქართულ ოცნებაში” იმ წუთიდან უნდა ეფიქრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა მათი სერიოზული ოპონენტი ამ სიტყვის არა იმდენად პოლიტიკური, როგორც ძალისმიერი და დესტრუქციული გაგებით. წაგებისთანავე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა და მნიშვნელოვან სტრუქტურებში დატოვა, მეტიც - შეუშვა თავისი ხალხი და ამასთანვე, პოლიტიკურ პროცესში ჩართო უცხოელები, რათა მათ “ქართული ოცნებისგან” მოეთხოვათ კოაბიტაცია. აი, იქიდან იწყება ეს პრობლემები... “ნაციონალურ მოძრაობაში” კარგად იცოდნენ, რომ ბევრის მიმართ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა და ეს რომ პოლიტიკურ დევნად გაეფორმებინათ, ამისთვის სჭირდებოდათ კოაბიტაცია. ამასობაში “ქართულმა ოცნებამ” აღმოაჩინა, რომ საარჩევნოდ ხალხის “ნაციონალებით” დაშინება მისთვის მომგებიანი იყო და ასეც იქცეოდა აქამდე. ასე შეეხმატკბილნენ ერთმანეთს...”

 

“აი, ამიტომაც არ გაუწია “ქართულმა ოცნებამ” არც ამ არჩევნებზე ანგარიში პატარა პარტიებს, ამიტომ არ ელაპარაკა მათ, არ სცადა მათთან დიალოგი. იმედი ჰქონდათ, რომ მთავარ პრობლემად ისევ “ნაციონალებთან” დაპირისპირების წარმოჩენა მათი წარმატებისთვის საკმარისი იქნებოდა. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მმართველი გუნდი მიხვდება, როგორი სერიოზული დისკომფორტის წყაროა მისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და როგორ აღარ გამოდგება, რომ ვიღაცას “ქართული ოცნებისთვის” ხმა მიაცემინოს. “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა და, ამავდროულად, “ქართული ოცნების” პოპულარობის დაცემა ზრდის პატარა პარტიების მიმართ ინტერესს, რაც დავინახეთ ამ არჩევნებზე. ადრე თუ გვიან ეს ნაყოფს გამოიღებს და რომელიმე პარტია მესამე და ანგარიშგასაწევ ძალად მოგვევლინება, ოღონდ ამ პატარა პარტიებმაც უნდა გამოიჩინონ გონიერება და შეწყვიტონ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით მოქმედება...”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” დაუდგა გონზე მოსვლის დრო. კოაბიტაცია ნიშნავდა იმას, რომ არ დაწყებულიყო “ნაციონალების” დევნა, მაგრამ არავის ავალდებულებდა მათ დაწინაურებას. “ქართულმა ოცნებამ” თუნდაც მხოლოდ მოსამართლეების დანიშვნით უდიდესი დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს და საბურთაოდ გაიხადა თავისი სახელი. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, ეს რაში სჭირდებოდათ. კიდევ ბევრი იყო გაუმართლებელი ნაბიჯი, განსაკუთრებით - საკადრო პოლიტიკაში, თუნდაც პრემიერების ასეთი ხშირი ცვლა გავიხსენოთ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როდესაც ივანიშვილმა ხალხს ბოდიში მოუხადა და ცვლილებებს დაჰპირდა, ისიც თქვა, შეიცვლება საკადრო პოლიტიკაო, ანუ გაირკვა, რომ მშვენივრად ხედავდა პრობლემებს, თუმცა სცადა თუ არა მათი აღმოფხვრა, ძნელი სათქმელია...”, - ვარაუდობს ექსპერტი.

 

“სიმართლე გითხრათ, ველოდი მრავალპარტიულ პარლამენტს და იმედი მქონდა, რომ კოალიციური მთავრობა გვექნებოდა. ასეთ დროს მთავრობაში საკვანძო პორტფელებს - პრემიერის, ძალოვანი მინისტრების - ინარჩუნებს ხოლმე ის პარტია, რომელსაც მეტი ხმა აქვს... მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მე მაინც ვურჩევდი მათ, რამდენიმე მინისტრის პორტფელი ოპოზიციური ძალების მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის გადაეცათ... თავის დროზე, როდესაც შევარდნაძემ “მოქალაქეთა კავშირით” გაიმარჯვა, მე ვიყავი პარლამენტარი. მაშინ მას შეეძლო, დამოუკიდებლად დაეკომპლექტებინა მთავრობა, მაგრამ ამის ნაცვლად რამდენიმე პარტიას მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის საშუალება. პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად დღესაც უპრიანი იქნებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, კარგი იქნებოდა გამოეკვლიათ, რომელ სამინისტროსა და მინისტრს ენდობა საზოგადოება და ამის მიხედვით შეეცვალათ ან დაეტოვებინათ ეს მინისტრები... მაგალითად, კვლევის გარეშეც ჩანს, რომ სამწუხაროდ, ეკა ტიკარაძე მაინცდამაინც საზოგადოების ნდობით ვერ სარგებლობს, ვერ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რასაც ამბობს, თვითონ მაინც სჯერა. დამფრთხალი, შეშინებული თვალებით ლაპარაკი ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის წამგებიანია”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

 

“რაც შეეხება პანდემიურ ვითარებას, მოდი, დავიწყოთ იმით, რომ პანდემიის მეორე ტალღა მთელი მსოფლიოსთვის აღმოჩნდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ელოდნენ. ვფიქრობ, ისევე, როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, არც ჩვენ ველოდოთ ამას და ვერც სათანადოდ მოვემზადეთ. მიზეზებს უფრო თუ ჩავუღრმავდებით, ერთ-ერთი მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ შიდა ტურიზმს მეტისმეტად დიდი თავისუფლება მივეცით, თანაც, პრაქტიკულად, დამცავი რეგულაციების გარეშე. ზაფხულშიც ისეთივე სიმკაცრე რომ ყოფილიყო, როგორიც იყო დასაწყისში - ვგულისხმობ რეგულაციების დაცვას და არა - ლოკდაუნს, შეიძლება დღეს უკეთესი ვითარება გვქონოდა. ვიცით, რაც მოხდა აჭარაში და შემდგომ სწორედ აჭარა გახდა კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების წყარო. იქნებ უპრიანი ყოფილიყო იმ ეტაპზე აჭარის და საკურორტო ზონების დროებით ჩაკეტვა. გარკვეული როლი და არცთუ მცირე იმ დიდმა ღონისძიებებმაც ითამაშა, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმართებოდა. ვფიქრობ, ეს ხალხმრავალი თავყრილობები უნდა ყოფილიყო მკაცრ რეგულაციებში მოქცეული, ისე, რომ პოლიტიკურ და სიტყვის თავისუფლებას ავადმყოფობის თავისუფლება არ მოჰყოლოდა. ჩემი აზრით, აქ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგა”, - დასძენს ექსპერტი.

წაკითხვა 1239 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.